19.02.2017
ონლაინგამოცემები დეტალურად აღწერდნენ თვითმკვლელობის მეთოდს, ადგილს და მიზეზს.
მაგალითად, „kvira.ge-ს სტატიაში დასახელებულია გარდაცვლილისა და მისი ყოფილი შეყვარებულის სამუშაო ადგილი. მედიასაშუალებამ ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების ვინაობისა და მათი პროფესიული საქმიანობის შესახებაც გამოაქვეყნა ინფორმაცია. გარდა ამისა, დასახელებულია სუიციდის მიზეზი. სტატიაშივე ვხვდებით გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლის მისამართსა და თვითმკვლელობის მეთოდის დეტალურ აღწერას. მასალის ბოლოს კი ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარი თვითმკვლელობაც გაიხსენა: „სავარაუდო მოტივი ამ შემთხვევაშიც, „სიყვარულია“- წერს ჟურნალისტი.
თემა primetime.ge-ს, ambebi.ge-ს, და ნიუპოსტის მასალებშიც სენსაციურ კონტექსტში გაშუქდა, დეტალურად იყო გადმოცემული თვითმკვლელობის მიზეზები, რაც სუიციდის რომანტიზებას უწყობდა ხელს.
სუიციდი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემაა, ამიტომ მისი გაშუქება მრავალი ეთიკური დილემის გადაჭრას მოითხოვს. „ევროპოს დართ ცენტრის“ მიერ სუიციდის თემის ეთიკური გაშუქებისთვის გამოცემულ ბროშურაში საუბარია ე.წ „გადამდებ სუიციდზე,“ რაც გულისხმობს, რომ „სუიციდის გაშუქება, განსაკუთრებით, დეტალების აღწერა, ზრდის სუიციდის რიცხვს (გამოკვლევები მიუთითებს, რომ საშუალოდ 2.5%-ითმატულობს სუიციდის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც თვითმკლელობის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება).“ სწორედ ამიტომ სუიციდის გაშუქებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული დეტალების გაუმჟღავნებლობის პრინციპი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, დაუშვებელია, როცა მედია ზედმიწევნით აღწერს ცნობილი ადამიანების თვითმკვლელობას, აქვეყნებს ინფორმაციას სუიციდის მეთოდის შესახებ, აჩვენებს დადგმულ სცენას (რეკონსტრუქციას) ან ამართლებს სუიციდს, როგორც კრიზისსა და უბედურებაზე მისაღებ რეაქციას.
თვითმკვლელობის გაშუქებისთვის სახელმღავნელო რეკომენდაციებს შეიცავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გამოცემული „სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებიც.“