ლეონიდ ჩერნოვეცკი - სიახლეები ერთნაირი სათაურებით, ტექსტით, ფოტოებით და კორექტურული შეცდომებით
14.03.2017
უკრაინელი მილიარდერის, კიევის ყოფილი მერის, საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობისა“ და პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დამაარსებლის ლეონიდ ჩერნოვეცკის ფეისბუკ სტატუსები თუ აქტივობები რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ ზუსტად ერთი და იმავე პერიოდულობით, ერთნაირი სათაურებით, ტექსტებითა და ფოტოებით აქტიურად შუქდება. ტექსტებში კორექტურული და მექანიკური შეცდომებიც კი იდენტურია.

2017 წელს ლეონიდ ჩერნოვეცკის გაშუქება „presa.ge-მ,“ და „newpost.ge-მ“ ერთდროულად, 5 იანვრიდან დაიწყეს. საიტების საძიებო სისტემით დათვლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 5 იანვრიდან დღემდე, ორივე გამოცემაში, ჩერნოვეცკის შესახებ 36 სიახლე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, იდენტური სიახლეები news.ge-ზეც ქვეყნდება, თუმცა ყველა სიახლეს, გარდა ოთხისა, R ნიშანი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასალა სარეკლამოა, იდენტურ სიახლეებს “presa.ge-სა“ და „newpost.ge-ზე“ კი ამგვარი ნიშანი არ აქვს, შესაბამისად, მკითხველისთვის აღიქმება, როგორც სარედაქციო მასალა. (კონკრეტულ მაგალითს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე: news.ge, newpost.ge, presa.ge )

„შრომა სირცხვილი არ არის, მაგრამ ბავშვები, პირველ რიგში, სკოლაში უნდა დადიოდნენ,“ - ეს წელს დაწერილი პირველი სიახლის სათაურია. სიახლეში ჩერნოვეცკის ფეისბუქ სტატუსია მოცემული. უცნაურია, რომ ზუსტად ამავე სათაურით, იდენტური ტექსტითა და ფოტოთი გამოქვეყნდა მასალა სამივე საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე. მეტიც, „news.ge-სა“ და „newpost.ge-ზე“ ზუსტად ერთსა და იმავე დროს (15:44 სთ-ზე) განთავსდა, 8 წუთით გვიან აიტვირთა იგივე მასალა „presa.ge-ზე“. რეკლამის ნიშანი ამ შემთხვევაში, არც news.ge- ზე გვხვდება.

ასეთივე ვითარებაა 9 იანვარს გამოქვეყნებულ მასალებშიც. „ჩერმოვეცკის ფონდი – ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. სასტუმრო „მერკურმა“ ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები საზეიმო საახალწლო წვეულებაზე დაპატიჟა,“ - ასე იწყება სიახლე ყველა საინფორმაციო სააგენტოს მასალაში, ამჯერად ერთნაირია კორექტურაც - სამივე საინფორმაციო სააგენტოს ტექსტში რატომღაც ერთნაირი მექანიკური შეცდომა გვხვდება(„ჩერმოვეცკი“ ჩერნოვეცკის ნაცვლად). გარდა ამისა, ამ სიახლეს news.ge-ზე R ნიშანი აქვს, presa.ge-ზე და newpress.ge-ზე კი სარედაქციო მასალის ფორმით დევს.

„ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა,“ - ასე იწყება ამ დროისთვის ბოლო, 13 მარტის ყველა მასალა. შემდეგ კი სრულადაა გამოქვეყნებული ჩერნოვეცკის ფეისბუკპოსტი.

ყველა სიახლეებში ლეონიდ ჩერნოვეცკი პოზიტიურადაა გაშუქებული: ჟურნალისტები ყვებიან, როგორ მოუწყო ექსკურსია ბავშვებს ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა, როგორ დაპატიჟა ამავე ფონდის მზრუნველობის ქვეს მყოფი პატარები წვეულებაზე, როგორ გაამახვილა ჩერნოვეცკიმ ყურადღება ხანშიშესული ადამიანების პრობლემებზე. „მე ყოველთვის ვცდილობ ბავშვებს დღესასწაული ვაჩუქო. ყველაზე მეტად მათი ბედნიერი სახეების ხილვა მაბედნიერებს! პატარებს სასწაულების ყოველთვის უნდა სწამდეთ და ოცნებით არასდროს უნდა დაიღალონ!“ - ვკითხულობთ ერთ-ერთ სიახლეში ჩერნოვეცკის სიტყვებს.

იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოები ერთნაირი სათაურებით, ზუსტად ერთნაირი ტექსტებით, ერთნაირი კორექტურული შეცდომებით და ერთნაირი ფოტოებით აქვეყნებს მასალებს, ხშირ შემთხვევაში კი ერთსა და იმავე სიახლეს news.ge-ზე R ნიშანი აქვს, presa.ge-ზე და newpost.ge-ზე კი სარედაქციო მასალით ქვეყნდება, ჩნდება ეჭვი, რომ მასალები სარეკლამო ხასიათისაა და მომზადებულია არა რედაქციების მიერ, არამედ მათი ავტორი თავად ლეონიდ ჩერნოვეცკი ან მისი პიარ სამსახურია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ