მედია, როგორც კიბერბულინგის წყარო
03.04.2017
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ტელეკომპანია “Music Box-ის” მიერ ჩაწერილი ინტერვიუ რეალითი შოუს ყოფილ მონაწილესთან. “ცნობილი ადამიანი ხარ და გამოდიხარ საზოგადო მოღვაწე, შენი აზრით, ხარ თუ არა ღირსი, რომ დაგასაფლაონ პანთეონში?” - ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ შეკითხვას რესპონდენტმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ის პანთეონში დაკრძალვის ღირსია. ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის საუბარი იმ თემაზე გაგრძელდა, თუ სად იქნებოდა უმჯობესი პანთეონის მოწყობა - მახათას მთაზე თუ დიდუბეში.

ვიდეო ტელეკომპანიამ Youtube- ს საკუთარ არხზე განათავსა და მას 10 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ამავე ვიდეოს კომენტარების ველში განთავსებული გამოხმაურებების უმეტესობა მკვეთრად ნეგატიური, შეურაცხმყოფელია რესპონდენტის მიმართ. ვიდეო დამცინავი კომენტარებით აქტიურად გაზიარდა სოციალური ქსელითაც.

ქმედება, როცა ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ონლაინფორუმი და სხვა ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენება იმ მიზნით, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს, დაემუქროს ან დაამციროს სხვა ადამიანი, - სწორედ ასე განიმარტება “კიბერბულინგის” ცნება. ბოლო პერიოდში კიბერბულინგის პრობლემა ქართულ რეალობაშიც გააქტიურდა, სოციალურ ქსელებში ზიარდება ვიდეოები თუ ტექსტები, რომლებიც საყოველთაო დაცინვის ობიექტად აქცევს ამა თუ იმ პირს. ხშირია შემთვევები, როდესაც კიბერბულინგის პირველადიწყარო ტრადიციული მედია ხდება - მედიაში გასული სიუჟეტი სოციალური ქსელში ვრცელდება და ბულინგი ინტერნეტსივრცეში გრძელდება.

2013 წელს კვლევითმა კომპანიებმა IZI და LfM-მა გერმანული ტალანტ შოუების მონაწილეები გამოკითხა. მათ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა ნაწილისთვის ტალანტ შოუში მონაწილეობა “მატრავმირებელი გამოცდილება იყო”, ნაწილს კი პროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა. ტალანტ შოუების მონაწილეები კიბერბულინგის მსხვერპლნი არაერთხელ გამხდარან საქართველოშიც.

კიბერბულინგის წყაროა სატელევიზიო ქუჩის გამოკითხვებიც. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ მოსახლეობის განათლების დონის შემოწმება ქუჩის გამოკითხვის ჩატარებით გადაწყვიტა. ჟურნალისტი რესპონდენტებს შეკითხვებს საქართველოს ისტორიიდან, ლიტერატურიდან უსვამდა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა ნაწილმა არ იცოდა, რომ დათა თუთაშხია რეალური ადამიანი კი არა, წიგნის პერსონაჟია, არ იცოდა, ვინ იყო დავით აღმაშენებელი თამარ მეფისთვის, არ იცოდა, რა მოხდა 9 აპრილს და რა მოვლენას უკავშირდებოდა ეს თარიღი. მოსახლეობის განათლების დონის შესამოწმებლად ჩატარებულმა ქუჩის გამოკითხვამ სოციალურ ქსელებში დიდი დისკუსია გამოიწვია. ვიდეო ვირუსივით გაზიარდა სოციალურ ქსელებში, კომენტარებში კი მომხრმარებლები ხაზს გამოკითხვის მონაწილეთა გაუნათლებლობას უსვამდა.

იმ ინტერვიუში კი, რომელიც გასულ კვირას სოციალურ ქსელებში “გავირუსდა”, რესპონდენტი, გარდა პანთეონისა, საუბრობს რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტზეც, როდესაც ის კიდევ ერთხელ იქცა ინტერნეტში საყოველთაო დაცინვის ობიექტად, ერთ-ერთ ტალანტშოუში შესრულებული ცეკვის გამო. რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მისთვის ეს დიდი ტრავმა იყო და საკმაო ძალისხმევა დასჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

რა ხდება მაშინ, როცა კიბერბულინგის პირველადი წყარო ტრადიციული მედიაა, არის თუ არა მედია პასუხისმგებელი მაშინ, როცა სწორედ ის ხდება კიბერბულინგის პირდაპირი ან ირიბი მაპროვოცირებელი? გავცელებულმა ვიდეომ ეს დისკუსიაც წარმოშვა.

ჟურნალისტი ლაშა ქავთარაძე ფიქრობს, რომ არის შემთხვევბი, როცა რთულია წინასწარ ივარაუდო, რა ტიპის მასალა გახდება ვირუსული და რა არა რადგან, გარკვეული თვალსაზრისით, ვირუსულობის ფენომენი ირაციონალურია და ის, რაც სრულიად ნეიტრალურ კონტენტად გვეჩვენება, შესაძლოა მეორე დღეს სოციალური ქსელების და ფორუმების ჰიტი გახდეს და ცხადია, ასეთ დროს, მედიის პასუხისმგებლობაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, როგორც წესი, მაინც შესაძლებელია წინასწარვე დავინახოთ, რა შეიძლება გახდეს ვირსული, რა განაპირობებს ხოლმე ამა თუ იმ ამბის, მოვლენის ან პერსონის ვირუსულობას, მედიის პასუხისმგებლობის საკითხიც სწორედ ასეთ შემთხვევაში დგება:

“მაგალითად, როდესაც ადამიანს შეგნებულად უსვამ შეკითხვას, რომლის შესახებაც მას ინფორმაცია არ გააჩნია, ან პასუხის გაცემის შემდეგ ხედავ რომ ის ამ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ ამ მასალას მოგვიანებით მაინც აქვეყნებ იმისათვის, რომ მაყურებელი თუ მკითხველი გააცინო, გაართო და აჩვენო თუ როგორი სულელია შენი რესპონდენტი, რა თქმა უნდა, აქ მედიის პასუხისმგებლობა დიდია. განსაკუთრებით ეს ტენდენცია შესამჩნევია ე.წ. ტალანტ შოუებში, სადაც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა უნარებს ფლობს შოუს მონაწილე. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ადამიანი ვერ აანალიზებდეს სრულყოფილად რისი უნარი აქვს მას და რისი არა, მაგრამ ეს არ უნდა აძლევდეს მედიას იმის მორალურ უფლებას, რომ ეს ადამიანი აქციოს მაყურებლების გასართობ საგნად. განსაკუთრებით საფრთხილოა, როდესაც საუბარი შეეხება ბავშვებს. არა იმიტომ, რომ ბავშვები ხელშეუხებლები არიან და მათ მიმართ ასპროცენტიანი სტერილური მიდგომა უნდა გვქონდეს, არამედ იმიტომ, რომ ბავშვები თავიანთი სოციალური როლიდან გამომდინარე, აპრიორი ისეთ პოზიციაში არიან, რომ მედიამ შესაძლოა ძალიან ადვილად დაუშავოს რაიმე, რაც მოგვიანებით, ნეგატიურ გავლენას იქონიებს მათ განვითარებასა და ცხოვრებაზე. ამისი არაერთი მაგალითი არსებობს და ინტერნეტში უამრავი მასალის მოძიება შეიძლება, როდესაც ერთი შეხედვით ბავშვების სასაცილო პასუხები ინტერნეტ მომხმარებლების ფანტაზიის გავარჯიშების ობიექტი გამხდარა. მედიის პასუხისმგებლობა კი უპირველეს ყოვლისა არის შემდეგი - მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს, არ უნდა წაახალისოს ადამიანების გადაქცევას დაცინვის ობიექტად ან ინტერნეტ-მემეებად. მედიას ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ პატივი სცეს ადამიანის ღირსებას და ამ ღირსების შებღალვის ხარჯზე არ მოიპოვოს რეიტინგი თუ სარეკლამო შემოსავლები” - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილიც ფიქრობს, რომ როცა ჟურნალისტი იცავს პროფესიულ სტანდარტებს, მისი მასალა ვერ იქცევა კიბერთავდასხმის წყაროდ:

“ძალიან ცუდია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება განზრახ ართმევს ინტერვიუებს ზოგიერთ ადამიანს იმისათვის, რომ შემდეგ მათი ვიდეოები ათასობით ადამიანმა ნახოს და მერე ეს ადამიანები, ასევე ათასობით ადამიანის მხრიდან, კიბერ ბულინგის მსხვერპლად იქცნენ. ეს საქციელი არანაირ ჟურნალისტურ და ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება. მედიის პასუხისმგებლობაა შექმნას ისეთი მასალა, რომელიც არ იქცევა კიბერბულინგის თემად. მედიის პასუხისმგებლობაა იცავდეს სტანდარტს და როდესაც ჟურნალისტი იცავს სტანდარტს, მისი მასალა ვერ იქცევა კიბერ თავდასხმის ნიადაგად”.

ნეტგაზეთის რედაქტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი მაია მეცხვარიშვილიც ფიქრობს, რომ მედიამ წინასწარ უნდა იფიქროს, რა შედეგი შეიძლება მოყვეს მის მიერ გავრცელებულ მასალას:

“ყველაზე ხშირად, მსგავსი დილემის წინაშე ჟურნალისტი შეიძლება დადგეს, როდესაც, მაგალითად, საპროტესტო აქციას აშუქებს. შესაძლოა, აქციის მონაწილე რომელიმე პირის ვიზუალი ან სინქრონი გახდეს საზიგადოების დაცინვის ობიექტი. თავისთავად ცხადია, როდესაც ასეთ მასალას ჟურნალისტი იღებს, მაშინვე უნდა დაფიქრდეს, რა არის მისი მოტივაცია. თუ მისი მოტივაცია არის გაშუქება იმისა, თუ რა ხდება ღონისძიებაზე, მაშინ მისი ინტერესის საგანი არცერთ ვარიანტში არ უნდა იყოს რესპონდენტის სასაცილო ობიექტად წარმოჩენა. აქ საზოაგდოების ინტერესი არის უშუალოდ მოვლენის მიმართ. ამდენად, ამაზე მუდმივად უნდა ფიქრობდეს ჟურნალისტი”.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ კიბერბულინგს ადამიანის ფსიქიკურ მდომარეობაზე განსაკუთრებული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია:

“რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი, რომელიც საჯარო დაცინვის ობიექტია, რომლის ფოტო, ვიდეო ან ე. წ. სქრინშოტი გვერდიდან გვერდზე გადადის და უკვე ათასობით "სიცილაკი" აქვს? ადამიანებს ძალიან უჭირთ სირცხვილის განცდასთან გამკლავება, სირცხვილის ოჯახის წინაშე, მეგობრების წინაშე, მთელი ქვეყნის წინაშე, თუმცა ყველაზე დამანგრველი საკუთარი თავის შერცხვენილად აღქმა და საკუთარი თავის წინაშე სირცხვილია, რასაც შედეგად, შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული ემოციური პრობლემები. ჩვენ აქ პრობლემათა ფართო სპექტრი შეიძლება მივიღოთ, დაწყებული რევანშისტული, უკიდურესად აგრესიული რეაქციებით, დასრულებული უკიდურესი იზოლაციით”- ამბობს მაია ცირამუა. მისი აზრით, კიბერბულინგის თემას კიდევ უფრო დრამატულს ხდის თანამედროვე კომუნიკაციური გარემო - ის რაც ერთხელ შენზე გამოქვეყნდება, სამუდამოდ რჩება ციფრულ მეხსიერებაში: “სტიგმა, რომელსაც გადებენ, მარადიულია, რადგან, რა წამსაც "თავს ამოყოფ" და მოუნდებათ შენი განიარაღება, ვირტუალური მეხსიერებიდან ამოქექილი "მასალა" თავის ფუნქციას ყოველთვის შეასრულებს”.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ