23.03.2017
დეზინფორმაცია ამერიკული ფონდის ფინანსების შესახებ
ინტერვიუში ლევან ჩაჩუა ამბობს, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ, აშშ–ს ახალი ადმინისტრაცია “დაუპირისპირდა მარგინალურ ლიბერალურ ინტერნაციონალს, რომელმაც მსოფლიოში ხალხს თავი მოაბეზრა. თეთრი სახლი ორიენტირებულია ღვთის რწმენაზე, პატრიოტიზმსა და ოჯახების სიძლიერეზე. ამერიკამ ხელი აიღო სექსუალური უმცირესობების უფლებების აგრესიულ დაცვასა და ცხოვრების წესის სხვა ქვეყნებისათვის მოხვევაზე. ეს მიმართულებები არ ფინანსდება”.
ჩაჩუას აღნიშნულ ჰომოფობიურ განცხადებასა და არსობრივად მცდარ ინფორმაციას არ მოჰყოლია ჟურნალისტის კრიტიკული შეკითხვები, მაგალითად, საიდან ასკვნის, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია სექსუალური უმცირესობების უფლებები და რაში გამოიხატება აღნიშნული საკითხისთვის ნაკლები მნიშვნელობის მინიჭება. მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაციამ თქვა, რომ ის ძალაში ტოვებს ბარაკ ობამას მიერ 2014 წელს მიღებული ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, სამუშაო ადგილებზე იკრძალება სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ტრამპი თავის საარჩევნო კამპანიისას ხაზს უსვამდა ლგბტქი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი, ინტერსექსი) პირების უფლებების დაცვის მნიშვნელობას.
ფოტო: Reuters/Carlo Alleg
ლევან ჩაჩუა ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ “ლიბერალურ ინტერნაციონალს შავად აქვს საქმე” და ამის დასტურად ის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ასახელებს:
“ეს ახალი ამბავია და საჯაროდ პირველად ვამბობ. საქართველოში აშშ–დან ჩამოდის პროკურორთა ჯგუფი. ამერიკელმა პროკურორებმა უნდა შეისწავლონ იმ გრანტების ხარჯვის მიზნობრიობა და კანონიერება, რომელიც საქართველოს გამოეყო. ეს იუსაიდის ეგიდით გამოყოფილი გრანტებია”.
ლევან ჩაჩუა ასევე ამტკიცებს, რომ მსგავსი გამოძიება უკრაინაში უკვე მიმდინარეობს და საქმე უკავშირდება ფულის შესაძლო გათეთრებას. მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ “საქმეში სენატორ მაკკეინის ხელი ურევია”.
ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში ამერიკელი პროკურორების ჩასვლისა და USAID–ის ფინანსების კვლევის შესახებ, მით უმეტეს ამ საქმეში მაკკეინის რაიმე სახით მონაწილეობაზე, სიცრუეა. მსგავსი ინფორმაცია არც ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებულა და არც აშშ–ს მთავრობას განუცხადებია.
პირიქით, 22 მარტს ცნობილი გახდა, რომ USAID–მა უკრაინაში “ფინანსური სისტემის ტრანსფორმაციისთვის” 23 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი წამოიწყო. პროექტის მნიშვნელობაზე კი უკრაინაში აშშ–ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა, ჯორჯ კენტმა ისაუბრა. USAID საქმიანობას ჩვეულებრივ აგრძელებს საქართველოშიც.
“ახალი თაობა” არ დაინტერესებულა, საიდან ჰქონდა ინფორმაცია ლევან ჩაჩუას საქართველოში ამერიკელი პროკურორების ჩამოსვლის შესახებ, ან უკრაინაში დაწყებულ გამოძიებაზე. ჟურნალისტს ამ საკითხებზე კრიტიკული კითხვები არ დაუსვამს. პირიქით, როდესაც რესპონდენტმა საქართველოზე ისაუბრა, ჟურნალისტმა მას შეახსენა: “უკრაინაშიც უნდა შეესწავლათ ამერიკული თანხების საკითხი”. სწორედ ამ შეხსენებას მოჰყვა ჩაჩუას კომენტარი უკრაინაში გამოძიების წარმოებაზე და საქმეში მაკკეინის ჩართულობაზე.
პოლიტიკური განცხადებები USAID–ის შესახებ ამერიკაში
შესაძლოა, ლევან ჩაჩუას კომენტარი USAID-ის შესახებ იყოს აშშ–ს პოლიტიკურ წრეებში დაწყებული დისკუსიის ინტერპრეტაცია, რომელსაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს.
მიმდინარე წლის მარტში რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს წერილი მისწერა. დეპუტატებმა ტილერსონს მოუწოდეს, შეესწავლა USAID–ის მიერ აშშ–ს საზღვრებს გარეთ დახარჯული თანხების მიზნობრიობა, კერძოდ, აშშ–ს გადამხდელების ფულით რატომ ფინანსდება ისეთი “მემარცხენე, რადიკალური” ორგანიზაციები, როგორიცაა ჯორჯ სოროსის ფონდი “ღია საზოგადოება”. მაგალითად კი მოყვანილია მაკედონიაში სოროსის ფონდის მიერ USAID-ის ფულით ოპოზიციურად განწყობილი სამოქალაქო აქტივისტების დაფინანსების საკითხი.
სენატორები წერილში წერენ, რომ მათთან ვიზიტისას სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები გამოთქვამენ წუხილს “ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულით მათ ქვეყანაში ოპოზიციური მოძრაობების დაფინანსების გამო”. თუმცა, აღნიშნულ წერილში არაფერია ნათქვამი საქართველოსა და უკრაინის შესახებ.
ამერიკელ რესპუბლიკელებსა და მემარცხენე ჯორჯ სოროსს შორის პოლიტიკური დაპირისპირება ახალი ამბავი არ არის. ჯორჯ სოროსი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის ერთ–ერთი აქტიური მოწინააღმდეგე იყო. შესაბამისად, დონალდ ტრამპი კეთილგანწყობილი არ არის და ჯორჯ სოროსისა და მისი ფონდის საქმიანობის მიმართ იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო. მას სოროსი არაერთხელ გაუკრიტიკებია საჯაროდ.
გარდა ამისა, ტრამპის პოლიტიკა გულისხმობს მეტი რესურსის დახარჯვას ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და ნაკლები ყურადღების გამახვილებას სხვა ქვეყნებში არსებულ პრობლემებზე. ეს იყო მისი ერთ–ერთი წინაასაარჩევნო დაპირება. სწორედ ამიტომ გადაწყდა სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირება. თუმცა, არანაირი ოფიციალური გამოძიება, ან მოკვლევა USAID-ის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, არ დაწყებულა, ლევან ჩაჩუასა და “ახალი თაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი სიმართლეს არ შეესაბამება.
ვინ არის ლევან ჩაჩუა?
ლევან ჩაჩუა. ფოტო: რადიო თავისუფლება / მზია საგანელიძე
ლევან ჩაჩუა იყო “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი”. ის იმ პირებს შორის იყო, რომლებიც 2010 წელს ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში შეიჭრნენ და შემდეგ დააპატიმრეს. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ხულიგნობის გამო. ჩაჩუამ ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით, ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ დატოვა.
ჩაჩუამ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც სცადა. მან 2014 წელს რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას აცნობა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეის” დაფუძნების შესახებ. აღნიშნულმა პარტიამ შემოწირულობები მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში მიიღო და მისი ჯამური ოდენობა 14 459 ლარი იყო.