08.02.2017
რუსთავი 2-ის დღის მთავარმა საინფორმაციო გამოშვება „კურიერმა“ და იმედის 8 საათიანმა „ქრონიკამ“ მაყურებელს თემაზე პარალელური რეალობა შესთავაზა.
რადიკალურად განსხვავებული აქცენტები გაკეთდა წამყვანების შესავალ ტექსტებში.
შესავალი ტექსტები
კურიერი: „თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შვილთან დაკავშირებული სკანდალი დღეს კიდევ უფრო ხმაურიანი გახდა. მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ორი წლის წინ მომხდარი ქურდობის საქმეში დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების არსებობის შესახებ გააკეთა განცხადება, დღეს უკვე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. განცხადებების შინაარსი შეცვალა თავად უმრავლესობის დეპუტატმაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ უარყოფს, რომ ქურდობის ფაქტზე თავის დროზე გამოძიება დაიწყო და საქმეში დავით სესიაშვილიც ფიგურირებს, ოღონდ არა ბრალდებულის სტატუსით. დღეს განსხვავებული იყო დაზარალებულების პოზიციაც, გუშინდელი უარყოფის შემდეგ, მათ აღირეს, რომ დეპუტატის შვილს კარგად იცნობენ“.
ქრონიკა: "ნაციონალური მოძრაობის მორიგი ფუჭი პრესკონფერენცია, რომელიც, საბოლოოდ, მხოლოდ ჭორაობა აღმოჩნდა. ოპოზიციურმა პარტიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შვილი, რომელიც სუსის თანამშრომელია, სკანდალშია გახვეული. უფრო ზუსტად მისი თითების ანაბეჭდები ქურდობის საქმეში ფიგურირებს და ეს გამოძიებამ დამალა. დღეს კი ირკვევა, რომ თითის ანაბეჭდები ნამდვილად აღმოჩნდა, ოღონდ ავტომანქანა ირაკლი სესიაშვილის შვილის მეგობრის იყო და ამას ეჭვი თავად გაქურდული ავტომობილის პატრონში არ გამოუწვევია. ყველას გვახსოვს ბათუმის მოვლენების დროს ნაციონალების მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, რომლის უარყოფაც მათ მეორე დღესვე მოუხდათ, იგივე განმეორდა ახლაც. ოპოზიციური პარტია გუშინდელი სკანდალური ბრიფინგს შემდეგ, დღეს იძულებული გახდა ტონი შეერბილებინა".
სიუჟეტების მთავარი აქცენტები
კურიერის სიუჟეტში მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ირაკლი სესიაშვილი და გაქურდული მანქანის საქმეში დაზარალებულები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.
ქრონიკის სიუჟეტში ძირითადი აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
კურიერის სიუჟეტში მოვისმინეთ, რომ „თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ინფორმაციის გასაჯაროებიდან მალევე საერთოდ უარყოფდა 2015 წელს ჩადენილ ქურდობის საქმეში მისი შვილის კვალის არსებობას, დღეს აცხადებს, რომ ამ საქმეში დავით სესიაშვილის ანაბეჭდებიც არის და ამას მანქანის სავარაუდო მეპარტონესთან მეგობრობით ხსნის“. სიუჟეტში ვერ მოვისმინეთ, რამ გამოწვია განსხვავებული განცხადებების გაკეთება, ეს სესიაშვილისთვის ჟურნალისტს არ უკითხავს.
ქრონიკის სიუჟეტში მოვისმინეთ, რომ ირაკლი სესიაშვილი პროკურატურას მიმართავს, საქმის გამოძიებასა და სიმართლის დადგენას ითხოვს, მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. სიუჟეტში, კურიერის მასალისგან განსხვავებით, აქცენტი არ გაკეთებულა იმაზე, რომ სესიაშვილის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია.
კურიერის სიუჟეტში ისიც ითქვა, რომ მანქანის ქურდობის საქმეში დაზარალებულები გუშინ „კატეგორიულად გამორიცხავდნენ დავით სესიაშვლთან მეგობრობას“, დღეს კი ამბობენ რომ მას ახლოს იცნობენ.
ქრონიკის სიუჟეტის მიხედვით კი, „ნიკოლოზ სანაია 2015 წელს მომხდარ ქურდობაში მეგობრის, დავით სესიაშვილის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს“. “პოლიტიკაში გადატანილი საქმის მთავარი გმირი“ - ასე გაგვაცნეს მანქანის მფლობელი ნიკოლოზ სანაია ქრონიკის სიუჟეტში, აღინიშნა, რომ ის სესიაშვილის შვილის უახლესი მეგობარია. შემოგვთავაზეს სანაიას კომენტარები, რომელიც იმავეს იმეორებდა, რაც ჟურნალისტმა პერიფრაზის სახით თქვა.
კურიერის სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს: “ირაკლი სესიაშვილის მხრიდან ურთეირთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთების შესახებ საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში“, მის ამ ტექსტს მოსდევს ნაციონალური მოძრაობის წევრის, კოტე იოსელიანის, კომენტარი, რომელშიც ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ირაკლი სესიაშვილი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.
ქრონიკის სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს: „კოტე იოსელიანმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ნათქვამი დღეს შედარებით შეარბილა, აქამდე ქურდობასთან დავით სესიაშვილის კავშირს დარწმუნებით ამტკიცებდა, დღეს კი აცხადებს, რომ კავშირი ნაწილობრივ დადასტურდა". ჟურნალისტის ტექსტს იოსელიანის სინქრონი მოსდევს, სადაც ამბობს, რომ "სესიაშვილი აღიარებს, რომ მისი შვილი საქემში რაღაც დოზით ფიგურირებს".
კურიერში ცალკე სიუჟეტში მიეძღვნა დავით სესიაშვილის სუს-ში დასაქმების საკითხს და განიხილეს, იკვეთებოდა თუ არა ამ საქმეში ნეპოტიზმის ნიშნები.
ქრონიკაში დავით სესიაშვილის სუს-ში დასაქმებას არ შეხებიან.