25.04.2017
„მაწანწალები“ - წამყვანი მთელი გადაცემის განმავლობაში სწორედ ასე მოიხსენიებს ბავშვებს. გადაცემის სტუმარი, ჟურნალისტი თამარ ურუშაძე გადაცემაშივე ცდილობს წამყვანს აუხსნას, რომ ისენი არა “მაწანწალა”, არამედ მიუსაფარი ბავშვები არიან. “ჩვენ არ ვართ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, შეიძლება ტერმინებში გვერეოდეს”, - ეუბნება წამყვანი და აგრძელებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ამ ტერმინით მოხსენიებას.
ფაქტობრივად, მთელი გადაცემის კონტექსტი იყო არა ამ ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, ან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები - როგორც სახელმწიფოს, საზოგადოების პასუხისმგებლობა, არამედ ის, თუ როგორი შემაწუხებლები არიან ისინი „რიგითი მოქალაქეებისთვის“. გადაცემის მიხედვით ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები „სხვა სამყაროდან არიან“, ისინი ხშირად მავნებლობენ, ხულიგნობენ, ტურისტებს აწუხებენ და უფრო მეტიც - ქვეყანას არცხვენენ.
“როდესაც ეს არის მახინჯი მოვლენა, ეს მაწანწალობა და ეს მათხოვრობა ქუჩაში და ეს ხდება მაშინ, როდესაც შენ ჩამოგყავს ტურისტების ჯგუფი, მიგყავს და ამ დროს გაწუხებენ, მოდიან და არცხვენენ ჩვენს ქვეყანას,” (სტილი დაცულია) - ეუბნება წამყვანი ლალი მოროშკინას. მოგვიანებით, უფრო შორსაც მიდის და ერთი-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ეკითხება “თქვენ გინდათ თქვათ, რომ ისინი ჩვეულებრივი ბავშვები არიან?” და გადაცემის სხვა სტუმარს სთხოვს გაგვიზიაროს, როგორ გაუჩხაპნა მიუსაფარმა ბავშვმა მიზანმიმართულად მანქანა ქუჩაში.
მართალია, ბავშვების სახე ძირითადად დაფარულია, თუმცა მასალაში ბავშვების ნაწილი იდენტიფიცირებულია. მაგალითად, ერთ-ერთ კადრში 16 წლის ბიჭი, რომელიც ქუჩაში ცხოვრების გამოცდილების შესახებ ყვება, დაფარული არ არის, იმავე კადრში მასზე პატარა ბავშვების სახე არ ჩანს. 16 წლის ბავშვიც არასრულწლოვანია და რატომ გადაწყვიტა გადაცემის წამყვანმა მისი სახე არ დაეფარა, გაურკვეველია.
გადაცემაში არ განუხილავთ ამ ბავშვების პრობლემები - რას სთავაზობს სახელმწიფო მათ, რამდენად გამართულად მუშაობს ის სერვისები, რაც ამ მიმართულებით არსებობს, როგორია საკანონმდებლო ბაზა, აღსრულების რა ნაწილშია პრობლემა, როგორია საერთაშორისო გამოცდილება. სამაგიეროდ, დიდი დრო დაუთმეს იმაზე საუბარს, რომ „ეს ბავშვები ჩვეულებრივ მოქალაქეებს გვაწუხებენ“.
ისედაც მოწყვლადი ჯგუფი გადაცემაში სტერეოტიპულად, მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტში და დისკრიმინაციულად გააშუქეს. გადაცემა არ ემსახურებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რაც ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო რეკომენდაციით, დაუშვებელია.
შენიშვნა: მედიაჩეკერის მიერ მომზადებულ მასალას თან არ ერთვის გადაცემის ლინკი, რადგან მონაწილე ბავშვების ნაწილი იდენტიფიცირებულია და შესაბამისად, ამ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გვსურს, ხელი შევუწყოთ გადაცემის ტირაჟირებას.
მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს