„ცეცხლის ხაზი“ - თურქოფობიის ტრიბუნა
21.04.2017
20 აპრილს ტოქშოუ „ცეცხლის ხაზში“ განხილვის თემა 16 აპრილს თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი, მისი შედეგები და მოვლენების შესაძლო განვითარების პერსპექტივები იყო. თემაზე სასაუბროდ სტუდიაში მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი - გიორგი რუხაძე, ტელეკომპანია „ობიექტივის“ წამყვანი - ბონდო მძინარაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი - ვანო მაჭავარიანი და კავკასიოლოგი - მამუკა არეშიძე.

გადაცემის მსვლელობისას თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი, საქართველოში შესაძლო საფრთხეების გაჩენის კონტექსტში, განიხილეს: „გახდება თუ არა თურქეთი აგრესიული მეზობელი საქართველოს მიმართ? როგორ შეიცვლება და შეიცვლება თუ არა საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ამ ისტორიული რეფერენდუმის შემდეგ?“ - მსგავსი საკითხებით დაინტერესდა გადაცემის წამყვანი მაგდა ანიკაშვილი. ამავე შინაარსის იყო გადაცემის ინტერაქტივის შეკითხვაც: „შეიცვლება თუ არა საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლური ურთიერთობები?“ ბოლომდე ბუნდოვანი დარჩა, რატომ დაისვა საკითხი ამგვარად და როგორ უკავშირდებოდა თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი საქართველო-თურქეთის ურთიერობებს.

„ცეცხლის ხაზში“ კითხვა თურქეთის მხრიდან შესაძლო ანექსიის საფრთხეებზეც დაისვა, რაზეც ერთ-ერთმა სტუმარმა გიორგი რუხაძემ კითხვითვე უპასუხა - „საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? ერთადერთი მეზობელი, ვისთანაც საზღვრები დემარკირებული გვაქვს, სწორედ თურქეთია“.

გადაცემაში ისმოდა თურქოფობიაც, თურქეთი წარმოჩენილი იყო საქართველოს პოტენციურ მტრად. მაგდა ანიკაშვილმა ერთ-ერთ სტუმარს მამუკა არეშიძეს მისი ინტერვიუდან ის ნაწილი შეახსენა, სადაც ის ამბობდა, რომ „ერდოღანი აჭარას უყურებს, როგორც თურქეთის ნაწილს.“ რის შემდეგაც მან სტუმარს შემდეგი კითხვა დაუსვა - „რას ნიშნავს ეს და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი განვითარდეს შემდგომ ურთიერთობებში საქართველოსა და თურქეთის პერსპექტივაში?“ არეშიძის განმარტებით, თურქეთის პრეზიდენტი არის ოსმანისტური იდეოლოგიის მატარებელი, რომლის ინტერესშიც ძველი გავლენების აღდგენა შედის.

სტუმრის ამ კომენტარს გადაცემის ლიბერალმა წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა შემდეგი კომენტარი დაახვედრა - „რთულია, არ დაეთანხმო ბატონ მამუკას ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ექსპანსიის ნაწილში. არის პროგრამები საგანმანათლებლო, სოციალური. ახალგაზრდებს ეხმარებიან თურქეთში განათლების მიღებაში, აქ ხდება მუსლიმური ოჯახების ხელშეწყობა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჯდება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში“. მონოლოგის ბოლოს მან ასეთი კითხვაც დასვა - „რა შეიძლება მოიმოქმედოს სახელმწიფომ, კონტრზომები რა შეიძლება იყოს?“ რა სახის საფრთხეებს ხედავს ის და კონკრეტულად რაში გამოვლინდა თურქეთის მხრიდან ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ექსპანსიის მცდელობის მაგალითები, წამყვანს არ დაუკონკრეტებია. ასევე, ბუნდოვანია, რა საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები და რატომ უნდა მიიღოს სახელმწიფომ რაიმე ტიპის კონტრზომა.

მოგვიანებით კი გადაცემის მეორე ნაწილი ერთ-ერთი სტუმრის, ტელეკომპანია ობიექტივის წამყვანის, ბონდო მძნარაშვილის, მხრიდან ანტითურქული მესიჯების გავრცელების თავისუფალ ტრიბუნად იქცა. მისი თქმით, თურქეთის სკოლებში ასწავლიან, რომ ბათუმი თურქეთის პროვინციაა.

წამყვანებს არ მოუთხოვიათ სტუმრისგან, დაეზუსტებინა ამ ინფორმაციის კონკრეტული წყარო. მათ სტუმრისთვის თურქეთის მხრიდან გაკეთებული არც ის განცხადებები შეუხსენებიათ, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ თურქეთი აჭარას საკუთარი ქვეყნის ნაწილად არ განიხილავს.

მძინარაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ბათუმში უკვე არის ქუჩები, სადაც სტამბოლში იგრძნობთ თავს. „ეს გახდა სუფთა თურქული ქუჩები, სადაც ქართველ სასულიერო პირებს გავლასაც უკრძალავენ. 2004 წლიდან აჭარის მიმართ თურქეთის ინტერესები თვალნათლივ გამოჩნდა. აჭარაში დემოგრაფიული სურათი შეიცვალა. სააკაშვილმა თურქეთის ბევრ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მისცა და ისინი დასახლდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომლის მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი აქვს თურქეთს,“ - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა. მანვე განმარტა, რომ თურქეთს აქვს თავისი ძალიან დიდი ინტერესები საქართველოში და ის ამ ინტერესებს არ დათმობს.

ამაზე გადაცემის ლიბერალი წამყვანი მხოლოდ შემდეგი რეპლიკით შემოიფარგლა - „ამას არც უარვყოფთ, გასაგებია“.

მძინარაშვილის მხრიდან გადაცემაში გაჟღერდა კიდევ ერთი ცნობილი ანტიდასავლური მესიჯი, რომ აგვისტოს ომის დროს დასავლეთი საქართველოს მხოლოდ წყლითა და პამპერსებით დაეხმარა: „გემი რომ შემოვიდა, რა შემოიტანა წყალი? წყალი იმდენი გვაქვს აქეთ გავუგზავნით. მერე თქვეს, რომ პამპერსები შემოიტანესო და პამპერსები საერთოდ არაფერში გვჭირდებოდა“.

მანვე გაიხსენა, თუ როგორ გაიყვეს სპარსეთმა და ოსამლეთმა საქართველო. „სულაც არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ასე, ორმა სახელმწიფომ ზემოთ მეფემ [პუტინი] და ქვემოთ სულთანმა [ერდოღანი] გაიყონ საქართველო“.

„რომელ საუკუნეში ვართ, ბონდო, კარგი რაა“ - ასეთი რეპლიკით შეეწინააღმდეგა წამყვანი მაგდა ანიკაშვილი სტუმარს.

„ასე ფიქრობდნენ მაშინაც როდესაც ჰიტლერმა ევროპა ცეცხლში გახვია მეოცე საუკუნე იყო, ხომ არ იყო შუა საუკუნეები. ევროპისთვის რომელი საუკუნეა ერაყში, ავღანეთში? ლიბიაში, სირიაში? მიდიან და ეუბნებიან 21-ე საუკუნეში კიკინებიანი და საყურეებიანი ბიჭები უნდა გაატაროთ ქუჩაშიო, საქართველოში არ ატარაბენ და ირანის ქუჩებში ვინ გაატარებს“ - ასეთი იყო სტუმრის საპასუხო კომენტარი. აღსანიშნავია, რომ სტუმრის მსგავს ჰომოფობიურ პათოსს გადაცემის არცერთი წამყვანი არ გამიჯვნია.

გადაცემის ამ ნაწილში, სტუმრის მხრიდან ისმოდა თურქოფობია, დეზინფორმაცია თურქეთისა და დასავლეთის შესახებ. გადაცემის წამყვანები არათუ არ ეკამათებოდნენ და არ ემიჯნებოდნენ სტუმარს, არამედ, პირიქით, რიგ შემთხვევებში ეთანხმებოდნენ მის მსჯელობებს, მათ მიერ დასმული კითხვები კი სტუმრის მხრიდან თურქოფობიის მაპროვოცირებელი იყო. შესაბამისად, 20 აპრილის „ცეცხლის ხაზი“ თურქოფობიის თავისუფალ ტრიბუნად იქცა.

თეგები : სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ