სადავო ნაგებობა მოხეში - “მოამბესა” და “ქრონიკაში” სიახლე არასრულად გაშუქდა
07.03.2017
მიმდინარე წლის 11 მაისს ცნობილი გახდა, რომ მოხის სადავო ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, მუსლიმ თემს კი მეჩეთის ასაშენებლად მიწა გამოეყო. 11 მაისს ამბავი გააშუქეს ნაციონალურმა მაუწყებლებმა, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და "იმედის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში არ ისმოდა კრიტიკული აზრი, სადავო ნაგებობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოხის შესახებ, 11 მაისს მომზადებულ მასალაში აღნიშნული იყო, რომ კომისიის წევრებმა სადავო ნაგებობისთვის კულტურული მემკვიდრეობის მინიჭების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. კომისიაში კი მართლმადიდებლური და მუსლიმი თემის წარმომადგენლები შედიოდნენ.

“გადაწყვეტილებას ოპტიმალურად მიიჩნევენ კომისიაში საპატრიარქოსა და მუსლიმი თემის წარმომადგენლები. ორივე მხარეს იმედი აქვს, რომ წინადადებაზე მრევლის დათანხმებას შეძლებს,” - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში.

კომისიაში შემავალი წევრების კომენტარების შემდეგ, ჟურნალისტი მაყურებელს მხოლოდ იმ ადგილობრივების მოსაზრებას სთავაზობს, რომლებიც გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

“ადგილობრივების ნაწილი, რომლებმაც დღეს ტელევიზიებთან საუბარი ისურვა, შემოთავაზებაზე თანახმაა და თვლის, რომ ეს ორწლიან უთანხმოებას წერტილს დაუსვამს. მრევლის დასარწმუნებლად შეხვედრას ორივე მხარე გეგმავს,” - ამბობს ჟურნალისტი და მაყურებელს ორი ადგილობრივის კომენტარს სთავაზობს. ამ კომენტარებით არ ჩანს, არის თუ არა რომელიმე მათგანი მუსლიმი თემის წევრი.

მასალაში არ ისმის არცერთი კრიტიკული აზრი. მართალია, ჟურნალისტმა მასალაში აღნიშნა, რომ მხოლოდ ის ადამიანები ჩაწერეს, რომლებმაც ტელევიზიასთან საუბარი ისურვეს, მაგრამ არ ჩანს მცდელობა განსხვავებული მოსაზრებების მოძიებისა. ჟურნალისტს შეეძლო, თუნდაც კონფიდენციალურობის დაცვით, ჩაეწერა რომელიმე ადგილობრივი ან პერიფრაზის სახით ეთქვა მათი პოზიციების შესახებ. გარდა ამისა, ამავე მასალაში არ ისმის არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები, რომელთა ნაწილმაც იმავე დღეს სადავო ნაგებობისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება უარყოფითად შეაფასა.

იმავე თემაზე 11 მაისს, მასალის წარდგენისას, ტელეკომპანია “იმედის” დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა აღნიშნა, რომ “დასახლებაში მცხოვრები მუსლიმებიც და ქრისტიანებიც გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან”.

“მანამდე ღია ცის ქვეშ ლოცულობდნენ. როგორც საქართველოს მუფთი ამბობს, გადაწყვეტილება მისი თემისთვის მისაღებია. ბეგლარ ქამაშიძის თქმით, რაც ყველაზე მთავარია, დასრულდება გაუთავებელი დავა და ადიგენის მოსახლეობის ორ დაპირისპირებულ ბანაკად ყოფნა. გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც,” - ამბობს ჟურნალისტი, რომელმაც მოხეში მცხოვრები არცერთი ადგილობრივის კომენტარი არ გამოიყენა მასალაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, “იმედმაც” არ აჩვენა არცერთი განსხვავებული მოსაზრება, რომელიც კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გააკრიტიკებდა და არ სცადა, გადაემოწმებინა ადგილობრივ მუსლიმებთან, იზიარებდნენ თუ არა კომისიის გადაწყვეტილებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და "იმედისგან" განსხვავებით, “რუსთავი 2-მა”, მოხის სადავო ნაგებობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების შესახებ კრიტიკული მოსაზრებებიც შესთავაზა მაყურებელს. არხზე მოხვდა რელიგიური უმცირესობების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების (“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა” და “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის”) წარმომადგენლების მოსაზრებები.

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ კომისიას არ შეუსწავლია ძეგლის წარმომავლობა და კანონით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელი კი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ნება მსგავსი საკითხები ადამიანის უფლებებზე დაფუძნებით გადაწყვიტოს.

რაც შეეხება ტელეკომპანია “მაესტროს”, ეს საკითხი დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგში საერთოდ ვერ მოხვდა, ხოლო “TV პირველის” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში11 მაისს, გამოშვების ბოლოს რამდენიმეწამიანი კადრსინქრონი გავიდა, საიდანაც ვიგებდით, რომ შეთანხმება შედგა, “დათანხმდება თუ არა მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ამ გადაწვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია”- აღნიშნა წამყვანმა.

ფოტო: დათო ფარულავა, ლიბერალი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ