ზაალ უდუმაშვილის წარდგენა და პარალელური რეალობები მედიაში
27.06.2017
26 ივნისს ნაციონალურმა მოძრაობამ მერობის კანდიდატად „კურიერის“ ყოფილი წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. თემა 26 ივნისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებშიც მოხვდა, თუმცა განსხვავებული ფოკუსით.

„კურიერი 9 საათზე“


წამყვანმა სიუჟეტის შესავალ ტექსტში ზაალ უდუმაშვილი მერობის მთავარ პრეტენდენტად მოიხსენია, ასეთივე შეფასება დაიმსახურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამყვანისგან, ის „მთავარ ოპოზიციურ პარტიად“ შეფასდა.

წამყვანის შესავალი ტექსტი: "თბილისის მერობის მთავარი პრეტენდეტი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. ზაალ უდუმაშვილი დღეს ოფიციალურად წარადგინა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ. თავის პირველივე გამოსვლაში ცნობილი ტელეწამყვანი ამბობს - "მე შევძლებ" და თბილისის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს. პოლიტიკურ კონკურენტად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მმართველი პარტიის კანდიდატს ასახელებს".

სიუჟეტს, რომელიც ამ შესავალ ტექსტს მოსდევდა, ერქვა „ზალიკო თბილისის მერად“. ეს სიტყვები, როგორც ჩანს, კანდიდატის საარჩევნო სლოგანიცაა, რადგანაც მისი წარდგენისას ტრიბუნას სწორედ ეს წინადადება ეწერა. თავად სიუჟეტი კი წარდგენისას გადაღებული კადრით - ზაალ უდუმაშვილისა და ბავშვის ჩახუტებით იწყება.

ზაალ უდუმაშვილის სამომავლო გეგმებზე საუბრის შემდეგ, მისი მხარდამჭერი ცნობილი სახეების, ლექსენის, დავით დეფის, გიული ალასანიას, მარინა ბერიძის კომენტარებიც შემოგვთავაზეს, სადაც ისინი მერობის კანდიდატის პოზიტიურ მხარეებზე აკეთებდნენ აქცენტს და მას მხარდაჭერას უცხადებდნენ.

სიუჟეტის ბოლოს კი ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ზალიკო უდუმაშვილი „მოქალაქეებთან ერთად გეგმავს თბილისში ოლიგარქიული მმართველობის დამარცხებას.“

ამავე სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ნიკა მელია პარლამენტს დატოვებს და საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

„ქრონიკა“ 8 საათზე


"ქრონიკის" სიუჟეტი ეხებოდა არა უშუალოდ ზაალ უდუმაშვილის წარდგენას, არამედ ზოგადად, თბილისის მერობის კანდიდატებს. „თბილისის მერობის კანდიდატები“ - სიუჟეტსაც სწორედ ასე ერქვა, მასალა კი უდუმაშვილის წარდგენაზე საუბრით დაიწყო.

წამყვანის შესავალი ტექსტი: "მარათონი დაიწყო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, თბილისის მერობის კანდიდატად ყოფილი ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი, ამომრჩევლისთვის უკვე ზალიკო წარადგინა. გამარჯვებული ხალხის ტელევიზიიდან ზალიკო დღეს გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი გახდა. გაბრაზებულები დღეს ვახტანგ გორგასლის ძეგლთან შეიკრიბნენ და იქიდან უსმენდნენ ნაციონალების მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ემოციურ გამოსვლებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ჩანს, მორიგ არჩევნებზეც ისტორიული პარალელების ერთგული რჩება. სოფო ბერიძე ესწრებოდა დღეს გაბრაზებულების კანდიდატების პრეზენტაციას და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერთვება“.

ჩართვისას, ჟურნალისტმა ზაალ უდუმაშვილის წარდგენაზე საუბრის შემდეგ, გვითხრა, რომ „თბილისის მერობა სურს კანადის ქალაქ კალგარის პოლიციის შერიფს მერაბ მარკ ტაბიძეს. ეს მან ექსკლუზიურად რადიო თავისუფლებას უთხრა“.

ზაალ უდუმაშვილის სამომავლო გეგმებზე საუბრის შემდეგ კი ჟურნალისტი ხაზს უსვამს წარდგენაზე დამსწრეთა რაოდენობას, მათ გაბრაზებულებად მოიხსენებს და ამბობს: „გაბრაზებული თბილისელები დღეს მეტეხის ტაძრის ეზომ დაიტია“.

თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის დღეს, ზაალ უდუმაშვილს, ქრონიკის დღის მთავარი გამოშვების 6 წუთიანი სიუჟეტიდან მხოლოდ 2 წუთი დაეთმო. ამავე სიუჟეტში მერობის სხვა კანდიდატებზე - ელენე ხოშტარიაზე, კახი კალაძესა და მერაბ მარკ ტაბიძეზეც ისაუბრეს.

ნიკა მელიას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელება, "რუსთავი 2-ის" გან განსხვავებით, „ქრონიკაში“, ისევე, როგორც „მოამბეში“ ნეგატიურ კონტექსტში გაშუქდა: „პარლამენტიდან მიდის ნიკა მელია, ანუ უარს ამბობს მანდატზე, რომელიც საქართველოს ამომრჩეველმა მის პარტიას მისცა“ - აღნიშნა ჟურნალისტმა.

სიუჟეტში ვისმენთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის კომენტარს, სადაც ის ამბობს, რომ მელიას თავი, როგორც კარგ კანონმდებელს, არავისთვის დაუმახსოვრებია.

„ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ ნიკა მელია უმუშევარი რჩება“ - ამ წინადადებით ასრულებს ჟურნალისტი მელიაზე საუბარს.

„მოამბე“ 8 საათზე“


"მოამბის" სიუჟეტი, "ქრონიკისგან" განსხვავებით, ეხებოდა არა ზოგადად, თბილისის მერობის კანდიდატებს, არამედ უშუალოდ ზაალ უდუმაშვილის კანდიდატად წარდგენას. "კურიერთან" და "ქრონიკასთან" შედარებით, ნეიტრალური იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების შესავალი ტექსტი:

"ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში - ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი მთავარ კონკურენტად მმართველი პარტიის კანდიდატს მიიჩნევს, პრიორიტეტებს შორის კი ქალაქის საცობებისგან განტვირთვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებს. საარჩევნო მარათონში ერთვება დეპუტატი ნიკა მელიაც, რომელიც პარლამენტის დატოვებას და დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავს".

„ქრონიკის“ მსგავსად, მელიას მიერ პარლამენტის დატოვება და არჩევნებში საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა ნეგატიურ კონტექსტში გაშუქდა „მოამბეშიც“. ამ საკითხზე, გამოშვებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის ზუსტად ის სინქრონი მოვისმინეთ, რაც „ქრონიკაში“:

„ბატონ მელიას არაფრით არ დაუმახსოვრებია თავი საპარლამენტო ცხოვრებაში, როგორც კანონმდებელს, ასე რომ თუ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მიმაჩნია, რომ ფაქტობრივად, უსამსახუროდ დარჩენილა, იმიტომ რომ შანსიც არ აქვს მას საკრებულოში“ - აღნიშნა ოხანაშვილმა. მისი ეს კომენტარი „კურიერში“ არ ყოფილა.

„მოამბეში“ აღინიშნა, რომ მელია პარლამენტის დატოვებას აპირებს, მიუხედავად ამისა, როგორც ჟურნალისტი ამბობს, „მოამბე“ დაინტერესდა, „რამდენად შეიძლება მას დეპუტატის საქმიანობის პარალელურად, გარკვეულწილად, დარჩეს დრო წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის“, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტარის უფლებამოსილებას არ შეიჩერებს. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, „მოამბემ“ პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, დეპუტატთა დასწრების შესახებ , საიდანაც გაირკვა, რომ ნოემბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე სულ 30 რიგგარეშე და პლენარული სხდომა გამართა, აქედან 25 ნიკა მელიამ გააცდინა. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ასკვნის, რომ „მას (ნიკა მელიას) ალბათ ექნება დრო წინასაარჩევნო კამპანიისთვის, თუ ის არ შეიჩერებს უფლებამოსილებას“.


თეგები : პარალელური რეალობა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ