Snopes.com: მედიაში სპინერის შესახებ გავრცელებული საფრთხეები გადაჭარბებულია
15.06.2017
ბოლო ორი კვირაა ქართულ ონლაინმედიაში, ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი სათამაშოს, სპინერის შესახებ სტატიები ამგვარი სათაურებით ქვეყნდება:

სასწრაფოდ გადაყარეთ სპინერები ! საზოგადოება ახალი საფრთხის წინაშე დგას, რამაც შეიძლება ბავშვების სიკვდილი გამოიწვიოს!..

გაფრთხილება: სასწრაფოდ გადაყარეთ სპინერები! საზოგადოება ახალი საფრთხის წინაშე დგას

ახალი მანიაკალური სათამაშო-რა არის “სპინერი” და რატომ არის ის საშიში?.

ერთი შეხედვით უწყინარი სათამაშო “სპინერი” ბავშვების სიკვდილის იწვევს _ მშობლებო მოაშორეთ შვილებს ისინი

სპინერი _ ანტისტრესული სათამაშო თუ ბავშვის დაჰიპნოზების საშუალება

სტატიებში გაურკვეველ კვლევებზე დაყრდნობით გვაფრთხილებენ, რომ სპინერი უკიდურესად სახიფათოა. მასალებში ფსიქოლოგები სათამაშოს უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ის მოზარდის სათამაშოზე დამოკიდებულებას ავითარებს, რაც სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, აქვს გამაბრუებელი ეფექტი და იწვევს ჰიპნოზურ ქცევას და გონების გათიშვას. ამასთან, მოზარდებში სათამაშოთი თვითდაზიანების მიყენების შემთხვევებიც ხშირად ფიქსირდება. ქართულ მედიამდე, სპინერის შესახებ მსგავსი სტატიები უცხოურ საიტებზეც აქტიურად ქვეყნდებოდა: “განგაში”, “სასწრაფოდ გადაყარეთ ყველა სპინერი”, “ახალ სამთავრობო ანგარიშებში დადასტურებულია, რომ სპინერმა შესაძლოა ბავშვის სიკვდილი გამოიწვიოს“ - წერდნენ საიტები.

პრესის შეშფოთებას ამერიკული პორტალი www.snopes.com გამოეხმაურა და გადაწყვიტა გადაემოწმებინა, რამდენად რეალურია სპინერათან დაკავშირებით, მედიაში გამოთქმული შიში. www.snopes.com ამერიკული პორტალია, რომლის ძირითადი პროფილი ფაქტების გადამოწმება და ამა თუ იმ ამბის სიზუსტის დადგენაა. ის მსოფლიო factchecking ორგანიზაციების ოფიციალური წევრია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პრესაში გაჩენილი ჰედლაინები უზუსტობებს შეიცავს. მაგალითად, ანგარიში რომელზე დაყრდნობითაც მედია სპინერის უარყოფით მხარეებზე წერს, ოფიციალური უწყებების მიერ არაა ჩატარებული. ის არ ეკუთვნის არც შეერთებული შტატების პროდუქტის უვნებლობის კომისიას და არც კვებისა და მედიკამენტების დეპარტამენტს. სინამდვილეში, სპინერისადმი შიში დოკუმენტური ფილმების ავტორისა და სამოქალაქო აქტივისტის, ტყვიით მოწამვლის წინააღმდეგ, თამარა რუბინის მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილ პოსტებს ეფუძნება.

რუბინის თქმით, მან რამდენიმე სპინერი შეამოწმა, სადაც უჩვეულო რაოდენობის ტყვიის შემცველობა აღმოაჩინა (თუმცა, მის მიერ ჩატარებული ტესტი არ გადამოწმებულა). გამოცემის განმატებით, მიუხედავად იმისა, რომ რუბინის მიერ ჩატარებული ცდის შედეგების სრულად გადამოწმება შეუძლებელია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და ის რაც მედიაში ამ თემაზე იწერებოდა, ერთმანეთთან შეუსაბამო იყო, მედიამ გადააჭარბა შეფასებებში, რადგან აქტივისტის მიერ ჩატარებულ კვლევაში სპინერის „საგანგაშო“ და „მომაკვდინებელ“ ეფექტზე არაფერი თქმულა. რუბინმა თავდაპირველად 3 სპინერი შეამოწმა, საიდანაც ტყვიის მაღალი შემცველობა მხოლოდ ერთში აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, მას სულ 11 სპინერი აქვს შემოწმებული, საიდანაც ტყვიის საგანგაშოდ მაღალი შემცველობა მხოლოდ 2-ში აღმოჩნდა. ამასთან, რუბინს არასდროს უთქვამს, რომ ყველა სპინერი საფრთხის მატარებელია.

Snopes.com იქვე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამარა რუბინის ცდის შედეგები მედიის მიერ გაზვიადებულია, მაინც მოიძებნება ისეთი ანგარიშები, რომელზე დაყრდნობითაც, სპინერის უსაფრთხოების შესახებ ლეგიტიმური კითხვები ჩნდება. ამ სათამაშოს მსოფლიო მასშტაბით უამრავი კომპანია ამზადებს, ზოგიერთ მათგანში კი უსაფრთოხების ნორმები დაცული არ არის. მაგალითად, 2016 წელს სათამაშოების ასოციაციამ პრესრელიზი გამოაქვეყნა, მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და სათამაშოს ყიდვა სანდო და რეპუტაციის მქონე სავაჭრო პუნქტებში ურჩია. ირლანდიაში კი, ბოლო პერიოდში, საბაჟოს თანამშრომლებმა აღმიოაჩინეს 200 000-მდე ისეთი სპინერი, რომელიც მავნე ნივთიერებებს შეიცავდა.

Snopes.com - ის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სპინერი მართლაც საფრთხის მატარებელია, ვინაიდან არ შეიცავს ეკოლოგიურად სუფთა ნივთიერებებს, მედიის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ყველა მსგავსი სათამაშო სასიკვდილო რისკებთან არის დაკავშირებული, არასწორია.

დღესდღეობით, სპინერი, ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი სათამაშო. უფრო მეტიც, როგორც გაირკვა, Google-ის საძიებო სისტემაში მის შესახებ ინფორმაციას სულ უფრო ხშირად ეძებენ და მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში, მასზე ინფორმაციის მოძიების მსურველების რიცხვმა, დონალდ ტრამპის პიროვნებით დაინტერესებულთა რიცხვსაც კი გადააჭარბა.

სპინერი მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც სხვადასხა სახის მასალის, სპილენძის, ფოლადის, ტიტანის ან პლასტმასის დეტალებისგან შედგება. სპინერის ცენტრალური ნაწილი უძრავია, რომლის გარშემოც დამატებითი დეტალები, ერთგვარი ფრთებია მოთავსებული. სათამაშოს ცენტრალური ნაწილის თითზე მოთავსება, მისი მოძრავი ნაწილების ტრიალის შესაძლებლობას იძლევა. სპინერის საიდუმლოც სულ ეს არის, თითზე დადებული ბზრიალა.

სპინერის შემქმნელმა ქეთრინ ჰეთინგერმა The Guardian-თან ინტერვიუში განმარტა, რომ მან მოწყობილობა აუტისტური სპექტრის მქონე ქალიშვილისთვის შექმნა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ