13.06.2017
ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების ფაქტს აქტიური მედიაგაშუქება და არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა, თუმცა ანტიდასავლური და პროსამთავრობო რიტორიკით გამორჩეული ონლაინგამოცემები მუხთარლისგან მტრის ხატის შექმნას შეეცედა, მის ჟურნალისტურ საქმიანობაშიც შეიტანა ეჭვი და „ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშა ორგანიზაციის“ წევრობაც დააბრალა.
„ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთი თბილისში – დესტაბილიზაციის კერა აზერბაიჯანში,“ - ამ სათაურით „geworld-მა“ სტატია 5 ივნისს გამოაქვეყნა. იგი აზერბაიჯანულ გამოცემას „ეყრდნობა“ და მუხთარლის „კარგად ორგანიზებული აზერბაიჯანული დაჯგუფების“ წევრად და „ქვეყნიდან გაქცეულ პოლიტიკურ მარგინალად“ მოიხსენიებს.
„აფგან მუხთარლი მხოლოდ ლიფსიტაა დიდ ბინძურ და სახიფათო თამაშში, რაც ბაქოს წინააღმდეგ მძვინვარებს. ის მხოლოდ ჭანჭიკია იმ დიდი მექანიზმისა, რასაც თბილისში მოღვაწე აზერბაიჯანისადმი მტრულად განწყობილი უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურებად ქცეული საერთაშორისო ორგანიზაციები- “Freedom House”, “People in Need”, “Human Rights Watch”, “National Democratic Institute-” ეწევიან,“ -წერს გამოცემა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს იმ „ანტიაზერბაიჯანული მიწისქვეშეთის“ წევრობაში ადანაშაულებს, „რომლის მიზანიც სამოქალაქო ომის, ქაოსისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაა აზერბაიჯანში: „მათი სურვილია აზერბაიჯანში სამოქალაქო დაპირისპირების და ძმათამკვლელი სამოქალაქო ომის გამოწვევა“.
„ანტიაზერბაიჯანული ბუდე საქართველოში უნდა მოიშალოს,“ - ეს „საქართველო და მსოფლიოს“ მორიგი მასალის სათაურია, სადაც ავტორი გადაჭრით ამბობს, რომ მუხთარლის დაკავება იყო „სპეცოპერაცია მეზობელი სახელმწიფოს ეჭვმიტანილი მოქალაქის დაკავებისა“ და „არ არსებობდა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე ჩატარებული სპეცოპერაციის არც ერთ ეტაპზე“.
„ჩვენი ქვეყანა, უკვე დიდი ხანია, გადაიქცა სანავარდო მინდვრად სხვადასხვა ჯურის საეჭვო ელემენტებისთვის ახლო აღმოსავლეთიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, ასევე, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, მაგრამ დესტრუქციული ძალების მხარდაჭერა ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი აზერბაიჯანიდან უკვე ჩვენი “მეოცნებე” ხელისუფლების ნოვაციაა,“ - ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორი იწონებდა საქართველოს მთავრობის შესაძლო მონაწილეობას მუხთარლის გატაცებაში და წერდა, რომ „საქართველო დაინტერესებულია, თავის ტერიტორიაზე მოშალოს ანტიაზერბაიჯანული ბუდე, რომელიც მოეწყო ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობის გასაფუჭებლად და რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შემობრუნდება საქართველოს საწინააღმდეგოდ, როგორც ახალი რევოლუციური ინტერნაციონალი, “ვარდების”, “ნარინჯისფერი” და სხვა რევოლუციების ანალოგიით. დაე, იხმაურონ ადამიანის უფლებათა ფსევდოდამცველებმა _ საქართველო, უპირველეს ყოვლისა!“
„აზერბაიჯანისადმი მტრულად განწყობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან“ თანამშრომლობაზე და მუხთარლის „ძირგამომთხრელი“ საქმიანობის შესახებ საქინფორმიც წერდა.
„SOS - ვინ არის სინამდვილეში მუხთარლი?“ – „საქინფორმზე“ გამოქვეყნებული ვრცელი პუბლიკაციის სათაურია. დასაწყისში ვკითხულობთ, რომ „2013 წელს თბილისში ბუდე დაიდო აზერბაიჯანის რადიკალურმა ოპოზიციამ, რომლის მიზანიც აზერბაიჯანში ფერადი რევოლუციის მოწყობაა.“
მიუხედავად იმისა, რომ მუხთარლის ჟურნალისტურ საქმიანობას არაერთი ფაქტი ადასტურებს, მასალაში ნათქვამია, რომ „აფგან მუხთარლი კარგად არის ცნობილი აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა წრეში, მაგრამ არ არის ჟურნალისტი. არამედ ის, სკანდალური ჟურნალისტის, ხაჯიჯი ისმაილოვას მცველი იყო.“
ანალოგიური მასალა გვხვდება „tb24.ge-ზეც“. „თბილისი 24“ მუხთარლის მხარდამჭერებსაც აკრიტიკებდა: „აქამდე, თუ ეს ხალხი მხოლოდ ქართული სამართალდამცავი ორგანოების ჩატარებულ გამოძიებას არ ენდობოდა, ეხლა აზერბაიჯანულსაც გადაწვდნენ.“
„გეგონებათ, საკუთარი ბინძური ე.წ. ჟურნალისტები არ კმაროდეს ქვეყნის ამრევებად, ვინმე მუხთარლიც ჩარიეს. დაიწყება კამპანია- "მეც მუხთრალი ვარ", ფეისბუკზე "ქავერად" ფოტოების დაყენება, ანძის განათების მოთხოვნა - მუხთარლის ქვედა საცვლის ფერებში,“ - წერდა ავტორი.
„მუხთარლის საქმე მორიგი საბაბია ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაღვივებისთვის საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით!“ - ამ სათაურის ვრცელი მასალა, „საქინფორმის“ რედაქტორის ავტორობით, გამოქვეყნდა.
„დღეს ატეხილი ისტერია, ვითომდა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ქართული სპეცსამსახურების მიერ ვითომდა მოტაცების და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებისთვის გადაცემის თაობაზე - პროვოკაციული სცენარის გაგრძელებაა,“ - წერს ხიდირბეგიშვილი.
ავტორი ანტიდასავლურ გზავნილებსაც აჟღერებდა და ამბობდა, რომ მუხთარლისა და „ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის“ სპონსორებად და კურატორებად გვევლინებიან დასავლეთის ცნობილი დივერსიულ-ძირგამომთხრელი ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ხანია, მთელ მსოფლიოში “ფერადი რევოლუციების” მოწყობაზე სპეციალდებიან: Freedom House, People in Need, Human Rights Watch, NDI, IRI, აგრეთვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.“
„საქართველოს, თუ ის აზერბაიჯანის მეგობარი და მოძმე ქვეყანაა, აფგან მუხთარლი და თბილისს შეფარებული აზერბაიჯანელი ბოევიკები ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეპატიმრებინა, როდესაც მათ პირველად შემოდგეს ფეხი საქართველოს ტერიტორიაზე, და ბორკილებდადებული გადაეცა აზერბაიჯანისთვის!“ - წერდა ავტორი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დასაცავად გამართულ აქციებს „მასკარადულ-მასხრულ მიტინგებს“ უწოდებდა.
საერთო ჯამში, ზემოხსენებულ მედიასაშუალებებში თემის გაშუქებისას იდენტური მესიჯები გამოიკვეთა:
1. მუხთარლი საეჭვო პიროვნებაა, ის საქართველოში მოქმედი ანტიაზერბაიჯანული იატაქქვეშა ორგანიზაციის წევრია; ის ჟურნალისტი არ არის;
2. მუხთარლის საქმე საფრთხეს უქმნის ქართულ-აზერბაიჯანულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს;