13.06.2017
სინამდვილეში, ეს ფოტო არ ასახავს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ეკლესიაში შეჭრას ან დარბევას, შესაბამისად, ჯონდი ბაღათურიასა და სააგენტოების ნაწილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არასწორია. ეს ფოტო გადაღებულია 2010 წელს, მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი იყო. ფოტოზე აღბეჭდილია უკრაინაში, ზაპოროჟიეში მდებარე ეკლესია, სადაც ბომბი ააფეთქეს. ამ ფაქტს მაშინ ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა, ეკლესია კი დაზიანდა. მოგვიანებით, დანაშაულში ბრალდებულები დააკავეს და გაასამართლეს კიდეც. შესაბამისად, ამ ფოტოს არანაირი კავშირი არ აქვს რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, თითქოს ეკლესია პრო-დასავლელი ნაციონალისტების მიერ არის დარბეული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დაზიანებული ეკლესიის ამ ფოტოს პროპაგანდისტული მედიასაშუალებები მანიპულაციურად იყენებენ სხვა ფაქტების საილუსტრაციოდ. ინტერნეტ სივრცეში არაერთი სტატია იძებნება უკრაინაში რუსული ეკლესიების ე.წ. დარბევაზე, რომელსაც სწორედ ეს ფოტო აქვს დართული. დაზიანებული ეკლესიის ფოტო არასწორ კონტექსტში აქტუალური მიმდინარე წლის მაის-ივნისშიც გახდა.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში თავისი ფილიალის დაცვას ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს, მათ შორის როგორც თავად უკრაინაში, ისე - მის ფარგლებს გარეთ. მიზეზი, ერთი შეხედვით, მარტივია: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში პოზიციებს კარგავს. როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლის პატრიარქიც არის ფილარეტი, სხვა ეკლესიების დიდი ნაწილი არ აღიარებს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და მისი პატრიარქი უპირობოდ უჭერს მხარს ქვეყნის ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.
უკრაინის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია, სადაც მოსკოვიდან დანიშნული სასულიერო პირები მსახურობენ. რუსული ეკლესიის გავლენის შეზღუდვა უკრაინაში აქტუალური 2014 წლიდან, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ პროვოცირებული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გახდა. რუსეთის ხელისუფლება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საშუალებით ცდილობს უკრაინულ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას. შესაბამისად, უკრაინის მოქმედმა, პრო-დასავლურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს გავლენა შეასუსტოს. მაისში უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შეიზღუდება იმ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებსაც ხელმძღვანელობა “აგრესორ ქვეყანაში” ჰყავს. მათ დაევალებათ ხელახალი რეგისტრაცია და მათზე ასევე დაწესდება ზედამხედველობა. რუსეთის საპატრიარქოდან და ხელისუფლებიდან უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამ თემაზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმაც.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ამტკიცებს, რომ უკრაინელმა ნაციონალისტებმა 2014 წლიდან დღემდე უკრაინაში მათი კუთვნილი 40-მდე ტაძარი მიისაკუთრეს, რასაც უკრაინელი მართლმადიდებლები უარყოფენ. მათი თქმით, უკრაინული ეკლესიები უკრაინელებს უნდა ეკუთვნოდეთ და არა - რუსეთის ეკლესიას.
უკრაინის სახელისუფლებო პარტიის ცნობთ, სადავო კანონპროექტის განხილვა უკრაინაში გაურკვეველი ვადით არის გადადებული, რადგან ის საჭიროებს კიდევ უფრო მეტად დახვეწას. სანამ ამ კანონპროექტის ბედი გაურკვეველია, რუსული პროპაგანდის მანქანა მძლავრად ამუშავდა როგორც თავად უკრაინასა და რუსეთში, ისე - საქართველოშიც.