13.07.2017
ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯეიმს კელი, წლების განმავლობაში აშშ-ს სამხრეთის სარდლობას ედგა სათავეში. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, 2015 წელს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისთვის მიწოდებულ განცხადებაში დაწერა, რომ 2008 წლის შემდეგ, ლათინურ ამერიკაში, რუსეთი პერიოდულად ზრდის თავის წარმომადგენლობას როგორც პროპაგანდის, ისე – სამხედრო შეიარაღების მიწოდების, ვაჭრობისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით. კელი მიიჩნევს, რომ პუტინის მმართველობის ქვეშ, რუსეთი დაუბრუნდა ცივი ომის ტაქტიკას და წინამორბედის, საბჭოთა კავშირის მსგავსად, დაიწყო კავშირების გამყარება ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ეს ეხება აშშ-სთან ახლომდებარე სახელმწიფოებს, მათ შორის, კარიბის აუზის ქვეყნებს. 1960–იან წლებში, აქ დაძაბულობამ იმდენად იყო გაზრდილი, რომ პლანეტის ორი სუპერსახელმწიფო ბირთვული დაპირისპირების საფრთხის წინაშეც კი დადგა.
ლათინური ამერიკის მიმართულებით მომუშავე ანალიტიკური მედიასაშუალება Americas Quarterly წერს, რომ რუსეთმა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერება განსაკუთრებით 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციისა და დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შემდეგ, დაიწყო. მანამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს, რუსეთმა საერთაშორისო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში ჩაწერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ლათინურ ამერიკასთან მჭიდრო კავშირების დამყარება. რუსეთი უკვე წლებია ფინანსურად ეხმარება ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებს – ნიკარაგუასა და ვენესუელას, სანაცვლოდ კი მათგან საერთაშრისო დონეზე მხარდაჭერასაც იღებს სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და ყირიმის ოკუპაციის კანონიერად აღიარების სახით. რაც შეეხება ბრაზილიას, არგენტინასა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებს, აქ რუსეთის გავლენა, თუნდაც, ექსპორტის კუთხით, ჩინეთისას ბევრად ჩამორჩება, თუმცა რუსეთი მაინც ცდილობს, რომ მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავოს ენერგეტიკაში ინვესტირების ასევე, სამხედრო შეიარაღების მიწოდების სფეროში პოზიციების გამყარების კუთხით. რუსეთისთვის ასევე მნიშვნელოვანია პოზიციების გამყარება საინფორმაციო სივრცეშიც და მას არც ამ მიმართულებით ენანება მნიშვნელოვანი რესურსის ხარჯვა.
„სპუტნიკი ბრაზილია“ ერთ-ერთია ამ რუსული მედიაგიგანტის 30-მდე ფილიალს შორის, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია მოდებული. მიზანიც ამ შემთხვევაში ადგილობრივი საზოგადოებისთვის ალტერნატიული, კრემლის პოლიტიკისთვის სასურველი ფაქტების, ინტერპრეტაციებისა და მოსაზრებების მიწოდებაა, რასაც შეიძლება, ოდესმე პოლიტიკური შედეგიც მოჰყვეს.
„სპუტნიკი ბრაზილია“ ნებისმიერ საერთაშორისო მოვლენას რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების დაცვით აშუქებს, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია, როცა ამბავი ეხება რუსეთის ურთიერთობებს ნატოსთან, ევროკავშირთან, ასევე კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში და რა თქმა უნდა, ყირიმის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. „სპუტნიკის“ ბრაზილიური ოფისი მომხარებელს ხშირად სთავაზობს ამ მოვლენების ანალიზს რუსი, ან პრორუსი ექსპერტების მხრიდან.
ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც ეხება “ამერიკის საგარეო პოლიტიკის სულელურ შეცდომებს“ რუსეთის პოლიტიკის მიმართ, საუბარია ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიერ კოსოვოს აღიარებაზე, რომელიც სახელმწიფოების ნაწილსა და გაეროს ჯერ ოფიციალურად არ უღიარებიათ. ამავე კონტექსტში სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლეთს არ აქვს მორალური უფლება რუსეთს უსაყვედუროს ყირიმისა და საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გამო.
„პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ თქვა, რომ რუსეთმა საკუთარ თავს არ უნდა მისცეს ევროპის საზღვრების შეცვლის უფლება იარაღის მუქარით. სამწუხაროდ, არცერთ ჟურნალისტს არ მოსვლია აშშ-ს პრეზიდენტისთვის ეკითხა, რას ფიქრობდა ის კოსოვოში ნატოს ქმედებებზე“, – წერს „სპუტნიკი ბრაზილია“. ამავე პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „კოსოვოს ცალმხრივი აღიარებისგან განსხვავებით, რუსეთთან შეერთებას ყირიმელთა 96-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი“. სტატიაში ნახსენებია 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომი და აღნიშნული ფაქტიც, სხვების მსგავსად, რუსული ინტერპრეტაციითაა მიწოდებული.
„სპუტნიკი ბრაზილია“ ასევე აქტიურად აშუქებს რუსული სამხედრო მრეწველობისა და ახალი საბრძოლო იარაღების გამოცდის „მიღწევებს“, აშშ-უკრაინის ერთობლივ წვრთნებს შავ ზღვაში პროვოკაციად აფასებს.
რუსული პროპაგანდისტული მანქანის მეთოდები და გზავნილები, შეიძლება, რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით იცვლებოდეს, საქართველოში უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს კულტურასა და ხელოვნებაზე, სხვა ქვეყნებში – ვაჭრობასა და სამხედრო შესაძლებლობებზე, სხვაგან – საარჩევნო პროცესში ქაოსის გამოწვევაზე, თუმცა, ამ ყველაფერს ერთი საერთო აქვს – ალტერნატიული, რუსული რეალობის შექმნა, რომლის საბოლოო მიზანი კრემლისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღწევაა.