30.03.2017
რუსული პროპაგანის გავრცელების ყველაზე მძლავრი იარაღი ცხადია, მედიაა. ამ მხრივ წამყვანი როლი კი ისეთ მედიასაშუალებებს აქვთ, როგორიცაა - Sputnik და Russia Today. ისინი მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში რამდენიმე ენაზე მაუწყებლობენ და სხვადასხვა სახის მითების გამოყენებით, დასავლური ღირებულებების დემონიზებას ცდილობენ. „საერთო საქმეში“ საკუთარ ფუნქციას წარმატებით ასრულებენ რუსული სპეცსამსახურებიც და გლობალური პოლიტიკური მოვლენების განვითარების პროცესში ხშირად გადამწყვეტ როლსაც კი თამაშობენ.
ბოლო დროს ევროპული და ამერიკული პოლიტიკის წარმართვაში რუსული სპეცსამსახურების ჩართულობაზე აქტიურად წერს არაერთი დასავლური სოლიდური გამოცემა. აღნიშნული ევროპული და ამერიკული სადაზვერვო სამსახურების ანგარიშებშიც მოხვდა. ის, რომ ბრიტანული Brexit-ის და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ლომის წილი სწორედ რუსულმა პროპაგანდამ და სპეცსამსახურებმა ითამაშა, დღემდე ანალიტიკოსების აქტიური განსჯის საგანიცაა.
რუსული მედიისა და სპეცსამსახურების მხრიდან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაზე თავად საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართულ საერთო პრეზკონფერენციაზე ღიად ისაუბრა და რუსული მედია საფრანგეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენასა და ტყულის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„როდესაც ახალი ამბების სააგენტოები ტყუილს ქმნიან, ისინი არიან არა ჟურნალისტები, არამედ გავლენის მოხდენის მქონე ორგანიზაციები. Russia Today და Sputnik ჩემი პერსონისა და საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ გაუჩერებლად ქმნიდნენ ტყუილებს. სწორედ ამიტომ არ არიან ისინი ჩემს შტაბბინაში დაპატიჟებულები. მთელ უცხოურ პრესას, მათ შორის რუსულს, ჰქონდა სრული წვდომა ჩემს საარჩევნო კამპანიაზე... Russia Today და Sputnik არ იქცეოდნენ როგორც მედიაორგანიზაციები ან ჟურნალისტები. ისინი არც მეტი არც ნაკლები, იქცეოდნენ როგორც გავლენის მოხდენის მქონე ორგანიზაციები“ - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსული სპეცსამსახურების მიერ კომპიუტერული ინფრასტრუქტურის დაჰაკვაზე საუბრობდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი მაიკლ როჯერსიც. მისი თქმით, მან აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის სპეცსამსახურებს ინფორმაციაც მიაწოდა და ფრანგ კოლეგებს დახმარებაც შესთავაზა.
საფრანგეთის საპრეზიდენტოს არჩევნების პარალელურად, ამერიკული სპეცსამსახურების ოფიციალური პირების განმარტებით, ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რუსი ჰაკერები გაუჩერებლად ცდილობდნენ ამერიკულ ინსტიტუციებში, მათ შორის თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში შეღწევას. ტაქტიკა მარტივი იყო, ისინი მუდმივად აგზავნიდნენ მეილებს, იმის იმედით, რომ ვინმე აუცილებლად გახსნიდა. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ეს გააკეთა ჰილარი კლინტონის წინასაარჩენო კამპანიის ხელმძღვანელი ჯონ პოდესტა იყო. ამან მოსკოვს პოდესტას 60 000-მდე იმელთან წვდომის შესაძლებლობა მისცა. იმეილები Wikileaks გადაეცა, რომელმაც ისინი არჩევნების წინ გამოაქვეყნა. აღნიშნული ახალი ამბების მთავარ თემად იქცა, რამაც კლინტონის იმიჯს სერიოზული დარტყმა მიაყენა.
უსაფრთოხების ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული დაჰაკვის უკან კრემლთან დაკავშირებული ორი ჯგუფი იყო. ერთი მათგანი FSB-ს ჯაშუშების სააგენტოდან, მეორე კი რუსული სამხედრო სამსახურიდან.
ამერიკის უსაფრთოხების სამსახურების ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა რესპუბლიკელების კომპიუტერებშიც შეაღწიეს, თუმცა იქიდან არაფერი გამოუქვეყებიათ. აღსანიშნავია, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული მხარის ჩარევის შესახებ შეერთებულ შტატებში გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
რუსული სპეცსამსახურების ინტერესში გერმანიაც მოექცა. გერმანიის ოფიციალური პირების განცხადებით, გასულ წელს ბერლინის პარლამენტის საიტზე თავდასხმის უკან სწორედ რუსი ჰაკერების ჯგუფი იდგა. ჰაკერული შეტევის დროს, ისევე, როგორც ამერიკაში, დაიგზავნა იმეილები. ამასთან, მათივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ჰაკერებმა სამიზნედ ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია ამოიღეს. გერმანელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ ამერიკაზე ჰაკერული შეტევის მსგავსად, კრემლი გერმანიის 2017 წლის არჩევნებში ჩარევასაც შეეცდება. ისინი რუსული კიბერჯაშუშობის, დეზინფორმაციისა და ყალბი ნიუსების გავრცელების საფრთხეებზეც მიანიშნებენ.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული Brexit-ის შედეგებზე უცხო ქვეყნის - რუსეთისა და ჩინეთის მთავრობების მხრიდან გავლენის მოხდენის მცდელობაზე მიუთითებენ ბრიტანეთის პარლამენტის წევრებიც. სპეციალისტები ამ შემთხვევაშიც კიბერშეტევებზე საუბრობენ, რომლის საშუალებითაც რუსული და ჩინური მხარე მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური მანიპულირების გზით, ხმის მიცემის პროცესზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. გარდა ამისა, ბრიტანეთის ოფიციალური პირების განმარტებით, სახლემწიფო უსაფრთოების სამსახურებმა ბრიტანეთის ინსტიტუციებში შეჭრისა და პოტენციური კიბერშეტევის ათასობით მცდელობაც აღკვეთეს.
იმ ფონზე, როდესაც მთელი დასავლური ცივილიზებული სამყარო რუსული პროპაგანდისა და კიბერშეტევების საფრთხის წინაშეა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ დეზინფორმაციისა და ე.წ. fake news-ების შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს და სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთისგან გამიჯვნის სათანადო უნარები გამოიმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროპაგანტისტულ მედიასაშაულებებთან ბრძოლა იმაზე უფრო მეტად გაძნელდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
თემაზე მუშაობისას გამოყენებულია The Guardian-ისა და Foreignpolicy - ს მასალები