01.08.2017
კვლევაში მოყვანილი მონაცემები IDFI-მ 2015 წლის მარტში გამოითხოვა, მაგრამ მისი მიღება 2017 წლის ივნისში მხოლოდ სასამართლოს სამი ინსტანციის გავლის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართვით შეძლო. კვლევაში მიმოხილული იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები, მათ შორის ხელფასების, პრემიებისა და დანამატების, წარმომადგენლობითი და ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო თანხები. კვლევაში ერთი ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობრივ სარგოსაც ეხებოდა.
რა გააშუქა რუსთავი 2-მა?
IDFI-ს კვლევით „რუსთავი 2“ გამოქვეყნების დღესვე დაინტერესდა და საკითხი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქა. ჟურნალისტმა საუბარი სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გაცემისას წარმოქმნილ დარღვევებზე საუბრით დაიწყო. ამის მაგალითად კი 2014 წელს ეკონომიკის მინისტრის (ამჟამად პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის) სახელფასო ანაზღაურების შესახებ IDFI-სთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და დეკლარაციას შორის უზუსტობა დაასახელა.
სიუჟეტიდან მაყურებელი იგებდა, რომ სამინისტროს ხარჯებზე ინფორმაციის მისაღებად IDFI-ს სამი წელი და სამი ინსტანციის სასამართლო დავა დასჭირდა. აქვე განმარტებული იყო, რომ ამის მიუხედავად უწყება ფაქტებს მაინც მალავდა.
მასალიდან ცნობილი ხდებოდა, რომ კვირიკაშვილის მინისტრობის დროს ეკონომიკის სამინისტროს ჩინოვნიკებზე გაცემული პრემია-დანამატები ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. სიუჟეტში ასევე ნათქვამი იყო, რომ სამინისტროს მიერ გაცემული პრემია-დანამატების შესახებ მანამდე გასაჯაროებულ ინფორმაციასა და უწყების მიერ IDFI-ისთვის მიწოდებულ მონაცემებს შორის სხვაობა 300 000 ლარია. კვლევაში კი აღნიშნულია, რომ სხვაობა 205 ათასი ლარი იყო.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სიუჟეტში ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სამინისტრო მიერ რესტორნებსა და საჩუქრებში დახარჯული თანხებია. გარდა ამისა, მასალაში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ კვირიკაშვილის მინისტრობის დროს „რეკორდი მოიხსნა“ და 2011 წლიდან დღემდე ყველა წინა და მომდევნო მინისტრზე მეტი დაიხარჯა მივლინებაში.
რა გააშუქა იმედმა?
„რუსთავი 2-სგან“ განსხვავებით, რომელმაც აქცენტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაზრდილ ხარჯებზე გააკეთა, ტელეკომპანია „იმედმა“ IDFI-ს კვლევა განსხვავებული კუთხით გამოიყენა და შეეცადა აუდიტორიისთვის ეჩვენებინა ეკონომიკის სამინისტროს ხარჯვის მიზნობრიობა.
30 ივლისს გადაცემა „იმედის კვირაში“ ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტის დასაწყისშივე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯებიც გაიხსენეს, რომელიც IDFI-ს კვლევაში საერთოდ არ ფიგურირებდა.
„მისთვის [მიხეილ სააკაშვილისთვის] ხალხზე უფრო მნიშვნელოვანი პირადი კომფორტი იყო. მასაჟი, საუნა, ბოტოქსი, პიჯაკი და მსოფლიოს ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენება სახელმწიფოს ხარჯზე, სააკაშვილისთვის კანონდარღვევა არ იყო“, - აღინიშნა სიუჟეტის წარდგენისას .
იმ დროს, როდესაც წამყვანი მიხეილ სააკავშვილის ხარჯების არამიზნობრიობაზე საუბრობდა, ეკონომიკის სამინისტროს ხარჯებს „ქამრების შემოჭერის შთამბეჭდავ ეფექტს“ უწოდებდა. სიუჟეტში კი საუბრობდნენ ხარჯების პოზიტიურ ტენდენციებზე, შემცირებული სახელფასო, სამივლინებო, სატელეფონო, საწვავის, როუმინგის და ავტოპარკის განახლების ხარჯებზე.
გარდა ამისა, სიუჟეტში ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მიერ 2014 წელს გაღებულ წარმომადგენლობით ხარჯებზე. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სიუჟეტში ხარჯებს წარმატებული მოლაპარაკებებით ასაბუთებდა. ამავე მიზეზით ხსნიდა მინისტრის მოადგილე პრემია-დანამატების „უმნიშვნელო ზრდას“ 95 ათასი ლარით. რეალურად კვლევაში ნათქვამია, რომ 2014 წელს პრემია-დანამატები 2011 წელთან შედარებით გაიზარდა 994 162 ლარით.
სიუჟეტის ბოლოს აქცენტი კვლავ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხარჯების ოპტიმიზაციაზე გაკეთდა.
ამ თემაზე საუბარი ისე დასრულდა, არ უხსენებიათ რომ კანონით გათვალისწინებული 10 დღის ნაცვლად IDFI-მ ინფორმაცია 3 წლის შემდეგ მიიღო.