10.04.2016
ინფორმაცია ამის შესახებ, ქართულ მედიაში 9 აპრილს, შაბათს გაჩნდა. თუმცა, ტელევიზიების ნაწილს თემა არ გაუშუქებია.
ეს საკითხი ვერ მოხვდა „რუსთავი-2 ის“ დღის „კურიერსა“ და შაბათის „კურიერში“, ამბავი არ იძებნება ტელევიზიის ვებგვერდზეც. აღსანიშნავია, რომ დავით კეზერაშვილი შაბათის „კურიერში“ მოხვდა, თუმცა, სულ სხვა კონტექსტით. სიუჟეტი ეხებოდა, ბრიტანეთის მიერ კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმას. როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, „ბრიტანეთის სასამართლო მისი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, კეზერაშვილის პოლიტიკური ნიშნით გასამართლების საფრთხეს ხედავს“.
კეზერაშვილის და პანამის დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია არ გასულა არც „მაესტროს“ დღის საინფორმაციო გამოშვებაში , თუმცა საკითხი გაშუქდა მთავარ გამოშვებაში.
თემა საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველმა არხმა გააშუქა როგორც დღის გამოშვებებში, ისე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც. „მოამბეში“ 8 საათზე, თემა ვრცლად იყო წარმოჩენილი და სიუჟეტის გარდა, ეთერში ინტერვიუც ვიხილეთ. სიუჟეტები განთავსდა ტელევიზიის ოფიციალურ გვერდზეც.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის პანამის დოკუმენტებში გამოჩენა გაშუქდა „იმედის“ დღის გამოშვებაში, იგივე სიუჟეტი განთავსდა ტელეკომპანიის ვებგვერდზე, თუმცა ამ საკითხზე მასალა გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ არ გასულა (შაბათს „იმედზე“ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ არ გადის, ამ დროს ბადეში გადაცემა „ქრონიკის სტუდია“ არის განთავსებული).
დღის განმავლობაში საკითხი არ გაშუქებულა GDS – ის ეთერში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არხზე საინფორმაციო გამოშვება „2030“ შაბათ დღეს საერთოდ არ გადის, დღის ამბები კი, მხოლოდ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს ეხება და არა ლოკალურ თემებს. კეზერაშვილის თემა გაშუქდა „2030-ის“ ვებგვერდზე - 2030.news