ნიკა ლალიაშვილი: ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია, ეთიკის საკითხები თავად მაყურებელმა განსაჯოს
17.05.2016
მაესტროს ფაქტორის ახალ პრომოში „სანამ სხვები სიზმრებს ხედავენ“, კონკურენტი ტელევიზიების მაიდენტიფიცირებელი ნიშნებია ნაჩვენები. როგორც მაესტროს საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელი ნიკა ლალიაშვილი განმარტავს, პრომოში ეცადნენ წარმოეჩინათ, რა განასხვავებს მაესტროს ფაქტორს კონკურენტებისგან: „როცა სხვები სიზმრებს ხედავენ, ჩვენ ვაჩვენებთ რეალობას. ესაა კლიპის არსი“, ამბობს ლალიაშვილი.

რუსთავი 2 -ის გადაცემა „არჩევანის“ პროდიუსერის რუსუდან ვაშაკიძის თქმით, პრომო არაკოლეგიალური და არაპროფესიონალურია: „გარდა იმისა, რომ ვარ „არჩევანის“ პროდიუსერი, ვარ რიგითი მაყურებელიც. არანაირად არ ჯდება პრომო ყოველკვირეული ტოკ-შოუს ფორმატში. ვფიქრობ, მაყურებელი უფრო სხვანაირად უნდა მოიზიდონ და არა კონკურენტი ტელევიზიების წამყვანების ჩვენებით. გაურკვეველია პრომოს შინაარსიც“.

„ეს არ არის ჩვენი მოგონილი. ასეთი შემთხვევა ხშირია დასავლეთშიც, როცა არის ხოლმე პირდაპირი და არაპირდაპირი ირონია სხვა კონკურენტი არხების მიმართ, ეს იყო აბსოლუტურად უბოროტო პრომო, რომელშიც გვინდოდა გვეჩვენებინა, ის რომ „მაესტროს ფაქტორი“ განსხვავებული რეჟიმით და განსხვავებული ფორმატით გადის ეთერში. გვინდოდა გვეჩვენებინა, რა განგვასხვავებდა ჩვენ ჩვენი კონკურენტებისგან. როცა სხვები სიზმრებს ხედავენ, ჩვენ ვაჩვენებთ რეალობას -ესაა კლიპის არსი. არაკოლეგიალურია ის უხეში განცხადებები, რომელიც მე მითხრეს, რომ სოციალურ ქსელებში ჩვენი მისამართით გავრცელდა. რაც მთავარია ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია, ეთიკის საკითხებს რაც შეეხება, ეს განსაჯოს თვითონ მაყურებელმა“, - ამბობს ნიკა ლალიაშვილი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ