ბინა 18 : "ეს იყო იუმორი"
26.04.2016
შაბათს, გადაცემა “ბინა 18-ში" სტუმრად მოწვეული ჰყავდათ გოგონა (როგორც ტიტრში იყო აღნიშნული “ცნობადი სახე”). რესპონდენტი სოციალურ ქსელებში ცნობილი ლგბტ თემის მიმართ გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო გახდა. სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, ქუჩის გამოკითხვა, სადაც გოგონამ ლგბტ თემის გინებით უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობდა „ერთსქესიანთა ქორწინებაზე“. "ბინა 18-ში“ კი გოგონა სტუდიაში მიიწვიეს და შემდეგ, თავად ჩაატარებინეს ქუჩის გამოკითხვა, ერთნაირი სქესის ადამიანთა ქორწინების შესახებ. მოქალაქეთა პასუხებს შორის ვისმენთ: “უნდა მოვსპოთ” “ვინც ფიქრობს მაგას, ისინი არიან დასახვრეტები”, “ეს არის მარაზმი”, “კატეგორიული წინააღმდეგი ვარ” და ა.შ. გადაცემა სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა. გადაცემის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი მანაგაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართა, ამ ეტაპზე განცხადება დასაშვებობის ეტაპს გადის და საბჭო საქმეს ამის შემდეგ განიხილავს.

გადაცემის პროდიუსერი ლაშა ბასლანაძე მედიაჩეკერთან საუბარში ამბობს: "უბრალოდ გამოკითხვა იყო. იქ იყო აზრი ერთი მხარის და მეორე მხარის - ვინც ეთანხმება და ვინც არ ეთანხმება. ჩვენ ყველა მხარე ვაჩვენეთ. ქართველები ვართ და ზოგს ისე მიაჩნია, ზოგს ასე. სიტყვის თავისუფლებაა ქვეყანაში, მსოფლიოში და ყველანი მაგისთვის ვიბრძვით. ჩვენ არ ვართ ჰომოფობები, პირიქით. ჩვენს გადაცემას თუ უყურებთ, ლგბტ წარმომადგენლებიც გვყოლია გადაცემაში. ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვინმე მოგვეკლა ან ჩაგვექოლა. იუმორი იყო ჩვეულებრივი".

გადაცემა “ბინა 18-ში” სტუმარმა ასევე აღნიშნა, რომ როცა ლგბტ თემს აგინა, ქართველი ხალხის აზრი თქვა და იმსახურებენ ასეთი ადამიანები იმას, რაც თქვა. ამასთანავე, ბოდიში მოუხადა არა იმათ ვისაც აგინა, არამედ საზოგადოებას, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, უცენზურო სიტყვების გამოყენებისთვის: ”ვთქვი მართალი, მაგრამ თქვენ ცოტათი მიიღეთ ცუდად. მაინც გოგო ვარ. არ შეეფერება ქართველ ქალს ეს გინება”.



თეგები : სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ