"გირჩის" სახედ წარდგენილი ტელეწამყვანების საკითხს დისციპლინური კომისია განიხილავს
22.04.2016
ახალი პოლიტიკური ცენტრის - "გირჩის" ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს, 22 აპრილს, პარტიის ოფისში, პარტიის ახალი წევრების სტატუსით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხური და აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოშვების წამყვანები - არაზ მაშოვი და ედგარ ბარსაღიანი წარადგინა. არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, ამას მაუწყებლის დისციპლინური კომისია შეისწავლის.

“ახალი პოლიტიკური ცენტრი არ გვინდა იყოს მხოლოდ ახალი ადამიანების გაერთიანება, არამედ ასახავდეს იმ მრავალფეროვნებას, რომლითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა, ამიტომ მე დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს ორ ახალ წევრს - არაზ მაშოვსა და ედგარ ბარსაღიანს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც 12 წელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარე ახალ ამბებს აცნობენ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს” - აღნიშნა ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე.

მაუწყებლობის შესახებ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უკრძალავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას. ამის შესახებ კანონის 23-ე მუხლშია აღნიშნული. გარდა ამისა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-16 მუხლში წერია, რომ დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.

თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანები მიიჩნევენ, რომ მათ ინტერესთა კონფლიქტი არ აქვთ:

“მეც და სომხური გადაცემის წამყვანიც ამჟამად ვმუშაობთ საზოგადოებრივ მაუწყებელში, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, მაგრამ როგორც ასეთი, იმ პარტიაში არ ვართ გაწევრიანებული. ჩვენი სურვილია რომ ვიყოთ მათ რიგებში და თუ კანონი მოითხოვს, გავაკეთებთ ამას ისე, როგორც შეესაბამება კანონს. დოკუმენტურად არ ვართ გაფორმებული, ამჟამად ვართ კონსულტაციის დონეზე. აგიტაციასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჯერ ჩართული არ ვართ. როცა ასეთი რამ იქნება და მოთხოვნა იქნება, გავაკეთებთ როგორც საჭიროა. ახსნა-განმარტება მოგვთხოვეს მაუწყებლის იურისტებმა. მე არ ვაპირებ არანაირი ახსნა-განმარტების დაწერას. თუ კი რაიმე მიაჩნიათ რომ არასწორია, აქეთ მომედავონ”, - განუცხადა მედიაჩეკერს არაზ მაშოვს. იგივე პოზიცია აქვს ედგარ ბარსაღიანს:

“რადგან წლების წინ ვმუშაობდით ეროვნული უმცირესობების საკითხზე, ძირეულად გვესმის მათი პრობლემები. ახლა ვართ მრჩევლების პოზიციაში, რათა კონსულტაცია გავუწიოთ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებში. სამომავლოდ რა იქნება, წინასწარ ვერ ვიტყვით. ჩვენს სატელევიზიო საქმიანობას ეს არ ეხება”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის თქმით, მან უკვე მიმართა მოხსენებითი ბარათით საზოგადოებრივი მაუწყებლის დისციპლინურ კომისიას, რომელმაც გადაწყვეტილება განხილვის შემდეგ უნდა მიიღოს.

“დიდი ალბათობით, თუ დადასტურდება, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტიის წევრები, მათ მოუწევთ სამსახურის დატოვება. მათ მოეთხოვათ ახსნა-განმარტების დაწერა, რომელიც განხილული იქნება კომისიაზე და რა თქმა უნდა, მათთან საუბრის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, - ამბობს გიორგი გვიმრაძე. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის სახე ვერ იქნება საინფორმაციო სამსახურში დასაქმებული და მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტია იქნება ეს.

თეგები : ინტერესთა კონფლიქტი ;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ