გიორგი გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით „რუსთავი-2-ის“ თვითრეგულირების ორგანოს მიმართავენ
17.06.2016
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები 11 ივნისს, გადაცემა „არჩევანის“ მიმდინარეობისას, წამყვანის მიერ მოსამართლე გუჯაბიძის მისამართით ნათქვამის გამო „რუსთავი 2-ის“ თვითრეგულირების ორგანოს მიმართავენ. განმცხადებლების აზრით, წამყვანის სიტყვები „სექსისტური და გენდერის ნიშნით შეურაცხმყოფელი“ იყო.

"შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტი "რუსთავის 2-ის" საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა. სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა: „ცუდია, რომ ნიკა გვარამია არ აჰყვა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა. არამგონია მანტიის ქვეშ რამე დიდად საინტერესო დაგვხვედროდა, მაგრამ მაინც... "

„გიორგი გაბუნიამ,განზრახ თუ გაუფრთხილებლად, სექსუალურ ობიექტად წარმოაჩინა მოსამართლე ნათია გუჯაბიძე. ხოლო, „მანტიის გახდის“ (რაც მოსამართლის პროფესიული უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს) ისეთი ინტერპრეტაცია გააკეთა, რომ მაყურებელს აქცენტი გადაატანინა მოსამართლის სხეულზე და მისი სხეულის შესაძლო არასრულყოფილებაზე. წამყვანის ეს შეფასება კვებას და ამყარებს ჩვენს ისედაც უკიდურესად პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ იმ სტერეოტიპებს, რომელთა თანახმადაც ქალის განათლება, კარიერა და საქმიანობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით,უწყინარი და შეუმჩნეველი სექსიზმი აქცევს ქალს მეორეხარისხოვან არსებად. სექსიზმის საკითხის გასარკვევად შემდეგი კითხვის დასმა იქნებოდა მარტივი გამოსავალი: მოსამართლე ნათია გუჯაბიძე მამაკაცი რომ ყოფილიყო, გააკეთებდა თუ არა გიორგი გაბუნია იმავე განცხადებას? ამ კითხვაზე მიღებული უარყოფითი პასუხი არის იმის დასტური, რომ გიორგი გაბუნიას ეს განცხადება სწორედ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის სქესით იყო განპირობებული“ - ვკითხულობთ საჩივარში.

განმცხადებლები თვითრეგულირების ორგანოსგან წამყვანის განცხადების შეფასებას და სათანადო რეაგირებას ითხოვენ. როგორც ერთ-ერთი განმცხადებელი იდა ბახტურიძე აღნიშნავს, საჩივრის შეტანის ვადა 21 ივნისამდეა, საჩივრის ტექსტზე ხელმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ