01.08.2016
“ბახმაროს წყალი მიირთვით. სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავისთვის. ოჰ, მსხვილ ნაწლავს როგორ უხდება თან, ხო ვიცით ჩვენ!”
“რა თქმა უნდა ბახმაროს წყალი. თან ზაფხულია, მაგრად ცხელა. შეველის, ყველაფერს უხდება” - 4 ცნობილი ექიმი, რომლიც ამ ბოლო დროს მუდმივად “ბახმაროთი” და “ნაბეღლავით” გაწყობილ მაგიდასთან ზის, გადაცემის სტუმრებს წყალს თითქმის ყველა გადაცემაში სთავაზობს.
გარდა ამისა, გადაცემების მსვლელობისას, წამყვანები თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან “ მეგობარ კომპანიას” - “ჰუმანითი ჯორჯიას”. ამ დროს კი კადრში კომპანიის ლოგო და პრეპარატი “ჰეფი ბელი -ფლორა” ჩანს.
მაუწყებლობის და რეკლამის შესახებ კანონებში ტერმინი - “მეგობარი კომპანია” არსად გვხვდება.
სავარაუდოდ, “ჰუმანითი ჯორჯია” გადაცემა “ექიმების” სპონსორია, თუმცა ამის შესახებ არც პროგრამის დასაწყისში და არც დასასრულს მითითება არ არის.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამაში სპონსორზე ნათლად მიეთითება მისი სახელის, სასაქონლე ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის საშუალებით, პროგრამის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, პროდუქტის ეთერში განთავსება გადაცემებში დაშვებულია, თუმცა, კანონი მკაცრად განსაზღვრავს განთავსების წესებს. კანონის 69-ე მუხლის თანახმად, პროგრამაში პროდუქტის განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ “ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას” , პროდუქტს გადაჭარბებულ მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდეს და რეკლამირება გადაცემის შინაარსზე გავლენას არ უნდა ახდენდეს.