არაკორექტული მიმართვები "კურიერში"
05.02.2017
4 თებერვლას ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში, საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" ჩაერთო პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე, რომელიც საუბრობდა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის შესახებ. მდინარაძე შეეხო რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც თითქოსდა „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი მამუკა ახვლედიანს ქრთამს სთავაზობს.

ეთერში მოულოდნელად ჩაერთო ნიკა გვარამია, რომელმაც არაკორექტული გამონათქვამები გამოიყენა მამუკა მდინარაძის მიმართ, რასაც მოყვა კამათი. წამყვანი მოუწოდებდა თავშეკავებისკენ, თუმცა, ვერ მოახერხა დისკუსიის მართვა.

„ძალიან გთხოვთ, საქმეზე ვილაპარაკოთ, ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე, კურიერია ეს ბოლოსდაბოლოს და მართლა უადგილოა აქ ლანძღვა ერთმანეთის და შეურაცხყოფა. საქმეზე ვილაპარაკოთ, ბატონო ნიკა, თქვენც გთხოვთ და ბატონო მამუკა, თქვენც გთხოვთ. აცალეთ ერთმანეთს, მოისმინეთ ერთმანეთის ბრალდებები და პოზიცია და გაეცით ერთმანეთს პასუხი ცალ-ცალკე და არა ერთდროულად“, - მიუთითა წამყვანმა რესპონდენტებს.

ამის შემდეგ მიეცა მამუკა მდინარაძეს ნიკა გვარამიასთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა, მოგვიანებით, როდესაც გვარამიამ კვლავ დაიწყო საუბარი, წამყვანმა უთხრა: „ბატონო ნიკა, თქვენ გენერალური დირექტორი ბრძანდებით "რუსთავი 2-ის" მაგრამ ალბათ დროა რომ დაგემშვიდობოთ“ - ამით დაასრულა რესპონდენტებთან საუბარი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ