23.03.2017
„როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლმა - ახალგაზრდა გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა,“ - წერს interpresnews.ge. „,ავტომანქანა, რომელსაც ქალბატონი მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგარ ჯიხურში შევარდა,“ - წერია „newpost.ge-ს“ მასალაში. „არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც გოგო მართავდა, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრაობდა,” - ვკითხულობთ „pia.ge-ზე“ გამოქვეყნებულ სიახლეში. მძღოლის სქესი აღნიშნა „მარშალპრესმა", ოლნიუსმა, presa.ge-მ.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ხელმძღვანელი ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამგვარი გაშუქება სექსისტური და სტერეოტიპულია:
„რა თქმა უნდა, ზოგიერთ დანაშაულზე, დანაშაულის ჩამდენის სქესი მნიშვნელოვანია, მაგალითად, ასეთი დანაშაულია ქალთა მიმართ ძალადობა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთვევაში კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სამართალდამრღვევი კაცია თუ ქალი. ამ კონკრეტულ შემთვევაში, სიახლეში მძღოლის სქესის აღნიშვნა მომდინარეობს სტერეოტიპებიდან, რომ ქალის ქცევა უფრო საკონტროლებელია, ვიდრე მამაკაცის, ეს ხელს უწყობს ქალთა მიმართ სტერეოტიპების შენარჩუნებას და მათ მიმართ გარკვეული საზოგადოებრივი წნეხის გაძლიერებასაც“.