07.04.2017
geworld-ზე გამოქვეყნებულ სიახლეში, სათაურით „აშშ-მ სირიაზე თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 72 ადამიანი!“, ვკითხულობთ:
“ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო“.
გადამოწმებული ინფორმაცია
· აშშ-ს შეტევის შედეგად დაღუპულების ზუსტი რაოდენობა დასავლურ მედიას ჯერ არ გაუვრცელებია. ალჯაზირა , ბი-ბი-სი CNN და სხვა დასავლური მედიასაშუალებები წერენ, რომ სირიის არმიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი.
· ვაშინგტონმა იერიშები მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა.80 ამდე ადამიანი დაიღუპა არა აშშ-ს მიერ განხორციელებულ შეტევაში, არამედ რამდენიმე დღის წინ, ქიმიური იარაღის გამოყენების დროს.
შესაბამისად:
გაუგებარია, რას ეყრდნობა ქართული გამოცემა, მაშინ როცა წერს, რომ თავდასხმის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა, ნაწილი კი მოიწამლა.
სხვა ფაქტობრივი ინფორმაცია:
· სირიაში მეექვსე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს;
· რამდენიმე დღის წინ სირიაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც აჯანყებულთა მიერაა კონტროლირებული, ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მოიწამლა და მძიმედ დაშავდა ასობით ადამიანი, ხოლო ბოლო ცნობებით, 80 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც;
· 7 აპრილს, აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირატის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ესაა პასუხი 4 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე;
· ასადის რეჟიმს მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია და ეხმარება მიმდინარე სამოქალაქო ომშიც, რუსულმა ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა აჯანყებულთა დისლოკაციის ადგილები;
· პუტინმა აშშ-ს მიერ დღეს განხორციელებული იერიში "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად" შეაფასა;