geworld-მა იეჰოვას მოწმეებზე დისკრიმინაციული მასალა გამოაქვეყნა
05.04.2017
4 აპრილს „geworld.ge-ზე“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც ავტორი რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეების“ საქმიანობის აკრძალვას „ქვეყნის ინტერესების დაცვასთან“ აიგივებდა და სვამდა შეკითხვას, „უნდა დაიცვას თუ არა საქართველომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები ისე, როგორც ამას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აკეთებს და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მისი არჩევის წუთიდან სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის არ ერიდება არაფერს?“ მასალაშივე, ჟურნალისტის ამ კითხვას პოლიტოლოგები, სოსო ცინცაძე და თამარ კიკნაძე პასუხობდნენ.

„ბევრს შეიძლება სურვილი აქვს, იეღოველთა საქმიანობა აიკრძალოს, მათ შორის, ეკლესიას, რასაკვირველია, მაგრამ ევროპა ცალი თვალით უყურებს ხელისუფლებას. თქვენ არ გეგონოთ, რადგან ასოცირება და ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს ევროპელებად გვთვლიდნენ,“ -ამბობს სოსო ცინცაძე და იქვე ამატებს, რომ ისლამი უფრო საშიშია: „ჩვენ „სხვა პრიორიტეტები უფრო გვიჭირს, ვიდრე იაღოველთა საქმიანობის აკრძალვაა, შედარებისთვის ისლამი უფრო საშიშია”. (სტილი დაცულია)

თამარ კიკნაძის აზრით, „საქართველოს არ აქვს საკმარისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს თავისი იდენტობის შენარჩუნება.“ ამ ბერკეტს კი ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროასოცირების ხელშეკრულება ართმევს: „საქართველო სხვა პოლიტიკას ეწევა, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია და ევროასოცირებისთვის ხელი აქვს მოწერილი, შეასაბამისად, ასეთ ღონისძიებას ვერ განახორციელებს, იმიტომ რომ მთელი რიგი ვალდებულებები აქვს ნაკისრი“. (სტილი დაცულია)

„საქართველოში ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერი იცვლება და რაღაც უნდა შეიცვალოს. მართმადიდებლობა ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია,“ -ამბობს კიკნაძე და ამატებს, რომ ჩვენს რეალობაში უმრავლესობაა დაუცველი: „დემოკრატიის ძირითადი პოსტულატი არის უმრავლესობის ინტერესების დაცვა. ახალა უმცირესობის უფლებები უფრო დაცულია, ვიდრე უმრავლესობის. უმრავლესობა, ფაქტობრივად, დისკრიმინაციაშია“. (სტილი დაცულია)

რუსეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვა პოზიტიურადაა წარმოჩენილი და არც გამოცემისა და არც რესპონდენტების მხრიდან არ ისმის მსჯელობა იმაზე, რომ კონკრეტული რელიგიური უმცირესობის საქმიანობის აკრძალვა დისკრიმინაციაა. გამოცემის მიერ, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება შეფასებულია „ქვეყნის ინტერესების დაცვად“ და ისმის მოწოდებაც, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც იგივე უნდა გააკეთოს.

თეგები : სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ