„ნაზი ვაჟები და მამაკაცური ქალები“ - სიძულვილის ენა "ასავალ-დასავალში"
18.04.2017
„ბავშვის დაბადებისთანავე მისი გენეტიკური სქესის განსაზღვრა უამრავ პრობლემას აგვარიდებს“- ამ სათაურით ქვეყნდება მასალა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 10-16 მარტის ნომერში.

მასალის დასაწყისშივე სტატიის ავტორი გვამცნობს, რომ თემა მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს ლგბტ პროპაგანდის პირობებში, აქტუალურია სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის გაკეთება. „რით აიხსნება რომ ზოგი ვაჟი ინაზება, ხოლო გოგონა მამაკაცურ თვისებებს ავლენს“ და „რა უნდა იღონოს ადამიანმა, თუ მას საპირისპირო სქესის ნიშნები მომეტებულად გამოუვლინდება“- ამ საკითხებზე „ასავალ-დასავალი“ ინტერვიუს ბიოლოგ მედეა ჩხაიძესთან გვთავაზობს.

მასალაში საპირისპირო სქესის თვისებების გამოვლენა შეფასებულია ავადმყოფობად, რომელიც „შველას“ და „მკურნალობას“ საჭიროებს: „ბიჭებიც ყოფილან-გოგონას ქცევებისკენ მიდრეკილებებით და ჰორმონალურ ფსიქოლოგიური მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელებულან, სრულფასოვან მამაკაცებად ჩამოყალიბებულან. მაგრამ იყო სხვა შემთხვევებიც, როცა მოიყვანეს გოგონა, რომელიც კვლევის შედეგად გენოტიპურად ბიჭი აღმოჩნდა და პირიქითაც, როცა კვლევაზე მოყვანილ ბიჭს ქალის გენეტიკური სქესი დაუდგინდა, თუ ასეთი შემთხვევები სქესობრივი სიმწიფის ასაკამდე გამოვლინდება, შველა ჯერ კიდევ შესაძლებელია“.

რესპონდენტი ბიოლოგი სქესის შეცვლის სურვილის მქონე ადამიანებს მოიხსენიებს, როგორც ავადმყოფებს და გადახრისკენ მიდრეკილებს, რომელთაც აქვთ დარღვევები, ის ასევე აცხადებს, რომ: „ჰომოფობიად არ უნდა შეფასდეს, თუ სახელმწიფო ყველა ლგბტ პირის მიმართ მათი გენეტიკური სქესის დასადგენად სავალდებულო კვლევას დააწესებს”.

ცნობისთვის,ჰომოსექსუალობა “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ” ჯერ კიდევ 1990 წელს ამოიღო დაავადებათა სიიდან.

გარდა ამისა, გაზეთის ამავე ნომერში, 23- გვერდზე შევხვდებით დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ მასალას სექსუალური უმცირესობების მიმართ: „ლგბტ-ასო-ელები 17 მაისს თბილისის ტელეანძის გაფერადებას მოითხოვენ.“ მასალაში ტრანსგენდერი ადამიანები მოხსენიებულები არიან „კოლგოტიან კაცებად“ და მეძავებად, რომლებიც მსგავსი მოთხოვნით ლახავენ და შეურაცხყოფენ ერის ღირსებას.

თეგები : სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ