„სხვა ჯურის რეზერვაციების“ და „ანტიკულტურის“ შიში - ქსენოფობია „ასავალ-დასავალში“
08.05.2017
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 1-7 მაისის ნომერში გამოქვეყნებული არაერთი მასალა შეიცავს სიძულვილის ენას. ტექსტები არის ქსენოფობიური, ნეგატიურად მოიხსენიებენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს, რამაც შესაძლოა გააღვივოს შუღლი და გააძლიეროს სტიგმა მათ წინააღმდეგ.

სტატიების მიხედვით, უცხოელები გვართმევენ და ბილწავენ საქართველოს, გვავიწროვებენ, რაც სამომავლოდ გამოიწვევს დემოგრაფიულ პრობლემას, კერძოდ - ქართული სისხლის ნაკლებობას ჩვენს ძარღვებში.

ქსენოფობიური ტალღა „ასავალ- დასავალში“ მოჰყვა კანონპროექტს დიდგორობის დღის უქმედ გამოცხადებასთან დაკავშირებით და თურქეთის საელჩოს თხოვნას, რომ კანონპროექტი ამ სახით არ მიეღოთ.

„ასავალ-დასავალის“ სტატიებში ვკითხულობთ შემდეგ ქსენოფობიურ ტექსტებს:

● „ჩვენი დედაქალაქის ცენტრში, ფაქტობრივად, არაბულ-თურქულ-აფრიკული რეზერვაციებია შექმნილი, სადაც ქართველები უმცირესობას წარმოადგენენ“.

● „დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს რამოდენიმე რაიონში ჩინელების, ინდუსების, არაბების მასობრივი ჩასახლება იგეგმება! შედეგად, ზოგიერთ რაიონში დემოგრაფიული სურათი კატასტროფულად შეიცვლება და ქართველები, შესაძლოა ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდნენ“.

● „საკუთარი მიწა წყლიდან გაედინება ცოცხალი ერი და შემოედინება სხვა რასა, სხვა ენერგეტიკა, სხვა მენტალობა, სხვა კულტურა, ანუ ანტიკულტურა“.

● „მიდით და ნახეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დუბაის თუ ყატარის რეისებს როგორ ჩამოჰყავთ არაბების ათცოლიანი ოჯახები, ერთი ბატალიონი ბავშვებით“.

● „არაბი რომ ჩამოვა აქ და ათ ცოლს ჩამოიყვანს, იმათ ყოველწიურად ათ-ათი შვილი რომ გააჩენინოს, რა დღეში აღმოვჩნდებით?“

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით” - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპში.

თეგები : სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ