18.05.2017
„2011-12 წლებში სახელმწიფოს დაუდევრობითა და ქართველი ბიზნესმენების ხელშეწყობითაც, უცხოელ მოქალაქეებზე 29 620 ჰა მიწა გაიყიდა,“ - წერს ჟურნალისტი მასალის პირველივე აბზაცში. შემდეგ კი, ცდილობს “გავრცელებულ ინფორმაციაზე” დაყრდნობით, თავისი ხედვით პრობლემურ საკითხზე, უცხოელი მოქალაქეების მიერ საქართველოში მიწის ყიდვის საკითხს კიდევ ერთხელ შეეხოს.
“გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთაში შესაძლოა, 3-4 ახალი სოფელი გაშენდეს, რომელიც უცხოელი მოქალაქეებით იქნება დასახლებული. ეს არ არის გამონაკლისი. მსგავსი საფრთხე დიდია სამეგრელოში, გურიასა და კახეთის რამდენიმე სოფელში, სადაც ქართულ მიწებს ინდოელები, ბურები, თურქი და ჩინელი მოქალაქეები ეუფლებიან. მსგავსი პრობლემის წინაშე ახლახან თბილისის ახლომდებარე სოფელი კუმისი აღმოჩნდა, რომლის მცხოვრებლებმა უცხოელზე მიწის მიყიდვის ფაქტი გააპროტესტეს,” - წერს ჟურნალისტი.
“პრობლემად” დასახული მოვლენის სიმწვავის კიდევ უფრო ნათლად დასანახად ჟურნალისტმა მკითხველს ანზორ მესხიშვილის კომენტარები შესთავაზა. ის მასალაში სასოფლო-სამეურნეო სფეროს სპეციალისტადაა მოხსენიებული. კომენტარით ირკვევა, რომ ჟურნალისტსა და რესპონდენტს მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მსგავსი შეხედულებები აქვთ. მესხიშვილს არ სჯერა, რომ საჯარო რეესტრი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ მიწის შესახებ სწორ ინფორმაციას აქვეყნებს. „ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვა საშიში ტენდენციაა, ეს შეცდომა ჩვენმა წინაპრებმაც დაუშვეს თავის დროზე და დღეს არ უნდა ვიმეორებდეთ, ცნობილი ფაქტია, რომ წარსულში მაჩაბელმა ჩამოიყვანა რამდენიმე ოჯახი პირუტყვის მოსავლელად და ეს პროცესი დიდი ხნის შემდეგ დასრულდა იმით, რომ ამ ტერიტორიიდან ქართველები გამოყარეს,“ - განუცხადა მესხიშვილმა “რეზონანს.”
მასალა ქსენოფობიური კონტექსტის მატარებელი და დაუბალანსებელია. არ ისმის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები და არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა მოეპოვებინა განსხვავებული მოსაზრებები. ჟურნალისტი არ ერიდება ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა “დაუდევრობა”, “პრობლემა”, “საფრთხე”... მასალის რუბრიკაში - “საფრთხე” გამოქვეყნება მკითხველს უთითებს, რომ საკითხი პრობლემატურია, სტატიაში მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კი “შეცდომადაა” მიჩნეული.