ჰიტლერის სისასტიკის რომანტიზება და ჰომოფობია „ასავალ-დასავალში"
23.06.2017
ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, რომელშიც წერია, რომ კონსტიტუციით არ უნდა აიკრძალოს ერთი სქესის პირთა პარტნიორული ურთიერთობა, გაზეთ „ასავალ-დასავალისათვის“ ახალი ჰომოფობიური ტალღის მიზეზი გახდა. სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული განწყობების გარდა, რაც სექსუალური უმცირესობების მისამართით ჟღერდება, გაზეთში ვხვდებით ამ ადამიანების დასჯის წახალისების მცდელობას.

„როგორ ებრძოდა ჰიტლერი მამათმავლებსა და ნარკომანებს“ - სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 19-25 ივნისის ნომერში. მასალა მთლიანად ჰომოფობიურია და ავტორი დადებითად აფასებს ჰიტლერის ისეთ ქმედებებს როგორიცაა: დახვრეტა, სიკვდილით დასჯა, სამუდამო პატიმრობა, ის რაც მიმართულია ადამიანის სიცოცხლის მოსპობისკენ და რაც გამართლებულია სექსუალური ორიენტაციის საფუძვლით.

„დღევანდელ მრუმე და ბილწ ცხოვრებაში, როცა ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიოც კი „გვაბოლებს“ და იმას „გვირჩევს“ კონსტიტუციით ერთნაირსქესიანთა ქორწინება აკრძალეთ , მაგრამ მთლად ნუ აკრძალავთო, სულ უფრო და უფრო ხშირად დაისმის შეკითხვა - როგორ გაწმინდა ჰიტლერმა პედერასტებისაგან გერმანია და რა დღე დააწია ნარკომანებს.“-ვკითხულობთ გაზეთში.

ტექსტი ჰომოფობიურია და ლგბტ ადამიანიების ქცევა შეფასებულია, როგორც „გარყვნილება“, რომელიც უნდა აღიკვეთოს. მასალაში ჩანს პათოსი, რაოდენ დიდი ძალისხმევა ჩადო ჰიტლერმა და მისმა გუნდა გერმანელი ერის გადასარჩენად. „ასავალ-დასავალის“ მთლიანი ტექსტში ჯერ აღწერილია ის ხერხი, რაც განახორციელა ჰიტლერმა ამ ადამიანების გამოსავლენად და მერე განმარტებულია სქემა, როგორ განახორციელა მათი ლიკვიდაცია. წახალისებულია ჰომოსექსუალობის გამო ადამიანის მსგავსი ფორმით დასჯა. მართალია, ჟურნალისტი თვლის, რომ ჰიტლერმა და მისმა გუნდმა გერმანია დაღუპა თავის დროზე მაგრამ: „ამ ბავშვებმა, რომლებიც ფაშისტებისა და ნარკომანების სიძულვილით გაზარდეს, დანგრეული გერმანია ფერფლისგან აღადგინეს და მთელს მსოფლიოს უჩვენეს, თუ რა ძალა აქვს ჯანსაღ ნაციას, რომელმაც სოდომ-გომორულ სიბილწეს უარი უთხრა!“

ავტორი : თამთა აბუსელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ