გინება და შეურაცხყოფა არჩილ გაზმარდიას „ახალ ამბებში“
15.09.2017
14 სექტემბერს არჩილ გამზარდიას საავტორო გადაცემაში მაყურებელი ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში ისმენდა გინებას, ყვირილს და შეურაცხყოფას. გადაცემის თემა იყო, უნდა ეწოდოს თუ არა გორის ცენტრალურ მოედანს ევროპის მოედანი. საკითხზე სასაუბროდ კი სტუმრად მოიწვიეს გორის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ თანდილაშვილი, „ერეკლე მეორის“ საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე, საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე და „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია.

სტუმრებს შორის დებატი გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და გინებაში, ამ მიმართულებით, განსაკუთრებით გრიშა ონიანი აქტიურობა, წამყვანმა კი ვერ მართა დებატები, მისი ეთერი იქცა შეურაცხყოფის, ყვირილის, გინების ტრიბუნად. გრიშა ონიანი ეთერიდან 17 წუთის შემდეგ გაიყვანეს, ამ დროში კი მან დაუბრკოლებლად მოახერხა ოპონენტების შეურაცხყოფა ისე, რომ წამყვანმა, ფორმალური მცდელობის მიუხედავად, მას ხელი ვერ შეუშალა.

ეთერში გრიშა ონიანის მხრიდან ოპონენტების მისამართით ისმოდა:

„მაცადე ქალო, თუ გამომაგზავნეთ ამ სიშორეზე კაცი, მალაპარაკეთ, თუ არადა დაჯექი იქა და იწლიპინე რამდენიც გინდა“.

„ქვებს დაგიშენთ და ისე გაგცემთ პასუხს თქვენ, ნაძირლებო თქვენ“.

„შე უსინდისო შენა, როგორ ამბობ რომ არსად არ არის სტალინის ქუჩა“.

„ჩამოვალ მე და ღია ეთერში მეტლიკინე მაშინ“.

„დამანებე თავი, ამ უმწიფრებს და ამ დასავლეთიდან შემოყრილ მაიმუნებს უნდა ელაპარაკო კაცი რა“.

ონიანი განსაკუთრებული აგრესიულობით გორის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ თანდილაშვილის მიმართ გამოირჩეოდა:

„ყველა იმ გორელს უნდა მოტყდეს ხელი, ვინც ამ გათახსირებულ ქალბატონს ხმა მისცა“.

„წაეთრიე სადაც გინდა იქ დაეგდე და იცხოვრე“.

„ტანკით გადაგივლიდი შენ და შენს გვარს, შევარცხვინე ის გორელები, რომლებიც შენს ქუჩაში გავლას იტანენ“.

„შე არაქართველო, შე არაოჯახისშვილო, არა ქმარპატრონო, შე გარეწარო“.

“ორ დოლარზე გაყიდულო დედაკაცო, პოლიტიკურო მეძავო“ - აგრძელებდა ონიანი, რაზეც წამყვანმა უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მიმართვა, „მითუფრო ქალის მიმართ“ მიუღებელია. ონიანი კვლავაც აგრძელებდა ლანძღვას. კიდევ ერთ სტუმარს, ბადრი შუბლაძეს კი პირდაპირ ეთერში შეაგინა, პირველი გინება შუბლაძემ უპასუხოდ დატოვა და წამყვანს სთხოვა, ეთერიდან გაეყვანათ ოპონენტი, „ამის მოსმენა აუტანელია“ - ამბობდა შუბლაძე, თუმცა მისის თხოვნის მიუხედავად, ონიანი კვლავ დატოვეს ეთერში. ონიანისგან მეორედ წამოსულ გინებას კი, შუბლაძემ გინებითვე უპასუხა, რის შემდეგაც, წამყვანმა გადაცემის ჯგუფს სთხოვა, გრიშა ონიანი ეთერიდან გაეყვანათ.

წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მისი გადაცემიდან შეურაცხყოფა და უხამსი სიტყვები ისმოდა. გაუგებარია, თუკი ტელეკომპანია მართლაც წუხდა მომხდარის გამო და გულწრფელად უბოდიშებდა აუდიტორიას, მაშინ თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე რატომ გააზიარა გინებისა და შეურაცხყოფის ამსახველი მონაკვეთი გადაცემიდან და რატომ შეუწყო ხელი მის კიდევ უფრო მეტად ტირაჟირებას. გარდა ამისა, ბუნდოვანი დარჩა, საერთოდ რატომ იყო მნიშვნელოვანი, საზოგადოებას მოესმინა გრიშა ონიანის პოზიცია გადაცემაში განხილულ თემასთან დაკავშირებით, რატომ მოიწვიეს ის სტუმრად და რა საჯარო ინტერესი არსებობს მისი პიროვნებისა თუ პოზიციების მიმართ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექი:

მუხლი 40. შეურაცხმყოფელი ლექსიკა

უხამსი ქმედება და შეურაცხმყოფელი ლექსიკა არ უნდა იქნეს გამოყენებული არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ პროგრამებში და წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში.

მუხლი 54. მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან დაცვის პრინციპი

მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან.

მუხლი 56. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ პოტენციური ზიანისა და შეურაცხყოფისაგან დაცვის შესახებ

აუდიტორიის შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ