11.09.2017
გადაცემის წამყვანი ტექსტში სვამს კითხვას, უკავშირდება თუ არა მოზარდის მკვლელობა თამაშს, მოგვიანებით კი ირიბად პასუხობს და ამბობს, რომ მოზარდს ამ თამაშისთვის დამახასიათებელი ნაკაწრები უპოვეს. სიუჟეტის ავტორი კი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ მოზარდი აივნიდან გადახტა, მაშინ როცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და უცნობია, საქმე სუიციდთან გვაქვს თუ უბედურ შემთხვევასთან. ჟურნალისტმა ხაზგასმით ისიც აღნიშნა, რომ მეზობლების თქმით, მოზარდს თვითმკვლელობამდე მობილურზე დაურეკეს და ის საუბრის დასრულებისთანავე გადახტა. მეზობლებისვე ინფორმაციით, მოზარდმა თვითმკვლელობამდე სურათი გადაიღო და სავარაუდოდ იმ პირს გაუგზავნა, ვისაც ესაუბრებოდა.
სიუჟეტში არ ჩანს არც ერთი სარწმუნო წყარო, დოკუმენტი, ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა თამაშისა და თვითმკვლელობის შემთხვევის კავშირს, მასალა მთლიანად ვარაუდებზეა აგებული.
სიუჟეტის ყურებისას რჩება განცდა, რომ მასალის ავტორმა მეზობლები ფარულად ჩაწერა და უბედური შემთხვევის ვერსიებზე ალაპრაკა. მასალაში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიების ფარგლებში, თვითმკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად თამაშს განიხილავს. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, წყარომ მიაწოდა ეს ინფორმაცია, თუ შსს-ში განუცხადეს.
გაურკვეველი თამაშისა და სუიციდის ცალკეული შემთხვევების ურთიერთკავშირზე მომზადებული მასალები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ბავშვთა საკითხების მედიამონიტორინგის ანგარიშშიც მოხვდა. როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ამგვარი თემები? ანგარიშში რეკომენდაციის სახით აღნიშნულია:
ცხადია, არსებობს ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ უკავშირდება სუიციდისა და თვითდაზიანების ცალკეული შემთხვევები ამ თამაშს, ხომ არ მიჰყავს თამაშს ბავშვები თვითმკვლელობამდე. ამ კითხვას სვამს არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო მედიაც. ამ კითხვების დასმისა და საქმის დეტალების გაცნობის შემდეგ, უმჯობესი იყო მედიას გაეთვალისწინებინა და ეთქვა აუდიტორიისთვის შემდეგი ფაქტები:
- მედიაში თამაშსა და თვითმკვლელობას შორის კავშირის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ამგვარი კავშირი ჯერ ოფიციალურად არც ერთი ქვეყნის საგამოძიებო უწყებას არ დაუდასტურებია, გარდა რუსეთისა. ამ ტიპის ბრალდებით არც არავინ დაუკავებიათ, რომელიმე სხვა ქვეყნაში, გარდა რუსეთისა;
- საკითხის შესახებ პირველად „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტური გამოძიებიდან გახდა ცნობილი. ცნობილი საიტი „მედუზა“ წერს, რომ გამოძიება ხარვეზებს მოიცავს, წყაროები არ ადასტურებენ ამგვარი ჯგუფების არსებობას, ხოლო არ მოიპოვება ცალკეული სუიციდის შემთხვევების და თამაშის ურთიერთკავშირის უტყუარი მტკიცებულებები
- BBC-ს რუსული რედაქცია კი ესაუბრა რუსული სოციალური ქსელის „ვკონტაქტეს“ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც დიდი ჯგუფები აქვთ შექმნილი, ისინი ამბობენ, რომ ქსელში შექმნილი ე,წ. სიკვდილის ჯგუფი ტროლი იყო, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზედმეტად სერიოზულად მიიღეს და დაიწყეს საქმის გამოძიება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მედიამ საზოგადოებას მიაწოდოს პრაქტიკული ინფორმაცია, სუიციდის პრევენციის შესახებ. საჭიროა, გაითვალისწინოს მათ შორის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო პრინციპები:
ზედმეტად დეტალურ აღწერასა და სენსაციაზე ორიენტირებულმა სტატიებმა, რომლებიც ფოკუსირდებიან სუიციდის მსხვერპლთა მიერ გამოყენებულ მეთოდებზე, შესაძლოა სხვებს, ვინც რაიმე ფორმით, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მოახდენს მსხვერპლთან, ასწავლოს თუ როგორ უნდა გაიმეორონ იგივე ქმედება.
არასოდეს მოყვეთ დეტალები და ნუ აჩვენებთ იმ გარემოს, სადაც სუიციდი მოხდა არ დაასახელოთ სუიციდის ერთი კონკრეტული მიზეზი, რადგან სუიციდს კომპლექსური პრობლემები იწვევს.
სუიციდისა და სუიციდისაგან გადარჩენილი ადამიანების გაშუქებისას ყურადღება გაამახვილეთ სუიციდის პრევენციაზე, ინფორმირებასა და მხარდაჭერაზე.
მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .