25.08.2017
მედია ბავშვებს წყაროდ როგორ წესი, კულტურასა და სპორტზე მომზადებულ მასალებში იყენებს ხოლმე. ეს ტენდენცია წლიდან წლამდე არ იცვლება. „რატომღაც მიიჩნევა, რომ ბავშვმა სერიოზულ თემებზე კომენტარები არ უნდა აკეთოს. ამ ტენდენციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მედია აშუქებს ბავშვებთან დაკავშირებულ თემებს (ხანდახან საკმაოდ სიღრმისეულადაც კი ერთი შეხედვით) თუმცა, სიუჟეტში თემის მთავარი გმირები - ბავშვები საერთოდ არ საუბრობენ“ - ვკითხულობთ ქარტიის 2017 წლის მედიამონიტორინგის ანგარიშში.
მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი სოფელ დაგვაში სკოლის ინფრასტრუქტურის პრობლემებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა პირდაპირ უკავშირდება განათლებას და მოზარდებს, მათი აზრი მასალაში არ ჩანს. კიდევ ერთ სიუჟეტში, რომელიც პირველ არხზე 14 ივნისს „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გავიდა, საუბარია სწავლების ახალი მეთოდის დანერგვაზე სკოლებში და უშუალოდ ეხება ბავშვებს, თუმცა მხოლოდ ზრდასრულები საუბრობენ, ბავშვები ზოგად კადრებში ჩანან.
ქარტიის კვლევის მიხედვით, ბავშვების ხმა იმ შემთხვევაშიც კი არ ისმის, როდესაც მასალა უშუალოდ ბავშვების აქტივობას ეხება. მაგალითად, სააგენტო GHN-მა გამოაქვეყნა ნიუსი სათაურით „ირაკლი კობახიძემ და იანოშ ჰერმანმა ახალგაზრდული თამაშის „ჩემი ევროპული თავგადასავალი" გამარჯვებულები გამოავლინეს“. მასალაში საუბრობენ ევროკავშირის ელჩი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, მაგრამ თავად გამარჯვებული ბავშვებისთვის აზრი არ უკითხავთ. იგივე ნიუსი იმავე სტილში გამოაქვეყნეს სხვა ვებგვერდებმაც, მაგალითად, ინფო 9-მ, for.ge-მ, „ეს ნიუსი სავარაუდოდ პრესსამსახურის მიერ არის მომზადებული და სააგენტოებისთვის გაგზავნილი, თუმცა ამის შესახებ არსად არ არის მითითებული“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისსაც კი რთულია ისეთი მასალების მოძებნა, რომლებიც ბავშვებზეა და არა პოლიტიკური ან კერძო პირების საპირველივნისო ღონისძიებებზე. ქარტიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წელსაც პირველმა ივნისმა ქართულ მედიაში, ძირითადად, ბავშვების გარეშე ჩაიარა. ეს დღე თავისი პიარკამპანიისთვის და მედიაში პოზიციონირებისთვის აქტიურად გამოიყენა სხვადასხვა კომპანიამ. გარდა იმისა, რომ 2016 წელთან შედარებით 75-ით შემცირდა ბავშვებზე მომზადებული მასალები, ამ 400 მასალიდანაც ბავშვის ხმა მხოლოდ 45 შემთხვევაში ისმოდა. 2015 წელს კი ანალოგიური ტიპის მასალების მხოლოდ 15%-ში მონაწილეობდნენ ბავშვები. განსაკუთრებით დღის გადაცემებში ხშირად ბავშვები უბრალოდ დეკორაციის როლს ასრულებენ.
ქარტიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბავშვების მონაწილეობით და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მომზადებული მასალებით გამოირჩევა ხოლმე „რეალური სივრცე“.
ის, რომ აუცილებელია მედიამ ბავშვებს მისცეს საშუალება, გამოხატონ აზრი მათთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღნიშნულია ეთიკის ქარტიის მიერ, ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებშიც: „ბავშვების ინტერესები ფართოა, მათ თამაშისა და გართობის გარდა სხვა საკითხებიც აინტერესებთ. მათთან დაკავშირებულ საკითხებზე უფროსებთან ერთად თავად ბავშვებიც ასაუბრეთ. შეეცადეთ, ერთის მხრივ დაიცვათ ბავშვის ინტერესები და მეორეს მხრივ არ შეზღუდოთ მისი გამოხატვის თავისუფლება“.
მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .