05.07.2017
პრობლემურია ისიც, რომ შესაძლო დანაშაულზე საუბრისას, მედიასაშუალებები ასახელებენ ბრალდებულთა ეროვნებას, რაც არანაირ დამატებით ღირებულებას არ სძენს ამბავს და ხელს უწყობს ქვეყანაში მცხოვრები უცხოელებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტიგმატიზებას.
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 3-9 ივლისის ნომერში ამ საკითხზე ორი მასალა გამოქვეყნდა, ორივე მასალა ქსენოფობიურია და ხელს უწყობს ჩვენს საზოგადოებაში არსებული სტიგმის კიდევ უფრო გაძლიერებას. ძალადობაში ბრალდებული ადამიანი მოხსენიებულია „ირანელ პედოფილად“, ამ და სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან არის დაკავშირებული „ქართველი გოგოების ბორდელში მუშაობა“. ასევე, გაზეთი ავრცელებს რესპონდენტის თურქოფობიურ გამონათქვამებსაც: „ბათუმში ვარ და ჩემი თვალით ვხედავ თურქულ ექსპანსიას“ ან „აჭარაში თურქია ყველაფრის ბატონ პატრონი“, თუ „ასავალ-დასავალს“ დავეყრდნობით მათია ასევე, „თბილისის აღმაშენებლის გამზირი“. გაზეთში ვკითხულობთ, რომ „არაბებს, სირიელებს, ერაყელებსა და სხვებს, რომლებიც ლტოლვილის სახით შემოედინებიან საქართველოში აქ ცხოვრების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ხოლო არალეგალმა მიგრანტებმა ჩვენი ქვეყანა უნდა დატოვონ“.
ნეგატიური განწყობების შემცველია გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული სტატიაც: „სამწუხარო რეალობაა ის ფაქტი, რომ გზააცდენილი უცხოტომელები დათარეშობენ და დღე არ გავა, არ გავიგოთ ინფორმაცია, რომ არაბმა, ირანელმა, თურქმა გააუპატიურა არასრულწლოვანი გოგონა და თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა ბიჭებზეც ნადირობენ და ძალადობენ“.
ამავე თემაზე გამოაქვეყნა მასალა გაზეთ „რეზონანსმა“ სათაურით: „თბილისსა და ბათუმში არალეგალ უცხოელთა წინააღმდეგ „ქართველთა მარში“ გაიმართება.“ სტატია საერთო ჯამში არადისკრიმინაციულია, გაკრიტიკებულია „ქართველთა მარში“, თუმცა მიუხედავად ამისა აქაც ვაწყდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის ეროვნების დასახელებას, რაც ამბავს არანაირ დამატებით მნიშვნელობას არ სძენს. “ირანელი მამაკაცი არასრულწლოვან ბიჭებთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობაშია ეჭვმიტანილი,“ - ვკითხულობთ გაზეთში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში“ ვკითხულობთ: „დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს“.