სთხოვა თუ არა საქართველომ დახმარება რუსეთს - თემა “მოამბემ” არ გააშუქა
30.08.2017
საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის მხრიდან დახმარების შეთავაზებას. 26 აგვისტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე ამბობდა, რომ დახმარებისთვის გაეროს მიმართეს, შესაბამისად, რუსეთს ხანძრის ჩასაქრობად მოთხოვნა არა საქართველომ, არამედ გაერომ გაუგზავნა. ამავეს ამბობდა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე: „არანაირი დახმარება ქართულ მხარეს რუსეთისთვის პირდაპირ არ უთხოვია. გაეროს ფარგლებში რუსეთმა გადაწყვიტა, რომ შემოეთავაზებინა დახმარება“.

28 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. "რუსთავი-2" დაუკავშირდა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს. მან დაადასტურა, რომ რუსეთმა საქართველოსგან ნოტა მიიღო, რომელშიც ხელისუფლება ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას ითხოვდა. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ჩართვაზე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ ცოტა ხნის წინ განცხადებაც გაავრცელა და მაყურებელს მისი შინაარსი გააცნო. სამინისტრო ამ განცხადებაში ადასტურებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები შედგა. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველომ ხანძრის ჩასაქრობად მოიძია ყველა საჭირო ტექნიკა, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდანაც. სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე ჯერ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ესაუბრა, შემდეგ კი შვეიცარიის საელჩოს გავლით რუსეთს საქართველოსგან ნოტა გაეგზავნა. საკითხით დაინტერესდნენ სხვა მედიასაშუალებებიც. მეორე დღეს, 29 აგვისტოს თემა გააგრძელა „კურიერმა“, ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტები “იმედისა” და "tv პირველის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებშიც გავიდა. ამ არხებისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 საათიან “მოამბეში” ეს თემა ვერ მოხვდა.

თეგები : გამოტოვებული თემები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ