07.08.2017
რამდენიმე ონლაინ გამოცემამ, მათ შორის - kvira.ge-მ, ambebi.ge-მ, newpost.ge-მ, primetime.ge-მ, npa.ge-მ, mediamall.ge-მ, digest.pia.ge-მ და marshalpress.ge-მ მომხდარი ტრაგედია გარდაცვლილი გოგოს პირადი ცხოვრების დეტალებითა და მყვირალა სათაურებით მოგვიყვა. newpost.ge-ს გარდა, ყველა მედიასაშუალების წყარო ან kvira.ge, ან ambebi.ge იყო.
ონლაინმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა გოგოს შესახებ ისეთი დეტალები, რომლებსაც მის გარდაცვალებასთან კავშირი არ ჰქონდა და მკითხველს ამ შემთხვევის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ აწვდიდა. მედიასაშუალების ნაწილში სრულად იყო იდენტიფიცირებული გარდაცვლილი ახალგაზრდა, დასახელებული იყო მისი სამუშაო ადგილიც. ზოგიერთ მასალაში კი გვხვდება ის ფეისბუკპოსტებიც, რითიც მისი ახლობლები მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.