"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო" - წამყვანმა ვლადიმერ პუტინს მიმართა
27.09.2017
ის, რომ რუსული პროპაგანდა ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა შეფარული ფორმით დასავლური, ცივილიზებული სამყაროს დემონიზებას და რუსეთის, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი მეგობრის წარმოჩენას ცდილობს, უკვე არახალია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც რუსულ ნოსტალგიაში ჩაკარგული პოსტსაბჭოელები, ყოველგვარი შეფარვის გარეშე, “დიდი ძმის” მისამართით ხოტბის წერილებს თხზავენ, პირდაპირ ეთერში სხდებიან და ხიბლში შესულები დიდ საბჭოთა იმპერიას ოდებსაც უძღვნიან. ალბათ, არც გაგიკვირდებათ, თუკი ვიტყვი, რომ მათთვის ეთერში შესასვლელი ერთი ღია კარი ყოველთვის მოიძებნება.

მსგავსი მაგალითები სამწუხაროდ, ქართულ ტელესივრცეშიც მრავლად მოიძებნება - ვინ თუ არა ვალერი კვარაცხელია და სად თუ არა ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში. 23 სექტემბერს ის თითქმის 14 წუთის განმავლობაში, პირდაპირი ეთერიდან დიდი რუსი ძმის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებდა, მისი წერილის ადრესატი ვლადიმერ პუტინი იყო.



“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო…” ასე იწყებს ის ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტისადმი დაწერილი წერილის კითხვას და შემდეგ საქართველო-რუსეთის “მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შედეგად, აშენებულ საძმო-სამბგობრო ხიდებზე” ხატოვანი სიტყვების მიმობნევას იწყებს, რასაც დასავლური ფონდების მიერ დაფინანსებული, როგორც თავად ამბობს, ბოროტი და მატყუარა ძალების მხრიდან “ორ მოძმე” ერებს შორის ისტორიული მეგობრობის გაყალბების მცდელობასა და რუსეთის მტრად წარმოჩენაზე წუხილს უმატებს. წამყვანი იმასაც განიცდის, რომ მთელი ქართული მედიასივრცე ზღვარგადასული თავხედური და უტიფარი დასავლური პროპაგანდით არის გაჯერებული. ამის პარალელურად კი, ანტირუსული ისტერიაა გაღვივებული.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში არათუ რუსული პროპაგანდა არ არსებობს, არ არსებობს ამერიკული ინსტიტუტებისა და მათ მიერ დაქირავებული ადგილობრივი ლაქიების მიერ ლამის გულისწასვლამდე, სულის შეხუთვამდე და გონების დაბნელებამდე მიყვანილი ანტირუსულ ისტერიაზე მშვიდი, არგუმენტირებული და დამაჯერებელი პასუხის გაცემის ელემენტარული მექანიზმიც კი” - შესჩივის ვლადიმერ პუტინს წამყვანი ვალერი კვარაცხელია.

კვარაცხელია პროდასავლური ღირებულებების მქონე საზოგადოების ნაწილს ამერიკის მხრიდან რუსოფობიის ბაცილით დაინფიცირებულ მოქალაქეებად მოიხსენებს. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ შემორჩა ჯანსაღი ცნობიერება, რომელიც მუდმივად დგას რუსთის სამართლიანი საერთაშორისო პოლიტიკის მხარეს. ამის პარალელურად კი ამერიკის შეერთებულ შტატებს უსამართლობისა და ძალადობის პირმშოდ ნათლავს და განმარტავს, რომ 15 წლის წინ ამერიკამ რეგიონში საკუთარი დიქტატის გასამყარებლად და რუსეთთან საბრძოლველად სააკაშვილის ფენომენი შექმნა, რომელიც წარმატებით ჯერ საქართველოში გამოიყენა. დღეს კი იგივე მისია მას უკრაინაში დააკისრა.

ჟურნალისტი საკუთარ წერილში რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ უხსნის, რომ სააკაშვილთან მიმართებით მას უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებს.

“სააკაშვილი ამერიკელების მიერ, რუსეთის წინააღმდეგ გამზადებული ბომბია. მოარული, ცოცხალი ბომბი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უკრაინაშიც ისე შეეცდება ფართომასშტაბიან ომში რუსეთის ჩათრევას, როგორც ამას 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეეცადა” - აფრთხილებს ის ვლდიმერ პუტინს. ის შეფასებებში უფრო ღრმადაც იჭრება და სააკაშვილის მხრიდან წამოსული საფრთხეებისგან შესაძლო დრამატული სურათის მიღების პერსპექტივასაც ხატავს.

“დასავლური რუსოფობიისა და ფაშიზმით დასნებოვნებული უკრაინის ვითარებაში, ამ ქვეყნის ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლა, შესაძლებელია, თავის დროზე გერმანიის ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლაზე დიდი ბოროტება აღმოჩნდეს მთელი პლანეტისთვის” - ამბობს ის და იქვე რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ამერიკელების ხელში სააკაშვილის ფენომენი არანაკლები საფრთხის შემცველია რუსეთისთვის, ვიდრე ფხენიანის ბირთვული პოტენციალი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ის პრობლემის მოსაგვარებლად, რუსეთს “ერთი თავზეხელაღებული სააკაშვილის” შეჩერებისკენ მოუწოდებს.

“ასეთია კეთილი ნების მქონე ყოველი მოქალაქის აზრი საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ ასე ფიქრობს კეთილი ნების ყოველი მოქალაქე უკრაინაშიც. პატივისცემით, ქართველი ჟურნალისტი - ვალერი კვარაცხელია” - სწორედ ამ სიტყვებით ემშვიდობება ის ვლადიმერ პუტინს.

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, იმ დროს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად სხვადასხვა ხერხსა და მეთოდებზე მუშაობს, კვლავ მოიძებნებიან ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოების თვალში დასავლეთის დემონიზების გზით, რუსეთის, როგორც ერთადერთი “ჭეშმარიტი მეგობრის” წარმოსაჩენად ძალღონეს არ იშურებენ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ