24.02.2018
ტელეკომპანია „ობიექტივის“ სიუჟეტი ლაგოდეხში, უმძიმეს სოციალურ
პირობებში მცხოვრებ 7 წლის საბას ეხება. სიუჟეტში ბავშვის ისტორია
სენტიმენტალურ და სენსაციურ ჭრილშია გაშუქებული, ნაცვლად იმისა, რომ
აქცენტი ბავშვის ინტერესზე გაკეთდეს, იმაზე თუ რატომ აღმოჩნდა ის და
მისი ოჯახი ამგვარ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში, რატომ ვერ იღებს
დახმარებას, ჟურნალისტი ბავშვს იყენებს ემოციების გასამძაფრებელ
ობიექტად, აჩვენებს როგორ ტირის და როგორ ითხოვს დახმარებას. „თუ
გექნებათ საშუალება, ჩამომიტანეთ“, „მე მინდა ჩემს დედიკოს და მამიკოს
აღარ უჭირდეთ.“ „მინდა, რომ ბედნიერად ვცხოვრობდე“, „მშია,
გეხვეწებით, დამეხმარეთ“ - ვისმენთ ატირებული ბავშვის თხოვნას. მძიმე
ისტორიის კიდევ უფრო დასამძიმებლად, სიუჟეტი „შინდლერის სიის“
საუნდტრეკითაა გაფორმებული. „ობიექტივის“ ეს მასალა გამოაქვეყნა
პალიტრა tv და radio24-მაც.
სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს, თუმცა
რატომ - ამ კითხვას ჟურნალისტი საერთოდ არ სვამს, არ ჩანს ოჯახის
გაჭირვების გამომწვევი მიზეზები, სახელმწიფოს როლი და პრობლემის
მოგვარების შესაძლო გზები.