მედიის ფინანსური გამჭვირვალობა და არასრული ინფორმაცია "ქრონიკასა" და "მოამბეში"
24.04.2018
23 აპრილს ტელეკომპანიების „იმედისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა სიუჟეტები მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კანონის აღსრულების პრობლემაზე, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მედია გარემოს შეფასების ნაწილში მოხვდა. სიუჟეტებს წინ უძღოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის პოსტი სოციალურ ქსელში, რომლის თანახმადაც კანონის აღსრულებას „რუსთავი 2“ აფერხებს. ორივე არხზე მასალების მთავარი ფოკუსიც სწორედ ეს იყო. ორივე არხის საინფორმაციო გამოშვების მასალაში აღნიშნეს, რომ მხოლოდ „რუსთავი 2“ არის წინააღმდეგი ფინანსური შემოსავლების გასაჯაროვებისა. მასალები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ანგარიშში მედიაგარემო ნეგატიურ კონტექსტში სწორედ ამ ერთი მაუწყებლის გამოა მოხსენიებული და კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მიაყენებს ზიანს ტელევიზიებს.
„იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ წამყვანმა შესავალი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის გამოხმაურებით დაიწყო: „ყველა მედიასაშუალება მზადაა საკუთარი შემოსავლები გამჭვირვალე გახადოს, გარდა რუსთავი 2-სა. სწორედ რუსთავი 2-მა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში ის ნორმა, რომლის აღსრულების აუცილებლობაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია  საუბარი“, - ციტირებს წამყვანი კახა ბექაურს.



„მოამბემ“ თემის წარდგენისასაც და მასალის დასაწყისშიც აქცენტი 2013 წელს მიღებულ კანონზე გააკეთა, რომლის აღსრულებას სასამართლო დავა აფერხებს და შესავალი ასე დაასრულა: „კანონის აღსრულების მიზნით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილ წესებს ტელეკომპანია რუსთავი 2 დღემდე აპროტესტებს“.




ეს ქვეტექსტი აქვს ამ თემაზე მომზადებულ მთლიან სიუჟეტებსაც. 

ორივე სიუჟეტში კახა ბექაური საუბრობს იმის შესახებ, რომ კომისია მაუწყებლებს არ სთხოვს დეტალურ ინფორმაციას ფინანსური შემოსავლების შესახებ და კომისიის მიერ შემუშავებული მექანიზმი მაუწყებლების კომერციულ ინტერესს არ აზარალებს. „მოამბის“ სიუჟეტში ბექაური ასევე ამბობს: „ყველამ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასამართლოსი და აღიარა კანონიერად, მაგრამ მხოლოდ ერთი მაუწყებელი აღმოჩნდა, რომელმაც მეორე ინსტანციაში, სააპელაციოში გაასაჩივრა“.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან სასამართლო დავა არაერთი მაუწყებელს ჰქონდა, თუმცა, არც „მოამბეს“ და არც „ქრონიკას“ მაყურებლისთვის არ შეუთავაზებია სხვა ტელევიზიების პოზიცია, რატომ არ გაასაჩივრეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. მართლაც მიიღეს სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ამას კახა ბექაური ამბობს, თუ სხვა მიზეზი არსებობდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოში დავა აღარ განაგრძეს.

როდესაც ეს სიუჟეტები მომზადდა, იმავე სოციალურ ქსელში, სადაც კახა ბექაურმა გაავრცელა პოზიცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, უკვე არსებობდა ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ „გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. დღეს ტელემედიის ფინანსური გამჭვირვალობა მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი. მარეგულირებელ კომისიას აბსოლუტურად ყველაფრის შესახებ აქვს ინფორმაცია. ყველა შემოსავალი იცის. საქმე იქამდეც კი მივდა, რომ მედიის მფლობელებს სახელმწიფო ჩინოვნიკებივით პირადი ქონებრივი დეკლარაციაც კი შეგვავსებინეს რამდენიმე წლის წინ. უბრალოდ არა მხოლოდ რუსთავი2, არამედ მთელი ტელემედია, რეგიონულებიდან დაწყებული მსხვილი მედიასაშუალებებით დამთავრებული ვაპროტესტებდით ახალ რეგულაციებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ დეტალიზაციას ითხოვდა, პრაქტიკულად ყველა კონტრაქტი უნდა გაგვესაჯაროვებინა და არანაირი კომერციული საიდუმლოება აღარ უნდა დაგვეტოვებინა. თან საქმე ეხებოდა რაღაც გაუგებარ ფორმებს, რომელთა შევსება კიდევ დამატებითი თავსატეხია. მე მხოლოდ იმიტომ არ ვარ სასამართლო დავაში, რომ არ მაქვს ამის რესურსი, ისევე როგორც სხვა პატარა ტელეკომპანიებს. თუმცა ვგულშემატკივრობ ამ სარჩელს და საიაც იმიტომ იყო ამ საქმეში, რომ მოთხოვნა სამართლიანია”, - წერს ნინო ჯანგირაშვილი. არც მისი მოსაზრება და არც სხვა ტელეკომპანიების პოზიცია ნაჩვენები არ ყოფილა.





სიუჟეტებში არასწორ წარმოდგენას ქმნიდა ავტორების ტექსტიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამოკიდებულებაზე. ორივე მაუწყებლის ეთერში თქვეს, რომ საია, რომელიც ჯერ ეთანხმებოდა კანონპროექტს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, შემდეგ ერთ-ერთ მაუწყებელს სასამართლოში გაჰყვა, პოზიცია შეცვალა დღეს კომენტარს არ აკეთებს“. ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ მათ ცალსახად კომენტარზე უარი არ უთქვამთ. როგორც საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლევან ქათამაძემ „მედიაჩეკერს“ განუცხადა, მათ დრო ითხოვეს წლების წინანდელი საქმის დეტალების გასახსენებლად. ოფიციალურ განცხადებას ამ საქმესთან დაკავშირებით კი უახლოეს პერიოდში გააკეთებენ.

ორივე სიუჟეტი მოიცავს ერთსა და იმავე რესპონდენტების თითქმის იდენტურ კომენტარებს, რომელიც ერთ დროს არის ჩაწერილი. ორივე მასალაში საუბრობენ თამთა მურადაშვილი (რუსთავი 2), მამუკა ანდღულაძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა) და ლაშა ტუღუში (კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი). მასალაში არ ჩანს მცდელობა განსხვავებული აზრის წარმოჩენისა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ