25.04.2018
არცთუ იშვიათია ისეთი შენიღბული რასიზმის შემცველი განცხადებები, როგორიცაა - „მიგრანტები „ქართულ გენს“ უქმნიან საფრთხეს“, „ქართველები საქართველოში მალე უმცირესობაში აღმოჩნდებიან“, „უცხოელები ქართველ ქალებს გვართმევენ“ (თითქოს ქართველი ქალები ქართველი კაცების საკუთრება არიან). ამასთან, დასავლეთშიც და საქართველოშიც უფრო და უფრო იმატებს ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიცხვი. რასიზმის პრობლემის საილუსტაციოდ, ბოლო წლებში, მედიაში გავრცელებული რამდენიმე შემთხვევაც კმარა.
- წარმოშობით ბანგლადეშელი, ლატვიაში მცხოვრები აჰსან ჰაბიბ ამტკიცებს, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა, თუმცა თბილისის აეროპორტიდან კანის ფერის გამო დაადეპორტეს
- ნიგერიელი სტუდენტი სამუელ ალავოდი დარწმუნებულია, რომ 2018 წელს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი მისი კანის ფერის გამო მოხდა;
- 2017 წელს სტუდენტი ნიგერიიდან ამბობდა, რომ თბილისში რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. იმავეს წერდა ფეისბუკზე მისი მეგობარი;
- 2017 წელს ინდოელი ტურისტები ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებდნენ;
- 2017 წელს ინდოეთის მოქალაქე თბილისის აეროპორტში მომუშავეებს რასიზმში ადანაშაულებდა;
- ნეონაცისტებს ნიგერიის მოქალაქეების რასობრივი დისკრიმინაციისთვის 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს;
ამგვარი ფონის მიუხედავად ტოქშოუში საკითხზე არარელევანტური სტუმრებით, უფოკუსო და ზედაპირული მსჯელობა იშვიათი გამონაკლისი არ არის. ამის ნათელი მაგალითი იყო 23 აპრილს “TV პირველის” ეთერში გასული გადაცემა “ხალხის პოლიტიკა”, რომლის მეორე ბლოკის მიზანი იყო დაედგინა, არის თუ არა საქართველოში რასიზმის პრობლემა. საკითხის ამგვარად დასმით, ზემოთ აღნიშნული რასობრივი დისკრიმინაციის არაერთი მაგალითის მიუხედავად, გადაცემაში საერთო ჯამში პრობლემა დაკნინდა და საერთოდ არსებობა არარსებობამდე დავიდა დისკუსიის ფოკუსი. სტუმრების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ საქართველოში რასისტული განწყობები საერთოდ არ არის და მედიამ სხვა საკითხები უნდა გააშუქოს.
გადაცემაში ცდილობდნენ დაეცვათ ბალანსი იმ საკითხში, სადაც მეორე მხარე არ არსებობს, რადგან რასიზმს გამართლება არ აქვს და ყველა შემთხვევაში მიუღებელი უნდა იყოს. ამ გადაცემაში კი ერთ მხარეს იურისტები ნინო ბოლქვაძე და ლევან ალაფიშვილი იდგნენ, მეორე მხარეს კი ნიკოლოზ მჟავანაძე და დავით ლორია “უფლებადამცველთა გაერთიანებიდან“. მსჯელობაში მონაწილეობდნენ დარბაზში მსხდომებიც, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ფერადკანიანი პირები.
გადაცემის ამგვარი ფოკუსისა და სტუმრების გამო რაიმე საკითხის საფუძვლიანი განხილვის ნაცვლად დისკუსია ურთიერთბრალდებების რეჟიმში წარიმართა. გადაცემაში “უფლებათა დამცველის” სტატუსით მიიწვეული იყო სტუმარი (ნიკოლოზ მჟავანაძე), რომლის ანტიდასავლური და ისლამოფობიური განცხადებები მრავლად იძებნება. გადაცემაში კი მის დისკრიმინაციულ და უფოკუსო რეპლიკებსა და ბრალდებებს წამყვანი ვეღარ გაუმკლავდა, არაერთხელ მიუთითა, რომ სისულელეს ამბობდა და გადაცემის დატოვებისკენაც მოუწოდა. რეალურად რესპონდენტის ეს განცხადებები არაფრით განსხვავდებოდა მისი სხვა გამოსვლებისგან და წამყვანისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ამგვარი რიტორიკა, შესაბამისად გაუგებარია მაშინ რატომ მიიწვია და რა ინფორმაციის მიღებას ელოდა მისგან.
ტოქშოუს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე შავკანიანი კაცისა და სავარაუდოდ, ქართველი ქალის ქორწინების ცერემონიის ფოტოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფითი გამოხმაურება. კიდევ ერთი გახმაურებული ინციდენტი მოხდა ბელიაშვილზე, სადაც ნიგერიელ სტუდენტებს შესაძლო დისკრიმინაციული მოტივით ადგილობრივები თავს დაესხნენ. ეს ინციდენტები გაიხსენა წამყვანმა, ვახო სანაიამ და სტუმრებს ამ კითხვით მიმართა: “არის თუ არა ეს ყველაფერი რეალობა, თუ მაინც გაზვიადებულია ეს თემა?!”
გადაცემის განმავლობაში, რომლის უდიდესი ნაწილი ხმაურის ფონზე წარიმართა, მჟავანაძე ამტკიცებდა, რომ “ერთი ბელიაშვილის ქუჩით ავაგეთ მთელი ჰიპოთეზა, რომ საქართველოში ფერადკანიან ადამიანებს ჩაგრავენ.” ის მოუწოდებდა წამყვანს გაეშუქებინა აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის პრობლემები და აცხადებდა, რომ ამ საკითხით “TV პირველი” კომპანია სოკარის რეკლამის გამო არ ინტერესდება.
გადაცემის მიწურულს, დაახლოებით 15
წუთის განმავლობაში მაყურებელი ვახო სანაიასა და ნიკოლოზ მჟავანაძის
კამათს ისმენდა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა
დისკუსიის თემასთან. წამყვანმა სტუმრის თემაზე კონცენტრირება ვეღარ
შეძლო და სტუდიის დატოვებისკენ მიუთითა.
“გინდა სტუდიაში, გინდა გარეთ, ეთერის მერე, გაბედეთ რაც გინდათ; ისე არ ქნათ, რომ ბოლო ეთერი იყოს თქვენთვის აქ; წადით თუ გინდათ… უკაცრავად მაყურებელთან, თქვენ როგორც უფლებადამცველი აღორძინდით. რაც ხართ ის ხართ, კარგად გამოჩნდა”, - უთხრა წამყვანმა. დისკუსის არასწორმა ფოკუსმა და არარელევანტურმა სტუმრებმა საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ერთი საათისა და 15 წუთის განმავლობაში გადაცემაში ძირითადად ზოგადი მოსაზრებები ისმოდა, დისკუსია დაცლილი იყო კონკრეტიკისგან და არგუმენტირებული მსჯელობისგან. საბოლოოდ, ვერც გადაცემის მთვარ კითხვას გაეცა პასუხი და მაყურებელმა ვერ გაიგო “არის თუ არა რასიზმი საქართველოში”.