აქციები თბილისში და განსხვავებული აქცენტები კვირის გადაცემებში
14.05.2018
ორი დღის განმავლობაში, 12-და 13 მაისს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. აქცია გზავნილით „ჩვენი თავისუფლებისთვის“ „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ და სხვა ორგანიზაციებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩატარდა. პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების რეალიზატორებთან ბრძოლით ახსნა. აქციის მეორე დღეს ნეონაცისტების კონტრაქცია დაიწყო.

აქციების გაშუქება

ეს მოვლენები კვირას, 13 მაისს, მაუწყებლების კვირის გადაცემების მთავარი თემა იყო. თუმცა, გადაცემებში „P.S.-სა“ და „იმედის კვირაში“ ამბები განსხვავებული აქცენტებით გაშუქდა. „რუსთავი 2-ის“ მთავარი ფოკუსი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია და მონაწილეთა მოთხოვნები იყო, ტელეკომპანია „იმედი“ კი კვირის გადაცემაში მეტწილად კონტრაქციასა და აქციების ტერიტორიაზე დაცულ უსაფრთხოების ზომებზე აკეთებდა აქცენტს.

გადაცემის მსვლელობისას „P.S-ი.“ პირველ ჩართვას ახალგაზრდების აქციიდან იწყებდა, „იმედის კვირა“ კი კონტრაქციიდან და ხაზს მოსალოდნელ საფრთხეებს უსვამდა. გარდა ამისა, „რუსთავი 2-ის“ კვირის გადაცემაში გაცილებით ხშირად ისმოდა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების განცხადებები და მოთხოვნები, ვიდრე ტელეკომპანია „იმედის“ კვირის ეთერში. აქ უფრო მეტად უკომენტაროდ აჩვენებდნენ აქციიდან კადრებს.

განსხვავებული აქცენტებით დაიწყეს გადაცემები წამყვანებმაც. „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „P.S.-ის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის დასაწყისში განმარტა, რომ მას საღამოს წაყვანა რუსთაველის გამზირიდან სურდა, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ, გადაცემის შესავალშივე, წამყვანმა მაყურებელს მოუთხრო რა ხდებოდა აქციებზე, ამცნო, რომ პოლიცია ზღუდავდა ძირითად აქციაზე მოქალაქეების შესვლას და ჟურნალისტების ჩართვებით დეტალურად გააცნო, რა მოთხოვნები ჰქონდათ მონაწილეებს. გადაცემის პირველ ნახევარ საათში „P.S.-მა“ აუდიტორიას კონტრაქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესახებაც მოუთხრო.

„P.S.-ისგან“ განსხვავებით, „იმედის კვირის“ წამყვანს ირაკლი ჩიხლაძეს, გადაცემის შესავალში არ უხსენებია ის ფაქტი, რომ სამართალდამცველების ალყის გამო აქციის მონაწილეებს უჭირდათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა. „იმედის კვირამ“ მთავარი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პირდაპირ ეთერში, პირველ კომენტარს გააკეთებდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. წამყვანის ანონსის მიხედვით, მინისტრი ახსნიდა სპეცოპერაციის საჭიროებას.

„იმედმა“ კვირის გადაცემაში ამბის თხრობა კონტრაქციით დაიწყო და მაყურებელს პირველ რიგში ის უთხრა, რომ რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები იყო მიღებული. სიუჟეტშიც მოვლენების ეპიცენტრიდან „იმედის კვირამ“ ჯერ კონტრაქციის მონაწილეები ჩართო, რომლებიც ყვებოდნენ „რომ არიან ნარკობარიგებისა და მამათმავლების წინააღმდეგ გამოსული და აპროტესტებენ 9 აპრილის მემორიალის შეურაცხყოფას“. ამის შემდეგ აჩვენა რა ხდებოდა პარლამენტის წინ მიმდინარე ძირითად აქციაზე და თქვა ისიც, რომ სამართალდამცველების ალყის გამო აქციის მონაწილეები ვერც გადიოდნენ და ვერც შედიოდნენ.

„იმედის კვირის“ ჟურნალისტები, რომლებიც აქციების ეპიცენტრიდან ერთვებოდნენ, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მიღებული იყო უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები, ამას ისინი ჩართვებში არაერთხელ იმეორებდნენ. ასევე, გადაცემის წამყვანმა მაყურებელს უთხრა, რომ პარლამენტის შენობასთან „აქციებს მართავდნენ კლუბების ხელმძღვანელები, მათი მხარდამჭერები და უბრალოდ ქლაბერები“.

გადაცემის მსვლელობისას, „იმედის კვირამ“ არაერთხელ გაიმეორა საქართველოს პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარები.

მინისტრის ბოდიში

შს მინისტრის, გიორგი გახარიას ბოდიში იყო კიდევ ერთი დეტალი, რაც ამ ორმა მაუწყებელმა განსხვავებული ფოკუსით მიაწოდა მაყურებელს.

„უახლესი საქართველოს ისტორიაში, მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასულიყო ხალხში და მოეხადა ბოდიში“, - აღნიშნა „იმედის კვირის“ წამყვანმა მას შემდეგ, რაც მინისტრმა ბოდიში მოიხადა და აქციის მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს. ეს ფრაზა გადაცემის წამყვანმა გადაცემის დასასრულს, მაშინ, როდესაც საღამოს აჯამებდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა.

„იმედი კვირის“ წამყვანმა მაყურებელს რამდენჯერმე უთხრა, რომ დღე მშვიდობიანად და კონკრეტული შედეგით დასრულდა და ეს იყო სამართალდამცველების ეფექტური მუშაობისა და პირველ რიგში შს მინისტრის დამსახურება: „დღე მშვიდობიანად დასრულდა და ამის მთავარი ავტორი არის შს მინისტრი“.

განსხვავებულ რიტორიკას ისმენდა „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი, რომელმაც აუდიტორიას არხის დირექტორის ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის პირადი შეფასება შესთავაზა.

„ეს აქცია დღეს დამარცხდა“, - ასე შეაფასა მოლაპარაკებების შედეგი „რუსთავი 2-მა“. ნიკა გვარამიას შეფასებით, კონტრაქცია იყო ხელისუფლებისგან მართული და ეს კარგად გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოახერხა მთავარი აქცენტების გადატანა. „შეუძლებელ სისულელეზე დათანხმდნენ [აქციის მონაწილეები]“... „ისინი დაამარცხეს, რუტინით შეჭამენ“ ... „10:0 ხელისუფლების სასარგებლოდ“– ისმოდა მოლაპარაკებების შედეგის შეფასებისას „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

გვარამია და კვესიტაძე მკვეთრად აკრიტიკებდნენ აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც მინისტრის ბოდიშის შემდეგ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი დაადანაშაულეს არაორგანიზებულობასა და გამოუცდელობაში და არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს დამარცხება პროცესებისგან პოლიტიკური პარტიების ჩამოშორების შედეგი იყო: „ძალიან წარუმატებელი რამ მოხდა. მძიმე შეცდომები გაახმოვანეს და მათი სოციალურ აქტივიზმს დიდ მომავალს ვერ ვუწინასწარმეტყველებდი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ორგანიზატორების გადაწყვეტილება იყო სამარცხვინო.

ორი რეალობა

13 მაისს განვითარებული მოვლენების შესახებ „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ეთერი ორი განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლეოდა „იმედის“ მაყურებელს დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამართალდამცველებმა ეფექტური მუშაობის შედეგად ქვეყანას თავიდან ააცილეს სამოქალაქო დაპირისპირება, შეძლეს შეეკავებინათ კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა დიდი ნაწილი „ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო“, იქცეოდა აგრესიულად და მზად იყო თავდასხმისთვის. რაც შეეხება მთავარ აქციას, ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა გამარჯვება, რადგან, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, შს მინისტრი მივიდა აქციაზე, მოიხადა ბოდიში და დაიგეგმა მოლაპარაკება.

მძიმე ღამე ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზე ვერ დაასრულა „რუსთავი 2-ის“ მაყურებელმა, რომელსაც უთხრეს, რომ აქცია დამარცხდა. „რუსთავი 2-მა“ დღის შეჯამებისას აუდიტორიას მოუთხრო, რომ რეალურად ხელისუფლებამ ოსტატურად დაგეგმილი სცენარით ვითარება სათავისოდ შეატრიალა. მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს აგრესიული მამაკაცების ჯგუფი მიუგზავნა, აქციის მონაწილეები შეაშინა, შემდეგ თვითონ არბიტრის როლში მოგვევლინა, არც მიგზავნილი ხალხის დარბევა დასჭირდა და აქციის მონაწილეების მადლიერებაც დაიმსახურა დღის მშვიდობიანად დამთავრებისთვის. „რუსთავი 2-ის“ წამყვანების თქმით, რეალურად ამით ხელისუფლებამ მოახერხა საკუთარი თავიდან აქცენტის გადატანა და ამით მხოლოდ და მხოლოდ მან მოიგო. აქცია დამარცხდა და დიდი ალბათობით, „აღარ იარსებებს ეს მოძრაობა“.

თეგები : პარალელური რეალობა;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ