04.07.2018
სამიდან ორი თემა მედიის დღის წესრიგში 28 ივნისს გაჩნდა. ამ დღეს გამოქვეყნდა "ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კრიმინალური სუბკულტურა არასრულწლოვან პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზია, ასევე, საპატიმრო შემოწმებისთვის ისევ იყენებს ქალი პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკას, საკნებში კი არასათანადო ჰიგიენური პირობებია და ცხელი წყლი არ მოდის.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოწყობილ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერები არც წელს დამონტაჟდება, გარდა ერთი, რუსთავის საგამოცდო ცენტრისა. გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე ამ ინფორმაციის გასაჯაროებას საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და დისკუსია მოჰყვა.
28 ივნისს მაუწყებელს მასალა მთავარი გამოშვებისთვის არცერთ თემაზე არ მოუმზადებია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე მათ ვებსაიზტე ნიუსები იძებნება, რაც ადასტურებს იმას, რომ მაუწყებელს საკითხებზე ინფორმაციაც ჰქონდა და მისი ჟურნალისტები, რაღაც ფორმით, თემებზე მუშაობდნენ კიდეც.
ამ პრობლემებზე საუბარი 28 ივნისის შემდეგაც გაგრძელდა, - რუსთავის მე-5 ქალთა კოლონიაში ანგარიში გააპროტესტეს, კონდიციონერების თემას კი არაერთი საჯარო პირის კომენტარი მოჰყვა. განსხვავებით 28 ივნისისგან, ამჯერად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთავარ გამოშვებებში აღნიშნულ საკითხებს დრო დაუთმო.
იმის მიუხედვად, რომ წინა დღეს პრობლემის შესახებ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არაფერი გასულა, 29 ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აუდიტორიას საგამოცდო ცენტრებში გამაგრილებელი სისტემების დამონტაჟების შესახებ ამცნო.
“საგამოცდო ოთახებში გაუსაძლის სიცხეს აბიტურიენტები 2005 წლის შემდეგ, ყოველ წელს აპროტესტებდნენ, თუმცა 13 წლის განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. მესამე სექტორის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სიტუაცია წელსაც უცვლელი იყო. შესაბამისმა უწყებამ გამაგრილებელი სისტემების შეძენა მხოლოდ პრემიერის დღევანდელი განცხადების შემდეგ გადაწყვიტა. გამოცდების დაწყებამდე კი ორი დღე რჩება”, - განაცხადა წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას.
30 ივნისს ეთერში საპატიმროების თემა გაჩნდა. მასალიდან, რომელიც ამ კვლევასთან დაკავშირებით მომზადდა, გავიგეთ, რომ პატიმრები ანგარიშში დასახელებულ ფაქტებს არ ეთანხმებიან, ბოდიშის მოხდას ითხოვენ და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. რუსთავის მე-5 ქალთა კოლონიაში იმ კვლევას აპროტესტებენ, სადაც ნათქვამია, რომ შემოწმება არა სკანერით, არამედ გაშიშვლების პრაქტიკით ხდება”, - ამცნო წამყვანმა მაყურებელს.
გაცილებით დიდხანს, მთელი ერთი კვირის განმავლობაში იყო აქტუალური მესამე თემა, რომელსაც მაუწყებელი ასევე უცნაურად გამოეხმაურა. თუმცა, წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით, ეს თემა მთავარი გამოშვებისთვის საინტერესო მაინც არ აღმოჩნდა.
25 ივნისს “სტუდია მონიტორმა” გაავრცელა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ პირი, რომელიც რუსეთის სპეცსასმახურებთან თანამშრომლობაში იყო ბრალდებული, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სოლიდურ ტენდერებს იგებს. ვიდეომასალით ირკვევა, რომ პეტრე დერვიშაძისა (შპს გლობალ თრეიდ გრუპ) და მისი ოჯახის წევრის, ინგა დევრიშაძის (შპს MAGIOLTD) კომპანიებმა ჯამში 4 100 000 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო.
ამ საკითხს 2 ივლისს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებისა და მისი დამფუძნებლების წარსული საქმიანობის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობდა. მათივე განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ელექტრონული ფარული პროცედურების დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი.
25 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მთავარ გამოშვებებში, ამ თემაზე მასალა არ ჰქონია. 2 ივლისს კი საკითხზე გამოხმაურებებს დაუთმო ეთერი, თუმცა, არა მთავარ გამოშვებაში. 09:00 საათიან გამოშვებაში აუდიტორიას ოპოზიციის მიერ ძალოვანი მინისტრების პარლამენტში დაბარებაზე უამბო, 12:00 საათზე თავდაცვის სამინისტროს პასუხს დაუთმო დრო, 18:00 საათზე კი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილ აქციას. მიუხედავად ამ მასალებისა და დიდი საზოგადოებრივი რეზონანსისა, იმ დღეს დევრიშაძის თემა მთავარ გამოშვებაში მაინც ვერ მოხვდა.