ყალბი ინფორმაცია ვაშლიჯვრის ეკლესიაში ზარების რეკვის შეწყვეტის შესახებ
24.09.2018
22 სექტემბერს გამოცემებმა alia.ge, Geotimes.ge და dainteresdit.ge, გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნეს ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისში მცხოვრები ირანელების ზარის საფუძველზე ვაშლიჯვრის ეკლესიაში ზარებს აღარ რეკავენ.




მასალებს გამოცემების საიტზეც და სოციალურ ქსელში დიდი დისკუსია მოჰყვა, კომენტარებს შორის ჭარბობდა ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცვლი ტექსტები. ამ მასალების გაზიარების მაჩვენებლის მიხედვით, ინფორმაცია ათასობით მომხმარებელმა ნახა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „მედიაჩეკერს“ განუცხადეს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, - არც ზარი შესულა 112-ში და შესაბამისად, არც პატრულის თანამშრომლებს მოუთხოვიათ ტაძრისთვის ზარის რეკვის შეწყვეტა.

იგივე დაადასტურა ვაშლიჯვრის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი სახვაძემაც. მისი თქმით, ეკლესიის არსებობის ისტორიაში არასდროს მომხდარა რაიმე დაპირისპირება ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე და არც ვინმეს გამოუთქვამს პრეტენზია ზარების რეკვასთან დაკავშირებით, რაც რიტუალის ნაწილია და ჩვეულებრივი მოვლენაა ყველა ეკლესიაში.

„აბსოლუტური სიცრუეა რაც დაიწერა. არ ვიცი ვის ინტერესებშია მსგავსი რამის გავრცელება. არანაირი შეფერხება არ ყოფილა და ეკლესიაში ჩვეულებრივ გრძელდება ღვთისმსახურება. მათ შორის 21 სექტემბერსაც, დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევა გვქონდა, ზარებიც დაირეკა და რიტუალიც ჩატარდა“, - უთხრა დეკანოზმა „მედიაჩეკერს“.

ვაშლიჯვრის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, ფეისბუკის გვერდზეც გაავრცელა.



„მედიაჩეკერმა“ ინფორმაციის პირველწყაროსთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა, მას ვერ დავუკავშირდით. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ონლაინგამოცემა"ნეტგაზეთის" ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი იყო, მარინა ჩეხაშვილმა სტატუსი წაშალა. თუმცა, 24 სექტემბრის მონაცემებით, გამოცემებს პირველადი ინფორმაცია არ შეუსწორებიათ და ამბავი, რომ ვაშლიჯვარის ტაძარში ირანელების მოთხოვნის საფუძველზე ზარებს აღარ რეკენ, მათ გვერდებზე ისევ იძებნება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. შესწორების სტანდარტის შესახებ ქარტიის სახელმძღვანელო დოკუმენტში კი ვკითხულობთ, რომ:
  • ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ დაშვებულ შეცდომებზე და დროულად გაასწორონ უზუსტობები. (მუხლი 1).

  • გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში. (მუხლი 2.1)

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ