წინასაარჩევნოდ ცესკოს დაფინანსებულ სტატიებს 28-დან 15 გამოცემა რეკლამის მითითების გარეშე აქვეყნებდა
25.12.2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 ონლაინ გამოცემაში ინფორმაციის განთავსების მომსახურება შეიძინა, რისთვისაც ჯამში 21 609 ლარი გადაიხადა. ამ გამოცემებში ცესკოს დაფინანსებით მეტწილად საარჩევნო სამზადისისა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქვეყნდებოდა მასალები. თუმცა, იყო რამდენიმე სხვა ტიპის სტატიაც, მაგალითად, ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ცესკოს გადაწყვეტილებების გამართლებას ისახავდა მიზნად და დადებით კონტექსტში წარმოაჩენდა.

ცესკოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მედიაჩეკერმა 28-ვე პლატფორმა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ 15-მა გამოცემამ დაფინანსებული სტატიები როგორც სარედაქციო მასალები ისე გამოაქვეყნა და რიგითი მკითხველისთვის უცნობი დარჩა, რომ სინამდვილეში ინფორმაცია თანხის სანაცვლოდ გავრცელდა. დანარჩენი 13 მედიასაშუალებიდან რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი ყველა სტატიას არ აქვს, მაგრამ გამოცემებში ამბობენ, რომ ცესკოს დაკვეთით გამოქვეყნებულ ყველა სტატიას შესაბამისი მინიშნება დაურთეს, რასაც ამგვარი ნიშანი არ აქვს მათი ჟურნალისტის მიერ სარედაქციო გადაწყვეტილების შესაბამისად არის მომზადებული და ცესკოს  არასწორი მონაცემები აქვს. 

ვინ იყო კონკრეტული სტატიის დამფინანსებელი 28-დან მხოლოდ ერთმა გამოცემამ, On.ge-მ მიუთითა. დანარჩენ შემთხვევაში მასალების დამკვეთი მკითხველისთვის უცნობი რჩება. ასეთია მაგალითად On.ge-ს მიერ16 და 18 ნოემბერს გამოქვეყნებული ორი სტატია: „გია აბაშიძე: საერთაშორისო დამკვირვებლებისა და NGO-ების შეფასებით, ცესკო მოქმედებს კანონის ფარგლებში“, და “ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციას ცესკოს დისკრედიტაცია არჩევნების დელეგიტიმაციისათვის სჭირდება“.

ამ სტატიებში ანალიტიკოსები ეხმაურებიან ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას შუა კვირაში არჩევნების დანიშვნის თაობაზე და ამბობენ, რომ ამით ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობაში ხელი არ შეეშლებათ. მათივე მოსაზრებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მხოლოდ ცესკოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მსგავსი შინაარსის სტატიები გვხვდება სხვა ვებსაიტებზეც: itv.ge, primetime.ge, ipress.ge, for.ge, info9, kvira.ge, newposts.ge, pia.ge, reportiori.ge, droni.ge, newspress.ge, qartuliazri.ge, presa.ge და არცერთ მათგანს სარეკლამო ნიშანი (R, NS ან რუბრიკა რეკლამა) არ აქვს დართული.

მეორე ტურის თარიღი ცესკომ 14 ნოემბერს გამოაცხადა, ექსპერტების მოსაზრებები კი მედიებში 16, 18 და 19 ნოემბერს გამოქვეყნდა.

სარეკლამო შეთანხმება

ზემოთ ჩამოთვლილი გამოცემები იმ მედიასაშუალებების სიაშია, რომლებზეც არჩევნების მეორე ტურის წინ ცესკოს მიერ დაფინანსებული მასალები უნდა გამოქვეყნებულიყო. ინფორმაციის განთავსების მომსახურება ცესკომ გამარტივებული შესყიდვის წესით “კლიპ-არტისგან” შეიძინა.  შპს “კლიპ-არტი” შუამავალი სარეკლამო კომპანიაა და მომხმარებლებს სხვადასხვა მედიასაშუალებაში სარეკლამო მასალების განთავსების მომსახურებას სთავაზობს. შპს “კლიპ-არტთან” 16 299 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ,  ცესკომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნამდე ორი დღით ადრე, 2018 წლის 12 ნოემბერს გააფორმა.  ხელშეკრულების მიხედვით, ონლაინ გამოცემებში მასალები 12 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში უნდა გამოქვეყნებულიყო.

                                                                                        
     პლატფორმების ჩამონათვალი და მათთვის გადახდილი თანხა (სქრინშოთი ხელშეკრულებიდან)
alt                                                  

იმავე დღეს ცესკომ კონკრეტულად ipn.ge-ზე ინფორმაციის განსათავსებლად, 5310 ლარის ღირებულების ხელშეკრულება „პალიტრამედია“ ჰოლდინგის სარეკლამო კომპანია „ედლაინთანაც“ გააფორმა.

ცდომილება გამოქვეყნებულ მასალებში

28 გამოცემას შორის 7 რეგიონული საინფორმაციო სააგენტოა. მათ "კლიპ-არტი" საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის მეშვეობით დაუკავშირდა. იმის გადასამოწმებლად თუ რამდენად კეთილსინდისიერად აქვეყნებდნენ გამოცემები , მიჯნავდნენ თუ არა სარედაქციო მასალისგან  დაფინანსებულ სტატიებს, “მედიაჩეკერმა” გამოქვეყნებული მასალების ბმულები გამოითხოვა ცესკოდანაც და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისგანაც.

ცესკოს მიერ “მედიაჩეკერისთვის” მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 12 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში აღნიშნულ 28 პლატფორმაზე ჯამში 343 მასალა გამოქვეყნდა. ამ მასალების ბმულები  შუამავალმა კომპანიამ, “კლიპ-არტმა” მიაწოდა ცესკოს.

alt
“მედიაჩეკერმა” ყველა ბმული გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ გამოქვეყნებულ სარეკლამო მასალებსა და ცესკოსთვის შუამავალი ორგანიზაციების მიერ გაგზავნილ სტატიების ბმულებს შორის გარკვეული ცდომილებაა.

მაგალითად, 343-დან 33 სტატია ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში, 12 ნოემბრამდეა გამოქვეყნებული. გარდა ამისა, ცესკოს მიერ მოწოდებულ სტატიებს შორის არის ისეთი მასალებიც, რომლებიც კონკრეტულმა მედიამ თავად მოამზადა. ასეთია, მაგალითად, ონლაინ გამოცემა On.ge-ს მიერ მომზადებული ახალი ამბავი -  “ცესკო: მეორე ტურში ამომრჩეველთა 56,23%-მა მიიღო მონაწილეობა”. On.ge-ს რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი ამბობს, რომ მათ ცესკოს დაფინანსებით მხოლოდ ზემოთ დასახელებული ორი სტატია გამოაქვეყნეს. იგივე ტიპის შემთხვევები სხვა მედიებთანაც გამოიკვეთა.

რატომ არის ამგვარი ცდომილებები “მედიაჩეკერმა” გადამოწმება “კლიპ-არტთან” სცადა, თუმცა, კომპანიის წარმომადგენელმა დიმიტრი ტიკარაძემ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.

გამოქვეყნებული სტატიები რეკლამის ნიშნით ან მის გარეშე

იმ შეუსაბამობების გამო, რაც გამოქვეყნებულ მასალებსა და ცესკოსთვის გაგზავნილ მონაცემებშია, რთულია იმის გადამოწმება, რომელი მედია როგორ მიჯნავდა სარეკლამო და სარედაქციო მასალებს. ასეთი სირთულე იმ  გამოცემებთანაა, რომლებმაც მასალების ნაწილს დაურთეს რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი და ნაწილს - არა.  ამგვარ მედიასაშუალებებთან ინტერვიუს დროს გაირკვა, რომ ცესკოსთვის “კლიპ-არტის” მიერ გაგზავნილ მასალებში რედაქციების მიერ მომზადებული არასარეკლამო მასალების ბმულებიცაა. სტატიების უმეტესობა ცესკოს პრესრელიზების მიხედვითაა მომზადებული და შეეხება იმას თუ როგორ მიდის საარჩევნო მზადება, რამდენი საარჩევნო უბანი იხსნება, როგორია ამომრჩეველთა აქტივობა არჩევნების დღეს და ა.შ. როგორც რედქტორები ამბობენ, ეს ჩვეულებრივი ახალი ამბებია, რასაც მათი ჟურნალისტები ამზადებნენ და ეს ვერანაირად ვერ მოხვდებოდა რეკლამაში.

ასეთი შემთხვევა 9 მედიასაშუალებასთან გამოიკვეთა. "მედიაჩეკერი” ყველა მათგანს ესაუბრა. ტაბულაში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ მათ ცესკოს დაფინანსებული მხოლოდ ორი სტატია გამოაქვეყნეს, დანარჩენი მასალები კი მათი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ახალი ამბები იყო (ცესკოს სიაში ტაბულას 10 მასალაა). გარდა ამისა, "ტაბულას" რედაქტორი, სალომე უგულავა ამბობს, რომ მათ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში არავისთვის გაუგზავნიათ. 

რაც შეეხება დანარჩენ გამოცემებს, ცესკოს მიერ გამოგზავნილი მონაცემებით ასეთი ვითარებაა:

Ipn.ge - 14-დან სარეკლამო ნიშანი მითითებული აქვს 4-ს;
Pia.ge - 17-დან 1-ს;
Speqtri.ge - 14-დან 2-ს;
Expressnews.com - 16-დან 8-ს;
Livepress.ge - 9-დან 3-ს;
Accentnews.ge - 10-დან 1-ს;
Psnews.ge - 14-დან 1-ს;
Fax.ge - 13-დან 6-ს;

ყველა ამ გამოცემაში, Psnews.ge -სა და Pia.ge -ს გარდა,  "ტაბულას" მსგავსად, მედიაჩეკერს” უთხრეს, რომ ისინი ყველა სარეკლამო მასალას შესაბამის განყოფილებაში ან აღნიშვნით აქვეყნებდნენ და ცესკოსთვის გაგზავნილ სტატიებში მათი ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალებია მოხვედრილი. 

 “საქმე ისაა, რომ ცესკო-ს დაკვეთა ხშირ შემთხვევაში მოიცავდა ისეთ ინფორმაციას, მაგალითად, როგორიცაა ამომრჩევლის აქტივობა რომელიმე კონკრეტული საათისთვის, რაც საზოგადოების ინტერესსაც წარმოადგენდა. ამიტომ ვიდრე დამკვეთი როგორც რეკლამას ისე გამოგვიგზავნიდა მეილზე, ჩვენი ჟურნალისტები ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას უფრო ოპერატიულად აშუქებდნენ. შესაბამისად, როგორც ახალ ამბავს, მას R ვერ ექნებოდა”, - ამბობს spetqri.ge-ს რედაქტორი ნატალია ბარბაქაძე.

Psnews.ge-ს გამომცემელმა ნატო გუბელაძემ “მედიაჩეკერს” განუცხადა, რომ ამ შემთხვევაში ადმინისტრატორის შეცდომასთან გვაქვს საქმე: “ჩვენი პრინციპი არის რეკლამისა და ჩვენ მიერ მომზადებული სტატიის გამიჯნვა და რუბრიკა "რეკლამით" გამოქვეყნება.  ამ შემთხვევაში მოხდა ადმინის შეცდომა და როცა თქვენ შენიშნეთ ეს და მიგვითითეთ, შევასწორეთ”. 

Pia.ge -ში გვითხრეს, რომ სარედაქციო და სარეკლამო მასალებს ყოველთვის მიჯნავენ, თუმცა, მას შემდეგ რაც ცესკოსგან გამოგზავნილი ბმულები ვუჩვენეთ, რომლის მიხედვით 17-დან მხოლოდ 1 მასალას აქვს მითითებული რეკლამა, ჩვენს კითხვებს აღარ უპასუხეს. 

დარჩენილი გამოცემები იმის მიხედვით, ვინ უთითებდა სტატიას რეკლამას და ვინ არა, ცესკოსგან მიღებული მონაცემებით, ასე ჯგუფდება:

- გამოცემები, რომლებმაც ყველა მასალას მიუთითეს

On.ge
Gurianews.com
Sknews.ge
Newpress.ge

- ვებსაიტები, რომლებსაც არცერთი სტატიისთვის არ მიუთითებიათ რეკლამა 

Info9.ge
Kvira.ge
Itv.ge
For.ge
Ipress.ge
Qartli.ge
Newposts.ge
Reportiori.ge
Qartuliazri.ge
Primetime.ge
Medianews.ge
Newspress.ge
Presa.ge
Droni.ge
Guriismoambe.com


სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპის თანახმად, გამოცემებმა სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გამიჯნონ მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.

ერთ-ერთი საქმე, რომელშიც განმცხადებელი მეცხრე პრინციპის დარღვევაზე ჩიოდა, ქარტიის საბჭომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს განიხილა. საქმე ეხებოდა primetime-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც მომზადებული იყო როგორც სარეკლამო მასალა, თუმცა, შესაბამისი აღნიშვნა არ ჰქონდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან სადავო სტატიაში არ იყო მინიშნება, რომ იგი იყო სარეკლამო, ქარტიის მე-9 პრინციპის დარღვევა დადგინდა.

სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა რომ პრობლემაა, ეს წინასაარჩევნოდ ონლაინ მედიის მონიტორინგის ანგარიშშიცა აღნიშნული.

“ქართული ონლაინ მედიის უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან. შესაბამისი მითითების გარეშე გამოქვეყნებული სტატიები სისტემატურად გვხვდებოდა მონიტორინგის სამივე წლის განმავლობაში”, - ვკითხულობთ მედიამონიტორინგის 2016-2018 წლების ანგარიშში.

სარეკლამო მითითების გარეშე გამოქვეყნებული ექსპერტების მოსაზრებები


თეგები : სარეკლამო მასალები ;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ