ცილისწამების კანონი - თემა, რომელიც პირველმა არხმა ტელეეთერით არ გააშუქა
18.01.2019

11 იანვარს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ მისი ადმინისტრაცია ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს. ამ თემას პრეზიდენტი თავდაპირველად საახალწლო გამოსვლაში 31 დეკემბერს შეეხო. სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებაზე ისაუბრა საქართველოს პატრიარქმაც თავის საშობაო ეპისტოლეში. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ამ თემის აქტუალიზების კონკრეტული მიზეზი სასულიერო თუ საერო ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, თუმცა პრეზიდენტისა და პატრიარქის მსგავსად, კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი აქცენტს ცილისწამებისათვის კანონის გამკაცრებაზე აკეთებდა, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელებით მძიმე შეურაცხყოფისა და ბილწსიტყვაობის გამოყენებაზე, კახი კალაძემ კი ყალბი ახალი ამბების გავრცელებაზე. ოფიციალურმა პირებმა ასევე ახსენეს, რამდენიმე თვის წინ, საფრანგეთში მიღებული ახალი კანონიც, რომელსაც, რეალურად, ცილისწამებასთან არავითარი კავშირი არ აქვს და სინამდვილეში, ის წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შეეხება.

ოფიციალური პირების მიერ მსგავსი ინიციატივების გაჟღერებას მალევე მოჰყვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების რეაგირება. კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან 2 დღეში განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს კერძო და საჯარო პირებისათვის ცილისწამებისათვის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. „ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“ , - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზე მუშაობის დაწყებაც დაანონსდა, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ შეეხება საქართველოში მომუშავე მედიასაშუალებებს. როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება შესაძლოა პირდაპირ აისახოს სიტყვის თავისუფლებაზე. სიტყვის თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიების გაუარესება კი, შეიძლება ითქვას, პირდაპირ უკავშრდება ჟურნალისტების საქმიანობასა. საინტერესოა, რამდენად დაინტერესდნენ წამყვანი ტელემედიები ამ თემით და შეეცადნენ თუ არა ისინი, რომ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, მოსახლეობისათვის მეტ-ნაკლებად ამომწურავად მიეწოდებინათ ინფორმაცია სავარაუდო საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ ცვლილებებით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე.

ტელეკომპანია „იმედმა“ აღნიშნულ თემას საკუთარ საინფორმაციო გამოშვებებში ყურადღება ორი დღის განმავლობაში, 13 და 14 იანვარს დაუთმო. 13 იანვარს, ტელეკომპანიის 14:00 და 17:00-საათიან გამოშვებებში გავიდა მოკლე კადრ-სინქრონი, სადაც საუბარი იყო ზემოთნახსენებ განცხადებაზე, რომელიც კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის გაავრცელა. სინქრონებში საუბარი იყო არასამთავრობოთა მიერ მეტი განმარტების მოთხოვნაზე ამ საკითხზე და პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე.

14 იანვარს, იმედმა ეს თემა „ქრონიკის“ თითქმის ყველა გამოშვებაში გააშუქა 11:00 საათიდან 20:00-საათიანი გამოშვების ჩათვლით. დღის გამოშვებებში აქცენტი კეთდებოდა, რომ კანონმდებლობის გამკაცრებაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებდა. ასევე, საინფორმაციო გამოშვებებში აღნიშნული იყო, რომ კანონზე მსჯელობაში მთავრობა არასამთავრობოთა ჩართვას გეგმავს და რომ არ მოხდება აღნიშნული კანონის კოპირება რომელიმე ქვეყნის გამოცდილებიდან. დღის გამოშვებებში, ასევე აღნიშნული იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა წარმომადგენლის აზრით, ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონზე უარი უნდა თქვას. როგორც დღის, ასევე საღამოს გამოშვებაში, სადაც ამ თემაზე ვრცელი სიუჟეტი მომზადდა, ტელეკომპანიამ ამბის თითქმის ყველა მხარეს დაუთმო დრო და მაყურებელს მიაწოდა როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობოებისა და ოპოზიციის შეფასება. მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტში აქცენტირებული იყო, რომ მესამე სექტორი და ოპოზიცია ამ საკანონმდებლო ინიციატივაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავს, ხოლო მთავრობა გამორიცხავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას და ოპოზიციას მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ამ თემაზე მოგვიანებით კი, ასევე განმარტება გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდანაც.

ამ თემის გაშუქებას საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო რუსთავი 2-მაც 13 იანვრის „კურიერის“ ყველა გამოშვებაში. დილიდან მოყოლებული, საინფორმაციო გამოშვება, საკმაოდ ვრცელ ჩართვებსა და სიუჟეტებს უძღვნიდა ცილისწამების შესახებ კანონის შესაძლო გამკაცრებას. „კურიერში“ გასულ სიუჟეტებში უფრო მეტად იყო აქცენტირებული საფრთხე, რომელიც შესაძლოა ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვიოს. ნახსენები იყო როგორც პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა, ასევე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე. „კურიერმა“ დიდი დრო დაუთმო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეფასებებს. ასევე იყო ხელისუფელბის წარმოამდგენლების კომენტარებიც. მართალია ტელეკომპანიას არ ჰქონია კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თუმცა კურიერში გავიდა კახა კალაძისა და უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის კომენტარები.

საერთო ჯამში, როგორც რუსთავი 2-ის, ისე იმედის მაყურებელი მიიღებდა მეტ-ნაკლებად ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე დებატის შესახებ. სამი წამყვანი ტელეარხიდან ერთადერთი, რომელმაც ცილისწამების კანონმდებლობის შესაძლო გამკაცრებისა და თანმდევი პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იყო. 12-15 იანვრის შუალედში არხზე მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ მოხვდა ეს თემა. 14 იანვარს, მოამბის 12:00-საათიან გამოშვებაში გავიდა რამდენიმეწამიანი სინქრონი, რომელიც შეეხებოდა კახი კალაძის შეფასებას ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის სავარაუდო გამკაცრებაზე. დანარჩენ დღეებსა და გამოშვებებში, არხს არ გაუწევია ძალისხმევა საიმისოდ, რომ მოეხდინა მაყურებლების ინფორმირება მიმდინარე დებატის შესახებ. პირველ არხს არ გაუშუქებია არც კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება და არც რომელიმე მხარე, რომელიც პრობლემურად ხედავს ცილისწამების კანონმდებლობის სავარაუდო გამკაცრებას.

გარდა ამისა, მედიაჩეკერმა გადაამოწმა პირველი არხის ვებ-გვერდზე ამ თემაზე გამოქვეყნებული ნიუსები. ძიების ველში სიტყვა „ცილისწამებაზე“ 12-15 იანვრის პერიოდში მხოლოდ 4 ნიუსი იძებნება. ამათგან 3 ნიუსი შეეხება მთავრობის წარმომადგენლების (ირაკლი კობახიძე, კახი კალაძე, სოფიო კილაძე) განმარტებებს, რომ საჭირო არის ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება და რომ ისინი მიესალმებიან კანონის გამკაცრებას, თუმცა სიტყვის თავისუფლების სტანდარტმა არ უნდა დაიწიოს. ამ პერიოდში გამოქვეყნებული 1 ნიუსი კი შეეხება ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებას, რომლის მიხედვითაც ცილისწამების კრიმინალიზება არ უნდა მოხდეს, თუმცა ე.წ. ფეიკ ნიუსების წინააღმდეგ აუცილებელია კანონის მიღება. პირველი არხის გვერდზე ასევე იძებნება 16 იანვარს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას გაკეთებული განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრება საჭირო არ არის.


თეგები : გამოტოვებული თემები;
ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ