23 იანვარს “კურიერის” მთავარ გამოშვებაში გავიდა ექსკლუზიური
მასალა ბრიტანეთის პოლიციის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით
ძებნილი, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ჯეკ შეფარდის შესახებ.
აღმოჩნდა, რომ იგი საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში
ცხოვრობდა და სახელმწიფო საზღვარიც ისე გადმოკვეთა, რომ ქართველი
სამართალდამცველების მხრიდან პრობლემა არ შექმნია.
როგორც "რუსთავი 2" იუწყება, ინტერპოლის მიერ ძებნილი
მამაკაცი ქართველ სამართალდამცველებამდე ადრე ტელეკომპანია რუსთავი
2-მა იპოვა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაწერა. ჯეკ შეფარდი
ქართულ პოლიციას “რუსთავი 2-ის” კამარების თანდასწრებით ჩაბარდა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პოლიციაში მისული ჯეკ შეფარდი ქართველმა
სამართალდამცველებმა ვერ იცნეს და მისი ვინაობა საძიებო სისტემის,
გუგლის მეშვეობით გადაამოწმეს.
სიუჟეტის ეთერში გასვლის მეორე დღეს, 24 იანვარს, ამბავი ყველა
მედიასაშუალების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა, თუმცა, ის საზოგადოებრივი
მაუწყებლის დღის მთავარ გამოშვებაში ვერ მოხვდა.