ფოტოები, პირადი ცხოვრების დეტალები, იდენტიფიცირება - ცოლის დაჭრის თემის გაშუქება მედიაში
26.03.2019
24 მარტს ხაშურში კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. ეს ამბავი, მედიის ნაწილისთვის, 24 და 25 მარტს, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გამოცემების ნაწილმა ამბავი ზედაპირულად, სენსაციურ ჭრილში გააშუქა, გამოაქვეყნა მსხვერპლისა და ბრალდებულის ფოტოები, გაასაჯაროვა მათი ვინაობები და ნაცნობ-მეგობრებზე დაყრდნობით მოყვა დეტალებს ცოლ-ქმრის ურთიერთობიდან. გარდა ამისა, რამდენიმე საიტმა ჩადენილის სავარაუდო მოტივიც დაასახელა, რაც დანაშაულის გამართლების შთაბეჭდილებას ტოვებს.

მომხდარი მთავარი თემა იყო მაუწყებლებისთვისაც. „რუსთავი 2-მა“ ამბავს დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 5 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. ამბის გაშუქებისას ფოკუსი არა პრობლემასა და პრევენციაზე მსჯელობა, არამედ ამბის სენსაციურობა და დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივები იყო. სიუჟეტში ბრალდებულიც და მსხვერპლიც იდენტიფიცირებულია. ასევე, აჩვენეს ახლობლები, რომლებიც ცოლ-ქმრის პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობენ.

გარდა ამისა, ჟურნალისტი ამბობს, რომ ბრალდებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, სიუჟეტში არ ჩანს წყარო, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა ან თუნდაც ეჭვს გამოთქვამდა. შესაბამისად, უცნობია, რაზე დაყრდნობით აკეთებს მსგავს განცხადებას ჟურნალისტი.

„რუსთავი 2-ის” სიუჟეტი მალევე გაავრცელეს გვერდებმა palitravideo.ge, kvirispalitra.ge და vanoggg.ge.

“იმედმა” ამბავი კადრ-სინქრონად გააშუქა და მაყურებელს მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო. წამყვანის სიტყვის პარალელურად, კადრში ბრალდებულის და მსხვერპლის ფოტოებს აჩვენებდნენ.

იდენტიფიცირებას და ფოტოების გამოქვეყნებას არც შემდეგი გამოცემები მორიდებიან: dianews.ge, resonancedaily.com, newposts.ge, alia.ge, sarkenews.ge, primetime.ge, cyc.ge, kvira.ge, paqtebi.ge, presa.ge, akhalitaoba.ge, digest.pia.ge, news.coa.ge, info7.ge და marshalpress.ge. არცერთ ამ გამოცემას, ისევე როგორც “იმედსა” და “რუსთავი 2-ს”, არ გაუთვალისწინებია მსხვერპლისა და ბრალდებულის მცირეწლოვანი შვილების ინტერესები.

“რუსთავი 2-ის” მსგავსად, დანაშაულის მოტივსა და ბრალდებულის მდგომარეობაზე ზემოთჩამოთვლილი გამოცემების ნაწილმაც დაწერა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მედიამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას და ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ.

„მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და აშ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არც სამედიცინო დასკვნა და არც სხვა ოფიციალური ცნობა, გამოცემები ერთ-ერთ ადგილობრივზე დაყრდნობით წერენ, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით კი, მსგავსი ამბების გაშუქებისას განსაკუთრებით დაუშვებელია პირის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ხსენება.

„კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან ჰქონიათ პრობლემები”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

თეგები : ბავშვთა საკითხები; ტრაგედიების გაშუქება ; პირადი ცხოვრება;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ