განახლება: მასალის თავდაპირველ
ვერსიაში, რომლის სათაური იყო: ISFED-ის ანგარიში ია
კერზაიას საქმეზე იმედისა და პირველი არხის მთავარ გამოშვებებში არ
მოხვდა - საუბარი იყო იმაზე, რომ ანგარიშის შესახებ
ინფორმაცია არც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა. თუმცა,
განმეორებითი გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო
გამოშვების ბოლოს, 47-ე წუთზე, ია კერზაიას საქმის შესახებ ამბავი
კადრ-სინქრონად გავიდა.
ამბის მთავარი აქცენტი იყო ის, რომ ფრაქცია "ევროპული საქართველო" ია
კერზაიას საქმეზე პარლამენტში გენერალურ პროკურორს და განათლების
მინისტრს იბარებს. აქვე თქვეს, რომ ორგანიზაციაში "სამართლიანი
არჩევნები" მიიჩნევენ, რომ სკოლის ინსპექტრიება ია
კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.
პარლამენტის თავმჯდომარე კი ორგანიზაციის დასკვნას უპასუხისმგებლოს
უწოდებს".
მედიაჩეკერი ბოდიშს იხდის უზუსტობისთვის.
-------
26 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და
დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) ანგარიში წარადგნია,
რომელიც გასულ წელს განათლების სამინსიტროს მიერ საჯარო სკოლებში
ჩატარებულ ინსპექტირებებს ეხებოდა.
ანგარიშში სახელწოდებით - “ინსპექტირება, როგორც სადამსჯელო
ღონისძიება ზუგდიდის მე6-ე საჯარო სკოლაში”, ვკითხულობთ, რომ
განათლების სამინისტრომ 2018 წელს სკოლებში სულ შვიდი ინსპექტირება
ჩაატარა, მათგან ექვსი ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და
მეორე ტურებს შორის პერიოდში. მათ შორის იყო ზუგდიდის მე-6 საჯარო
სკოლაც, რომლის დირექტორზეც, ია კერზაიზე, სავარაუდოდ ზეწოლა
განხორციელდა. მას საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ
მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას
სთხოვდნენ. კერზაიას ოჯახის განცხადებით, მან ზეწოლას ვერ გაუძლო და
ინსულტის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში
გარდაიცვალა.
ISFED-ის განმარტებით, 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის მე-6 საჯარო
სკოლაში ჩატარებული ინსპექტირება ეჭვებს აღძრავს იმის თაობაზე, რომ
ინსპექტირების მექანიზმი საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიტიკური
მიზნით იყო გამოყენებული. ამასთან, ორგანიზაციისავე განცხადებით,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური
ნიშნით ზეწოლას და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
ეს ამბავი გაშუქდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის”, tv პირველისა და
საზოგადოებრივი მაუწყებლის 26 მარტის მთავარ გამოშვებებში, იმედმა
კი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა.