ყალბი ამბების გარეშე არც მარტს ჩაუვლია. განსხვავებით მიმდინარე
წლის წინა თვეების, იანვრისა და თებერვლისგან, ამჯერად უკვე ამბის
წყაროებად დამონტაჟებული ფოტო/ვიდეო მასალები გამოჩნდა.
შეიცვალა თემატიკაც და საფრთხეც, რასაც ეს ამბები შეიცავდა - მარტში
გავრცელებული ყველაზე პოპულარული ხუთი ყალბი ამბიდან სამი იმგვარი
შინაარსის იყო, რომ ქსეონოფობიურ დისკუსიას ახალისებდა, მათგან ერთს
მოჰყვა კიდეც საპროტესტო აქცია.
„შალახოს“ მოცეკვავე ბრალდებული, უცხოპლანეტელის მუმია, სომხების
ეროვნულ-კულტურული ავტონომია აფხაზეთში, ქართველების შეურაცხმყოფელი
ირანელი რეპერი და გერმანელი ენათმეცნიერი - მედიაჩეკერი 5 ყალბი
ამბავს გთავაზობთ, რომლებიც მარტის თვეში ონლაინ გამოცემებსა და
სოციალურ ქსელში გადამოწმების გარეშე, ნამდვილ ამბად გავრცელდა.
„სომხებმა აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომია შექმნეს“, - ამ
სათაურით იდენტური შინაარსის სტატიები „რეზონანსმა“ და „ინფო9-მ“ 10 მარტს გამოაქვეყნეს.
ორივე გამოცემა მკითხველს ამცნობდა, რომ აფხაზეთიდან ქართული
მოსახლეობის განდევნის შემდეგ სომხები უმრავლესობას წარმოადგენენ და
ეროვნულ-კულტურული ავტონომიიისთვის გულრიფშის, ოჩამჩირისა და
ტყვარჩელის რაიონებს ითხოვენ. გამოცემები ინფორმაციის წყაროდ
ულტრანაციონალისტურ ფეისბუკ გვერდ „იბერიულ ერთობას“ უთითებდნენ.
(აღნიშნული გვერდი ამ დროისთვის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.)
ინფორმაცია "ნეტგაზეთმა" გადაამოწმა და
აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი არ დასტურდება.
სომხების მიერ აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნის
შესახებ ყალბი ინფორმაცია გასულ წლებშიც აქტიურად ვრცელდებოდა.
მაგალითად, ინტერნეტ სივრცეში დღემდე იძებნება სხვადასხვა
ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიები 2016 და 2017 წელს.
მარტში ყველაზე დიდი პოპულარობით მაინც „შალახოს“ მოცეკვავე
ბრალდებულის ვიდეო სარგებლობდა, რომელიც ლოს ანჯელესში ჩატარებული
ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებს ასახავდა. ვიდეომასალა, რომელიც
სოციალური ქსელის მომხმარებელმა დაამონტაჟა და ბრალდებულის მოძრაობებს
ქართული ნაციონალური ცეკვის “შალახოს” მელოდია დაადო, მალევე
გავრცელდა ონლაინ მედიაში. გამოცემების ნაწილი მკითხველს ამცნობდა,
რომ ვიდეო დამონტაჟებული იყო და საქართველოსთან არანაირი კავშირი არ
ჰქონდა, ნაწილი კი ნამდვილ ამბად სთავაზობდა მკითხველს და ამტკიცებდა,
რომ ბრალდებული ქართველი იყო.
„ლოს ანჯელესში ქართველმა დაკავებისას “შალახო” იცეკვა“ - ამ სათაურით
დამონტაჟებული ვიდეო გაავრცელეს საიტებმა iTV.ge, droni.ge, geomediapress.ge, akhalitaoba.ge, newweb.ge .
კიდევ ერთი დამონტაჟებული ვიდეო, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა
საზოგადოების ნაწილი, 28 მარტს გავრცელდა. ირანელი რეპერის ამირ
თათალუს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამოსვლის არასწორი თარგმანით გატიტრული
ვიდეო ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების საპროტესტო აქციის
მიზეზიც გახდა.
დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში თავდაპირველად გვერდმა
„აინიუსმა“ გაავრცელა. შემდეგ კი გადამოწმების გარეშე გამოქვეყნდა
საიტებზე: mediamall.ge, intermedia.ge, geotimes.ge,
marshalpress.ge, infopostalioni.com, reitingi.ambebi.ge, alia.ge,
artinfo.ge. გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ირანელმა რეპერმა ამირ
თათალუმ ქართველებს „უდიდესი შეურაცხყოფა“ მიაყენა და უცენზუროდ
მოიხსენია. გამოქვეყნებულ მასალებს ქსეონოფობიური შინაარსის,
სიძულვილის ენის შემცველი დისკუსია მოჰყვა.
სხვადასხვა ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელსში ვირუსულად გავრცელებულ
ვიდეოს გამოეხმაურა აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე. მან ფეისბუკის
პირად გვერდზე დაწერა, რომ ირანელი მომღერლის მიმართვა არასწორად იყო
თარგმნილი.
გერმანელ ენათმეცნიერ იოსტ გიპერტსაც ის დააბრალეს, რაც მას არ
უთქვამს. „ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია. მათ ბუნებრივად აქვთ
მოთხოვნილება უფრო დიდი ერების მონობისკენ. ეს ვლინდება ყველაფერში.
მაგალითად, ერი, რომელსაც საკუთარი ენა და სამი ანბანი აქვს,
დამოუკიდებლობის შემდეგაც გზებსაც კი უცხო ენაზე ნიშნავს. მე ასეთ
ფენომენს კოლონიურ ქვეყნებში ვხვდები - ინდოეთში, აფრიკაში" , -
Presa.ge, Progressnews.ge, Geotimes.ge და For.ge წერდნენ, თითქოს ეს
სიტყვები გერმანელმა ენათმეცნიერს, კავკასიოლოგსა და ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორ იოსტ გიპერტს ეკუთვნოდა.
აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ იოსტ გიპერტს საერთოდ არ უთქვამს.
"მედიაჩეკერთან" საუბრისას, გერმანელმა პროფესორმა მისი სახელით
გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. იოსტ გიპერტმა მის
შესახებ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სასამართლოში
ჩივილიც გადაწყვიტა.
18 მარტს გამოცემა pia.ge-ის გვერდზე გავრცელდა
დეზინფორმაცია ეგვიპტეში უცხოპლანეტელის მუმიის აღმოჩენის შესახებ.
ამბავს ყალბი ფოტო ერთვოდა.
Pia.ge გამოცემა Newsinstact-ზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ
უცხოპლანეტელის მუმია 2300 წლის არის. არქეოლოგებმა ასევე ათობით
მუმიფიცირებული არსება აღმოაჩინეს და მუმიების დიდ ნაწილს მოგრძო
ტიპის ქალა აქვს.
ინფორმაცია "მითების დეტექტორმა" გადაამოწმა.
„Pia-ს მიერ მითითებული წყარო Newsinstact.com არის ვებ-გვერდი,
რომელიც უცხოპლანეტელებისა და მფრინავი თეფშების შესახებ სხვადასხვა
გამოგონილ ამბებზე წერს. ფოტო, რომელიც ინფორმაციას ერთვის,
დამუშავებულია. რეალურად, მუმია ეგვიპტის უძველესი ქალაქის მემფისის
ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ძვ. წ მე-7-4 საუკუნეში ამ ქალაქის
მმართველ ფენის წარმომადგენელს ეკუთვნის“, - ნათქვამია "მითების
დეტექტორის" სტატიაში.
Pia.ge-ზე დაყრდნობით, იდენტური ყალბი მასალა brandnews.ge-მაც
გამოაქვეყნა.