22.05.2019
ეთიკური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, ასეთ დროს მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს პრობლემაზე, იმ გარემოებებზე, რაც ასეთ ტრაგედიას იწვევს და ნაკლებად ფოკუსირდეს მედია კონკრეტულ პირთა პირად ცხოვრებაზე.
ბავშვთა საკითხების გაშუქების წესების მიხედვით დაუშვებელია ბრალდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება. აქ იგულისხმება ვინაობის როგორც პირდაპირ, ისე ირიბად გამჟღავნება. გარდა ამისა, მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა გაანალიზოს:
- ამ დეტალების გარეშე შეძლებთ თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენა?
- რა დამატებით ინფორმაციას იძლევა მასალა?
- რა ზიანს მიიღებს პირი მისი პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებით?
- გამოქვეყნებით დაკმაყოფილებული საჯარო ინტერესი გადაწონის თუ არა პირისთვის მიყენებულ ზიანს?
- რა ალტერნატიული ხერხები არსებობს ამბის გასაშუქებლად?
გარდა ამისა, როდესაც არსებობს მძიმე ემოციური ფონი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით რისკის შემცველია. ეს ხელს უწყობს სპეკულაციებს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.