19.09.2019
ასეთი შემთხვევაა რუსთავში, ცხვირის ძგიდის ოპერაციის დროს გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ამბის გაშუქებაც, - მასალებში პრობლემაზე მსჯელობა არა, მაგრამ უხვად ვნახეთ კუბოსთან მყოფი ჭირისუფლების ემოციური კომენტარები და რამდენიმე შემთხვევაში, თავად კუბოში მწოლიარე გოგოც, - სახე დაბლარული კადრით.
კადრებიდან ჩანდა, რომ ჭირისუფლების ჩასაწერად ყველა ჟურნალისტი და ოპერატორი ოთახში, სადაც მიცვალებული ესვენა, ერთად შევიდა. მასალა არ ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ რესპონდენტებს არ სურდათ მომხდარზე საუბარი და მედიას სხვა გზა არ ჰქონდა - სადაც დაელაპარაკნენ, იქ აიღო ინტერვიუ, პირიქით, ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ გარდაცვლილის ახლობლები საუბარს არ გაურბიან და საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებენ (იგულისხმება, სამედიცინო პერსონალისთვის ჩივილი და საქმის გამოძიება).
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი ამბობს, რომ ტრაგედიების გაშუქებისას მედიას ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.
“რატომ იყო აუცილებელი ეჩვენებინათ ასეთი მძიმე, ტრაგიკული კადრები, რა ღირებულების მატარებელი იყო გაურკვეველი და გაუგებარია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ჭირისუფლების გლოვის სცენები, რაც ძალიან მძიმეა თითოეული მაყურებლისთვის და, წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმე იქნება მათი ახლობლებისთვის, ნათესავებისთვის. არსებობს რეკომენდაციები, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, ქარტიის სახელმძღვანელო წესები, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მსგავსი ამბები, რასაც, მედია, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბარში.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსში წერია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა:
“მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა” [მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი35/20].
ნანა ბიგანიშვილი ამბობს, რომ რესპონდენტის თანხმობა ჟურნალისტს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და უნდა დაფიქრდეს, ადამიანების ტანჯვის ჩვენება უფრო მეტი ზიანის მიმტანი ხომ არ შეიძლება რომ იყოს მათთვის.
კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესები, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ არის შემშავებული, უთითებს, რომ დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება, მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე, მიზანშეწონილი არ არის.
ნანა ბიგანიშვილის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა არანაირი დასაბუთება და საზოგადოებრივი ინტერესი, რომ კუბოში მწოლარე მიცვალებულის ფონზე ჩაეწერათ მედიებს ინტერვიუები. იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევების გაშუქებისას ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემის ჩვენებაა.
“რა ღირებულება აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ჩვენებას და ჭირისუფლის დატირების სცენებს? - არანაირი. მედია უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ტრავმირებული დარჩეს საზოგადოება. ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავს სიტუაციაში მედიამ გააშუქოს პრობლემა - რატომ მოხდა ეს ამბავი. თუ სისტემურია პრობლემა, როგორ შეიძლება ეს სისტემა გამოსწორდეს, აჩვენოს პრობლემის მოგვარების გზები”, -გვეუბნება ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.